„მე რასაც ვიქტორ ყიფიანს თვალს ვადევნებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის „ენჯეოშნიკობას“ არ აპირებს და რაღაცა უფრო მეტზე აქვს გათვლა“

„მე რასაც ვიქტორ ყიფიანს თვალს ვადევნებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის „ენჯეოშნიკობას“ არ აპირებს და რაღაცა უფრო მეტზე აქვს გათვლა“

იგეგმება თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა და რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, როდესაც მედიასთან აცხადებს, რომ კოორდინირებული ბრძოლაა აუცილებელი. ყიფიანი ამბობს, რომ „ოცნების“ წევრები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პლატფორმაზე დგანან და „მეოცნებეების“ რიტორიკა პრობლემებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ქმნის.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ექს-პრემიერისგან დისტანცირდა, გაჩნდა გარკვეული ეჭვები, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვებოდა. თუმცა, ამ ეტაპზე, ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს და შიგადაშიგ გარკვეული განცხადებებით და პუბლიკაციებით საზოგადოებას თავს ახსენებს.

„ამ არჩევნებს უდავოდ, იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ჩვეულებრივად არჩევნებს შეიძლება მიენიჭოს. ანტისახელმწიფოებრივი ნარატივი და ანტიეროვნული ნარატივი ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს, საკმაოდ მატულობს და, რა თქმა უნდა, მის აღკვეთას სჭირდება უფრო მეტი კონსოლიდირება და ძალისხმევა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ გააზრებული ერთიანი პოლიტიკა, მაგრამ ის, რომ ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები ხშირად იწვევენ დაბნეულობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ამ მხრივ თავის მოტყუება არ ღირს. ეს არის არჩევანი სიჯანსაღესა და მანკიერებას შორის“, - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთი წლის წინ აცხადებდა, რომ ვიქტორ ყიფიანმა, რომელმაც მმართველი პარტია და „აგენტების“ კანონპროექტი გააკრიტიკა, მისი დამქირავებლის გადაწყვეტილებით „ჩაეხსნა“ საქმეს და არა - პირიქით.

პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ მაშინ აღნიშნა ისიც, რომ ვიქტორ ყიფიანის მიმართაც გავრცელდებოდა „აგენტების“ კანონი, ის რომ მიეღოთ.

კობახიძე ყიფიანის გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა მიანიშნებდა, რომ „მიზეზი ბევრად მძიმეა“, ვიდრე „აგენტების“ კანონპროექტი.

„როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად, ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ვერასდროს გახდები. არ შეიძლება, იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და გახდე უცხოური გავლენის აგენტი“. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ იგი აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი, კობახიძე პასუხობს: „არა, მთავარი მიზეზი სხვა იყო, ჩემი ინფორმაციით. ვერ დავაკონკრეტებ. მიზეზი იყო ამაზე ბევრად უფრო მძიმე“. კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს შვეიცარიულ ბანკთან დავას, კობახიძე ამბობს: „პირდაპირ არა“.

მისივე თქმით, სხვადასხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა ვერ ილაპარაკებს. „ნიშნები მოგეცით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ძალიან რთული სათქმელია რა თამაშს თამაშობს ვიქტორ ყიფიანი. მისი აზრით, ყიფიანის პუბლიკაციებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ მას რიგითი ენჯეოშნიკობა არ სურს. თუმცა, რა ამპლუაში შესაძლოა ის საბოლოოდ ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგეს, ამის ორი ვერსია არსებობს.

„მე რასაც ვიქტორ ყიფიანს თვალს ვადევნებ, ვეცნობი მის განცხადებებს თუ პუბლიკაციებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის „ენჯეოშნიკობას“ არ აპირებს და რაღაცა უფრო მეტზე აქვს გათვლა. შესაძლოა, ეს იყოს პოლიტკური პარტია თუ ხელისუფლებაში მოსვლა - რთული სათქმელია. მე მაინც ბოლომდე არ მჯერა, რომ ეს კაცი ივანიშვილთან არის დაპირისპირებული და მათ შორის სერიოზული წყენაა. ვიხრები იქით, რომ შესაძლოა, ის ახალი მთავრობის მეთაური იყოს. არ მგონია, რომ სამთავრობო ცვლილებები დასრულდა და თუნდაც გაზაფხულისთვის რაიმე ცვლილება არ არის მოსალოდნელი. მაინც მივიჩნევ, რომ ყიფიანი რაღაცის გეგმა „ბ“-ა - იქნება ეს ოპოზიციური ფლანგი თუ სახელისუფლებო. მგონია, რომ თუ რუსეთმა ომი წააგო, ბიძინა ივანიშვილს ბრიუსელში ჩასვლას ვერავინ დაასწრებს. ასევე მას დასჭირდება ძალიან გამოკვეთილი პროდასავლური ფიგურა და ამ ვარიანტად მაინც ყიფიანი მიმაჩნია. ამიტომ ვამბობ, რომ არაა გამორიცხული, ყიფიანი ივანიშვილის ახალი კაბინეტის მეთაურადაც მოიაზრებოდეს“,-ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება ყიფიანის ოპოზიციურ ფლანგზე შემოსვლას, ძაბირაძე არც ამას გამორიცხავს, თუმცა ფიქრობს, რომ აქაც საინტერესოდ შესაძლოა მოვლენები განვითარდეს.

