5 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. შესაბამისად, ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას დროში უცნაურად დაემთხვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. „დედის რძე“ ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე. სამსახურმა პირველად გამოიყენა ტერმინი „მკერდით კვება“ „ძუძუთი კვების“ ნაცვლად, რადგან ის უფრო ინკლუზიურად მიიჩნია. სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა ბრიტანეთის სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.
გარდა ამისა, ამ მოვლენებს ასევე დროში დაემთხვა ესპანეთის ქალაქ ტორევიეხაში გამართული ე.წ. „პრაიდი“, სადაც პირველად ისტორიაში, 10 წლამდე ბავშვებს ხელში ლგბტ დროშები დააკავებინეს და ისინი აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს. სამი მოვლენა საგანგაშოა და საყურადღებო. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული. ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დემონსტრაციული ჩართვა უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხსნის იმის შესახებ, თუ საიდან და ვის მიერ იმართება ეს პროცესები.
როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ამერიკაში მშობლებს უკვე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი არ ჩაუწერონ. თუმცა, თუ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ნებაყოფლობითია, სახელმწიფო მდივნის ბრძანების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აიკრძალება.
„უკეთეს შემთხვევაში, ადამიანს სქესის არჩევის შესაძლებლობა შეიძლება დარჩეს. პროცესები, რომლებიც ტრადიციისამებრ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს ხოლმე სათავეს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას, აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები განეკუთვნებიან.
ამ ფონზე, ჩვენთვის კიდევ უფრო გასაგები ხდება ის ისტერია, რომელიც ქართველმა ფსევდოლიბერალებმა პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთისა და ამერიკის ელჩებთან გამართული შეხვედრების ქრონოლოგიის შესახებ შემოგვთავაზეს. მათი ლოგიკა პრიმიტიულია - პირველი შეხვედრის აბსოლუტური პრივილეგიით ამერიკის ელჩი უნდა სარგებლობდეს.
ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა ფსევდოლიბერალების ლოგიკით არ იმოქმედა, ჩვენთვის მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საკმარისი ესეც არაა და დისკუსია ამაზე ღრმად უნდა გავშალოთ. კერძოდ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა ამის საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას უფრო იძლევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც იტყვიან, რომ ქართლის დედას აღარ უნდა ერქვას ქართლის დედა, დედა ენას - დედა ენა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავს მოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით.
„ქვეყნების გადასაწყვეტია ენობრივი წესები როგორ და რა ფორმით ექნებათ, რა წესები მოქმედებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ასეთ ტენდენციებზე როცა ვსაუბრობთ, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგში ასეთი მიდგომების პროპაგანდა იწყება ხოლმე საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაფინანსების გამოყენებით. თავისთავად მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას - დედამიწა.
თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი - კაცი. ეს თავის დროზე ირონია, ხუმრობა გვეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენციებიც არის. მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავს მოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში მოქმედმა ენჯეო სექტორმა, რომლებიც ამერიკულ გრანტებს იღებენ, შეეცადონ საქართველოს რეალობაშიც გადმოიტანონ ბლინკენის წინადადება. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დამონებისა და კოლონიზაციის მცდელობა, ისტორიულად, ძალიან ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამას განიზრახავს.
„70 წელია მიმდინარეობს კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის გადაწერისა და ამის ახალი იდეოლოგიით ჩანაცვლების მცდელობა, რომელიც ელემენტარულ ფასეულობებს აღარ ითვალისწინებს - არც სქესს, არც ოჯახურ ურთიერთობებს, არც შვილთან დამოკიდებულებასა და ა.შ. როცა აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრანსგენდერები წარმოადგენენ ამერიკის სულიერების სიმბოლოს;
როდესაც სახელმწიფო მდივანი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ბრძანებას გადასცემს, რომ თავი შეიკავონ დედის, მამის, ქალიშვილის, ვაჟიშვილის ხსენებისგან და ის ახალმოგონილი, გენდერული ტერმინებით ჩანაცვლდეს, რამდენად ჯდება ეს იმ ფასეულობით ღირებულებებთან, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია და ვიცავთ, რომელსაც არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ვახურდავებთ?“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ბლინკენის ამ სკანდალური და ხმაურიანი ბრძანების გამოცემის შემდეგ, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, კეტი პორტერიმ თქვა, რომ პედოფილია არ არის დანაშაული. ეს არის პიროვნების იდენტიფიკაციის ტიპი.
ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ის უზარმაზარი იმპერია, რომელსაც აშშ ჰქვია ინგრევა და თუ ისტორიულ პარალელებს გავავლებთ, სწორედ რელიგიასთან დაპირისპირებამ და ურელიგიობამ დაანგრია ყველა უზარმაზარი იმპერია დაწყებული რომის იმპერიით და დამთავრებული ისეთი იმპერიით, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის უზარმაზარი მოდერნიზებული იმპერია.
„საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფულს და განცხომით ცხოვრებას მმართველი ელიტა გამოყავს წყობიდან და აკეთებენ ისეთ რაიმეს, რომელიც ყოველნაირი რელიგიის წინააღმდეგ არის მიმართული. წმინდა წერილში წერია, რომ ღვთის წინააღმდეგ ვინც კი მახვილს აღმართავს, მახვილითვე განიგმირება. აი, ეს ემართება აშშ-ს, მის მმართველ ელიტას, რომლის ბნელი და მავნე ზრახვები გაახმოვანა ბლინკენმა.
თქვენ წარმოიდგინეთ, დედისათვის და მამისათვის ყველაზე უძვირფასესი ამ ქვეყანაზე არის შვილის გაჩენა და შვილს უკრძალავს დედას დედა დაუძახოს და მამას - მამა. მშობლებს კი ეკრძალებათ შვილებს დაუძახონ ქალიშვილო, ვაჟიშვილო, ეს სადმე წერია? ვინმე ფიქრობს, რომ ამის მთქმელი შეიძლება საღ ჭკუაზე იყოს? და ვინც მას მხარს უჭერს შეიძლება საღ ჭკუაზე იყოს?!“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
ედიშერ გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ბლინკენს მხარდაჭერები გამოუჩნდნენ საქართველოში და შესაბამისად, ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს FARA-სკანონი.
„შესაძლებელია ჩვენთანაც დაიწყონ ამის გამეორება და ეს მოსალოდნელია ისეთი ხალისაგან, როგორიც არიან ტაივანჩიკები, იაპონჩიკები, მანჯურიის აგენტები და ა.შ. რომლებსაც არ უნდათ FARA-ს კანონის მიღება. აი, ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისინი ფულის გამო ყველაფერს გააკეთებენ და, რა თქმა უნდა, არჩვენების შემდეგ პირველი კანონი, რაც უნდა იქნას მიღებული, ეს არის FARA-ს კანონი. საზოგადოება მორალურად და ზნეობრივად უნდა აღმოჩნდეს მაღალ დონეზე, რომ ამ უზნეობის გამავრცელებელ ადამიანებს არ მივცეთ მისი გავრცელების საშუალება. სოდომს და გომორს მეტი არაფერი არ მოსვლია. სწორედ უზნეობის გამო მოუვიდა ის, რაც მოვიდათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
ფსიქოლოგის და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, აუცილებელი არ არის რასაც ბლინკენი დაიძახებს, ყველაფერი შევასრულოთ. for.ge-სთან საუბრისას ფსიქოლოგი იხსენებს როგორ მოხვდა ფსიქოლოგიის კათედრაზე ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თან ჰქონდა ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული წიგნი „ლგბტქ+-ის ფსიქოლოგია“.
„ბორელმა თქვა ყველაზე შესანიშნავად: „დასავლეთი დომინატურ მდგომარეობას ნელ-ნელა კარგავს“. დაკარგავს და უნდა ჩავყვეთ დასავლეთს?! არის ქვეყნები, იგივე ინდოეთი, იაპონია, ჩინეთი, რომლებიც მაინცდამაინც არ ჩქარობენ, რომ დედას და მამას ერთი სახელი დაუძახონ და ჩვენც ნუ ვიჩქარებთ. მახსოვს, ერთ-ერთი პირველი 17 მაისი რომ მოხდა, იმ დღეებში ძალიან აქტუალური თემა იყო ლგბტქ+ და ყველა ამ თემაზე საუბრობდა.
ვზივარ ფსიქოლოგიის კათედრაზე, ისმის კაკუნი და შემოვიდა ახალგზრდა ბიჭი, რომელსაც კისერზე გამოსახული ჰქონდა ცისარტყელა. გასაგები გახდა ვისთან მქონდა საქმე. ბიჭმა რაღაცა კითხვარი ჩამიტარა ლგბტქ+-ის თემაზე, ჩემი პასუხებით მიხვდა, რომ არ ვარ მათი მომხრე და მითხრა, რომ თქვენ ბევრი რამე არ იცით ლგბტს-ს შესახებო და დამიტოვა წიგნი, რომელიც არის ქართულად გამოცემული, საკმაოდ სქელი, კარგი ხარისხით შესრულებული „ლგბტქ+-ის ფსიქოლოგია“. დამაინტერესა ვისი დაბეჭდილი იყო ეს წიგნი და გადავშალე პირველი ყდა და ეს იყო ჰოლანდიის საელჩო.
ფულის გამო ქართველები ახლობლებს ყიდნენ სტაბმულის ბაზრაზე და თუკი ასეთი დაფინანსება იქნება, რა გასაკვირია ლგბტქ+-ზე ლაპარაკი დაიწყონ და გამოაცხადონ, რომ ეს დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობა არისო, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება. არის ეს პრობლემა, რა უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ დაამკვიდრონ ცხოვრების ეს წესი. დროთა განმავლობაში ეს პოზიციაც მკაფიოთ ჩამოყალიბდება, მით უმეტეს, რომ საქართველოში ეს თემაა არაა მოწონებული“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ამერიკაც, რუსეთიც და ყველაც, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. ჩვენმა ხელისუფლებამაც თამდათან ისწავლა ასე მოქმედება. მთავარია, გამჭრიახობა ეყოთ.