ბურების მიზიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მათ შორის, აფრიკელ ფერმერებს სპეციალური ინგლისურენოვანი საიტიც გაუხსნეს, სახელწოდებით www.boers.ge. ბურებს საქართველოს შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან, თუ როგორია ჩვენი კლიმატი, ბუნება, სოფლის მეურნეობა, კულტურა, ბიზნესის წარმოება, უსაფრთხოება და სხვა. მეტიც - სამხრეთ აფრიკელ ფერმერებს ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ საქართველოს პრეზიდენტთან კონტაქტზე გასვლა და მისგან ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების გამოთხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელიც 4,1 ათას ბურის ოჯახს აერთიანებს. თურმე ისინი განსაკუთრებით, შირაქისა და ელდარის ნოყიერ მიწებსა და კახეთის მამულებს მოუხიბლავთ.
თავის მხრივ, ქართველი გლეხობა მიიჩნევს, რომ მათ სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში ბურების სახით არავითარი დამკვალიანებელი არ სჭირდებათ და, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვების ჩარევის გარეშე შეეძლო სოფლის მეურნეობაზე ეზრუნა. მოკლედ, მიწათმოქმედ ქართველ გეორგიელებს, ასევე, მიწათმოქმედი ბურების სახით კონკურენტი გაუჩნდათ, რადგან ბური ჰოლანდიურად მიწათმოქმედს (გლეხს) ნიშნავს.
1994 წლამდე, ანუ აპარტეიდის გაუქმებამდე ბურები სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოსგან უზარმაზარ სუბსიდიებს იღებდნენ. (ტერმინი აპარტეიდი "განცალკევებას“ ნიშნავს. ეს სოციალური სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948-1990 წლებში მოქმედებდა. აპარტეიდის ქვეშ რასები დანაწევრებულნი იყვნენ და შავკანიანებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ ე.წ. "თეთრ" სამხრეთ-აფრიკაში,-მ.ნ.). აპარტეიდის დაცემის შემდეგ კი უკვე საპირისპირო პროცესები განვითარდა და შავკანიანებმა ბურების შევიწროება დაიწყეს. ბოლო 17 წლის მანძილზე რასობრივ ნიადაგზე სამი ათასი ბური ფერმერი მოკლეს, რის გამოც ბურები უკვე 22 ქვეყანაში გაიფანტნენ.
ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენტის“ ცნობით, აფრიკაში მიწის რეფორმით შეშფოთებული 40 ათასი ფერმერი ბური ახალ მიწებს ეძებს, რადგან რეფორმა მათ ცხოვრებას კარგს არაფერს უქადის.
„მე არ მინდა საქართველოში ჩასვლა იმისთვის, რომ ამ ქვეყნისგან სამხრეთ-აფრიკის მეორე რესპუბლიკა გავაკეთო. რადგან საქართველოში მივდივარ, ქართველი გავხდები,“ - განაცხადა საქართველში ჩამოსვლის მოსურნე ბურმა ფერმერმა პიტ კემპმა. 40 ათასი ბურის ჩამოსვლას ზოგიერთები 40 ათას ყივჩაღთან აიგივებენ.
ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით პრესაჯი.ტვ ექსპერტებსა და ისტორიკოსებს ესაუბრა. გაირკვა, რომ ამ საკითხთან მიმართებით ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. იგი საქართველოში ბურების დასახლებას ახსნას ვერ უძებნის.
"ბურების ჩამოყვანის ნაცვლად სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად წამოწევა, საკუთარი გლეხების დახმარება არ ერჩივნათ? ბოლოს და ბოლოს, ამდენი უმუშევარი დაესახლებინათ იმ ადგილებში. ვინც შევიფარეთ და ჩამოვასახლეთ, რა მივიღეთ? თავის დროზე, ბურები ევროპელები, ჰოლანდიელები იყვნენ, რომლებიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დასახლდნენ. შემდეგ ევროპელებსა და შავკანიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეტყობა, იქ აღარ ეცხოვრებათ და ახლა სადღაც უნდა დასახლდნენ", - აცხადებს ლორთქიფანიძე.
"რა ამბავია 40 ათასი ბური? საიდან ეს რიცხვი? დავით აღმაშენებლს თუ ედრებიან, დავითის დროს სულ სხვა სიტუაცია იყო. ყივჩაღების სახით, დავითმა მეომარი ხალხი ჩამოასახლა და ისინი გამოიყენა. მოგვიანებით კი კონფლიქტი მოხდა, ყივჩაღების ნაწილი საქართველოდან წავიდა, რაც რუსულ წყაროებშიცაა ასახული. ნაწილი კი ქართულ მიწაზე დასახლდა, გაქართველდა და გაქრისტიანდა”.
ისტორიკოს დიმიტრი შველიძეს 40 ათას ბურზე საუბარი გადაჭარბებულად და არადამაჯერებლად მიაჩნია. “ნამენატია, ათას კაცზეა საუბარი. ასეთი რაოდენობის გადასახლება მსოფლიო ისტორიას თითქმის არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით შაჰ-აბასს. ასე ვრცელდება ჭორი და მერე აღმოჩნდება, რომ 40-ის ნაცვლად 4 ათასი კაცი ჩამოსახლდა. აბა, 40 ათასი კაცი ნახევარი კახეთია,”-აცხადებს ისტორიკოსი.
მისი აზრით, ბურების ჩამოსვლა ცუდი არ იქნება, რადგან ისინი ძალიან
შრომისმოყვარენი არიან. ნიკო ბურის “მოგონებებში” პირდაპირ წერია, რომ ბურები არა მარტო მებრძოლები, არამედ კარგი მიწათმოქმედებიც იყვნენ.
“მათი ჩამოსვლა ჩვენ ვერც გადაგვაგვრებს, ვერც სარწმუნოებას შეგვიცვლის, კარგის მეტს არაფერს გვასწავლიან. დავაცადოთ მოვლენებს, წინასწარ ნუ ავტეხთ ამბავს. ქართველმა მშრომელმა გლეხმა შეიძლება თქვას, მე სოფლის მეურნეობის სწავლა არ მჭირდებაო, მაგრამ უმთავრესად თბილისსა და ზოგიერთ ქალაქში მთელი სოფელი გადმოსახლებულია და სოფლები დაცარიელებულია. სოფლად შრომა არავის უნდა. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ქართველებს ბევრი რამ აქვთ სასწავლი. უნდა შეხედონ, თუ აქ ჩინელები მუშაობენ, მაშინ ქართველებსაც შეუძლიათ მუშაობა. აბა, გაიარეთ კახეთის, ქართლის სოფლებში. ნახევარზე მეტი ქართველი გლეხი უსაქმურად, ბირჟაზე დგას, ქეიფობს, რასაც იშრომებს, იმ დღესვე სვამს. ეს არ არის 21-ე საუკუნის შრომა,”- მიიჩნევს დიმიტრი შველიძე.
ისტორიკოსის აზრით, სოფლის მეურნეობა ასე უცებ არ აღორძინდება, მაგრამ სიმართლეს არც ის შეესაბამება, რომ გლეხს შესაბამისი პირობები არ აქვს. “რაღაცეები კეთდება და მშრომელ კაცს შეუძლია ახლაც, ამ პირობებშიც ბევრი რამ გააკეთოს. ძალიან ცუდი იქნებოდა, ვთქვათ, რომ, გადმოესახლებინათ ავღანელები, რომლებმაც შრომა არ იციან, ან პაკისტანელები. მაგრამ ბურები ეს არის ერთი-ერთი განვითარებული ქვეყნის მშენებელი ხალხი, სამხრეთ აფრიკა განვითარებული ქვეყანაა. ახლა იქ ისინი შევიწროებულები არიან. შესაძლოა, სულ მალე წამოვიდენ იქიდან და მთელ მსოფლოში, აქეთ-იქით გაიფანტონ”.
შველიძის მოსაზრებით, მთელი 200 წლის მანძილზე ქართველები მხოლოდ რუსეთში ჩადიოდნენ, მაშინ, როცა მსოფლიო ისტორიისთვის ხალხთა გადასახლებები ჩვეულებრივი ამბავია. ინგლისელები, ფრანგები თუ გერმანელები გადასახლებებს შეჩვეულნი არიან: “გახსოვთ, გერმანელები რომ ჩამოასახლეს საქართველოში - თეთრიწყაროში, მარნეულში, დმანისში,- ააყვავეს იქაურობა. მერე წავიდნენ. პირადად მე, მათი წასვლის გამო გული დამწყდა. ახლაც რომ ჩახვიდეთ, მათ მიერ აშენებული სოფლები ისე განსხვავდება გარშემო მდებარე ქართული და თათრული სოფლებისგან, გაოცდება ადამიანი”.
ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ჰოლანდიელების შთამომავალი ბურები შესანიშნავი ხალხია.
“სერიოზული მიწათმოქმედები, შეძლებული ხალხია, მაგრამ კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. საერთოდ, ვინ დაადგინა, რომ მაინცდამაინც 40 ათასი ბური ჩამოვა საქართველოში?”-კითხულობს ისტორიკოსი.
სიმონ მასხარაშვილი ეჭვობს, რომ ბურები ჩვენთან კოლოსალური რაოდენობით ჩამოვიდნენ, რადგან სულ 5 მილიონი ბურია მსოფლიოში:
“როგორ წარმოგიდგენიათ, ბურები მათხოვრები ხომ არ არიან? ერთ-ერთი უძლიერესი კაპიტალისტური ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე, საკმაოდ მდიდარი, აიკრავს გუდა-ნაბადს და აქ დიდი რაოდენობით ჩამოვა? გასაგებია, რაც იქ აპარტეიდის რეჟიმი დამთავრდა, შავკანიანმა მოსახლეობამ მოიპოვა არჩევნებში მონაწილების უფლება და პოლიტიკური ხელისუფლება აიღო, მაგრამ დემოკრატია ყველგან დემოკრატიაა. მით უმეტეს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არაა გუშინ გაჩენილი. ზუსტად იმ აფრიკელი მოსახლეობის ლიდერი გახლდათ ძალიან დიდი ჰუმანისტი ნელსონ მანდელა. იმის თქმა, რომ იქ არ დაედგომებათ და აქ გამორბიან, საქართველოში, აბსურდია. იმდენი შესაძლებლობა მაინც აქვთ, რომ თუნდაც უკრაინაში ჩავიდნენ”.
რაც შეეხება იმას, რომ ბურებს შირაქისა და ელდარის ნოყიერი მამულები მოეწონათ და არა უკრაინა, სიმონ მასხარაშვილი გვპასუხობს: ”მიწას ხომ ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს? თუ ჩამოვა, ჩემი აზრით, ინვესტორად ჩამოვა. ჩემი მეგობრებიც კი წავიდნენ სამხრეთ აფრიკაში. მეტიც - ევროპიდან გარბიან აფრიკისკენ. ეთნიკური გერმანელები ტოვებენ გერმანიას და სამხრეთ აფრიკაში საცხოვრებლად მიდიან. ეს არ არის კრიზისული და ჩამორჩენილი ადგილი, არამედ აფრიკის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. 40 ათასი ბური ჩამოდისო, არსად მომისმენია. საკონფლიქტო საქართველოს სამხრეთ აფრიკის თეთრკანიან მოსახლეობასთან არაფერი შეიძლება ჰქონდეს. არ შეიძლება, ამ ხალხმა საქართველო, მისი ეკონომიკა ან ქართველი გლეხი დააზარალოს. იცით, ისინი როგორი ჰოლანდიელები იყვნენ? ჰოლანდიაში მიწა არ იყო, ამიტომ ვისაც მიწათმოქმედება უნდოდა, აფრიკაში წავიდა და დასახლდა, ხელი მოჰკიდა ფერმერობას, მესაქონლეობას”.
ისტორიკოსის აზრით, კაცი თუ ჩამოდის და იჯარით მიწას იღებს, შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახადიც შეაქვს და ინვესტიციას ახდენს.
“მე ჩემს სამშობლოს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ იქიდან თუ ვინმემ იკადრა და საქართველოში ჩამოვიდა, ის ჩამოვა რეზულტატის დასადებად, მეურნეობის განსავითარებლად. საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა არაქართული წარმოშობის მოქალაქეებით. ვისზე ნაკლებია ჰოლანდიური წარმოშობის ბური? პირადად მე, როგორც ისტორიკოსს, ბურებთან საპრეტენზიო ვერაფერი მექნება. ბურების დიდი ნაწილი იყო კათოლიკე. საერთოდ, ჰოლანდიაში გავრცელებული იყო ლუთერანობა და კათოლიციზმი, ალბათ ეს სარწმუნოება ბურებმაც შეინარჩუნეს. რელიგიური შემწყნარებლობით გამორჩეული ხალხი იყო. სადაც მინახავს ბურები, კეთილგანწობილი, კონტაქტური, სტუმარმასპინძლიანი ხალხია, როგორც ყველა ტრადიციული მიწათმოქმედი ერი,” - აცხადებს მასხარაშვილი.
ყივჩაღებისა და ბურების იგივეობას ისტორიკოსი საერთოდ გამორცხავს: “სად მონღოლოიდი ყივჩაღი და სად სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანი ბური? ყივჩაღი დიდი სტეპის მოთარეშე გახლდათ. ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ თურქ-ყივჩაღი დაპირისპირებოდა თურქ-სელჩუკს. ანუ ქრისტიანი თურქი, ამ შემთხვევაში, ყივჩაღი, რომელიც დავით აღმაშენებელმა გააქრისტიანა, დაუპირისპირეს მუსლიმან თურქს. ეს იყო დიდი გეოპოლიტიკური აქცია”.
ისტორიკოსის განმარტებით, მცდარია მოსაზრება, თითქოს, ყივჩაღები ქართლში ჩაასახლეს. მისი ცნობით, ისინი ლორე-ტაშირში დაასახლეს და მათი შთამომავლები სომხებში უფროა საძიებელი, ვიდრე ქართლელებში:
“ახლა ამბობენ, თითქოს ყივჩაღები ქართლში ჩაასახლესო. სინამდვილეში, ეს მითია. “ქართლის ცხოვრებაში” ხაზგასმით წერია, რომ ისინი დაასახლეს საქართველოს სამხრეთით. ეს არის ლორე-ტაშირის ტერიტორია, რომელიც ახლა სომხეთში შედის. ყივჩაღური სისხლი შეიძლება უფრო სომხებს ჰქონდეთ, ვიდრე ქართველებს. სრული სისულელეა, მათი სისხლი რუისელებში ხომ არ ურევიაო? ყივჩაღის სისხლი რომ ერიოს, მონღოლოიდი უნდა იყოს. მათ საქართველოს სამხრეთით სათარეშოდ იყენებდნენ. ქართული ჯარი რომ არ გარყვნილიყო სამხრეთის ქვეყნებისკენ თარეშის დროს. როგორც წესი, ჯარი ირყვნება, როცა თარეშობს და ძარცვავს, მას მორალური სახე ეკარგება. ყივჩაღი კი მაინც მოთარეშე იყო.
“მაშინვე მოხდა კონფლიქტები, თუმცა ადაპტაციაც განიცადეს. მეტიც - დავით აღმაშენებელს ისარი ესროლეს, შეთქმულებას უწყობდნენ. “ქართლის ცხოვრებაში” წერია, რომ დავითს შეთქმულება მოუწყეს ყივჩაღებმა, კონკრეტული დეტალები კი არ არის მოცემული. ჩვეულებრივი ამბავია, ისინი მაინც ბარბაროსები იყვნენ და ალბათ დავითის მოცილება განიზრახეს” - აღნიშნავს სიმონ მასხარაშვილი.
ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ბურების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების იდეის არ სწამს. „როდესაც ჩვენი სოფლის მეურნეობა მიუხედავია, როცა ძალიან რთული ვითარებაა ამ სფეროში, ბურების ჩამოსახლების აზრი ჩემთვის გაუგებარია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბურები სოფლის მეურნეობას ასწავლიან ქართველ გლეხობას, ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი. თუ მაინცდამანც მათი ჩამოყვანა აუცილებელია, შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ არა 40 ათასი, არამედ ხუთი კაცი და აგვიხსნან, რისი ახსნაც შეუძლიათ”.
ბურების თემის მიღმა ექსპერტი პოლიტიკურ მოსაზრებას ხედავს: „რისთვის დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას ბურები? ამაში პოლიტიკური თემაა ჩადებული. ბურები საკმაოდ გავლენიანი ეთნოსია არა მხოლოდ აფრიკაში, არამედ ზუსტად ევროპაში, რადგან ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული წარმოშობისანი არიან. ასე რომ, სხვადასხვა თემაა. ისიც არის, რომ მაგალითად, სამხრეთაფრიკული სპეცნაზი, რომელიც ბურებისგან არის დაკომპლექტებული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ფერმერები საკმაოდ სოლიდური ფინანსური შესაძლებლობების ხალხია. მაგალითად, 1500 სულის ჩამოსახლება, რაც გეგმაშია, ეს კატასტროფად არ მიმაჩნია.
ბურები თავისი რელიგიით ქრისტიანები არიან. მართალია, პროტესტანტები არიან და შესაძლებელია, ამაში გარკვეული პოლიტიკური სარგებელი ნახოს ქვეყანამ, მაგრამ თვალის ახვევა იმით, რომ ისინი სოფლის მეურნეობას ასწავლიან ქართველებს, ეს არის სისულელე. ვერაფერსაც ვერ ასწავლიან. საერთოდ, ბურების მეურნეობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომგებიანია, დაფუძნებულია დაბალანაზღაურებულ მუშაკზე. გამოდის, რომ ქართველები, რომლებიც არიან დაუსაქმებელნი, დაბალი ანაზღაურებით უნდა ემსახურებოდნენ ბურების მეურნეობას,“ - განმარტავს მამუკა არეშიძე.
ექსპერტის აზრით, თუ პოლიტიკურ ჭრილში გავიაზრებთ ბურების ჩამოყვანას, მივხვდებით, რომ ჩვენს ხელისუფლებას სურს, ევროპელების მოსაწონად ნაბიჯი გადადგას. განსაკუთრებით, ეს შეეხება ჰოლანდიელების, გერმანელებისა და ფრანგების თვალში ქულების ჩაწერას.