„ძალიან ბევრი მიდის უკვე საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. თუმცა აქ ერთ გარემოებაა მნიშვნელოვანი, თუ ასე მოხდა, მაშინ ოპოზიციურ ფლანგზე უფრო მყარი მოკავშირეები იქნება „ოცნებისთვის“ საჭირო, რომელსაც ხელისუფლება დაეყრდნობა. ამიტომ ვამბობ, რომ ყიფიანი შესაძლოა „ოცნებასთან“ იყოს დაპირისპირებული, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილთან. ის შესაძლოა იყოს კობახიძის პრობლემა, მაგრამ არა ივანიშვილის. კოალიციის მთავრობის შექმნის პირობებში, ოპოზიციამ ან „ოცნებას“ უნდა შეუქმნას კოალიცია ან ნაციონალებს. მე ისე არ მჯერა ნაცების პროდასავლურობის, როგორც „ოცნების“ პრორუსულობის.

პარლამენტის თვამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სწორად თქვა - თუ პრორუსები გგონივართ, მაშინ პარლამნეტში ავტომატით რატომ არ გვივარდებით და გვხოცავთო. ამაში ნამდვილად ვეთანხმები, რომ ამ პრორუსულობის არავის აღარ სჯერა. ხელისუფლების როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყვნენ, ხალხს სტაბილურობა და სიმშვიდე უნდა. ამიტომ 2024 წლის არჩევნები იქნება „ოცნებასთან“ ვაჭრობის, რამდენ მინისტრთა კაბინეტს მომცემ და ა.შ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ „ოცნებამ“ უმრაველსობა ვერ აიღო. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყიფიანის როლი უფრო სხვა რაღაც არის, რაც ჯერ ბოლომდე არა ჩანს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოს რამაზ სყვარელიძეს კი ვიქტორ ყიფიანის ასეთი განცახდება უკვირს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის ყოველთვის მოზომილი იყო შეფასებების დროს, საინტერესოა, ახლა ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი ყიფიანს ოპოზიციურ ფლანგზე შემოსვლა სურს, ჯობს პარტია დროზე დააფუძნოს და საზოგადოებაში პოლიტიკურ ამპლუაში დროზე გამოჩნდეს.

„მე ძალიან გამიკვირდა მისი მხრიდან მსგავსი განცახდების გაკეთება. საკამოდ მოზომილი კაცია და ახლა რატომ გახსნა ასე აფრები, ვერ გავიგე. თუკი მას სურს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს და ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლოს, მაშინ ეს დროზე უნდა გააკეთოს. ჯობია, როგორც პოლიტიკოსი მალე იდენტიფიცირდეს. ვხედავთ ბოლო დროს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც რაღაცას ცდილობს, ნუ გიორგი გახარია ხომ გამოკვეთილი ოპოზიციონერია და ახლა ვიქტორ ყიფიანი. კარგია, ცუდი არ არის, თუკი საზოგადოებას ნაციონალების გარდა, კიდევ დიდი არჩევანი ექნება. ყიფიანი საკმაოდ აკადემიური ფიგურაა და მსგავსი პოლიტიკოსი ცუდი არ არის. თუმცა საინტერესოა, რა მოხდა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. რამდენად გაფუჭდა ურთიერთობა და ა.შ. მე არ ვფიქრობ, რომ ყიფიანი შესაძლოა კობახიძის ჩამნაცვლებელ ფიგურად მოიაზრებოდეს, რადგან პროდასავლური ლიდერის საჭიროების შემთხვევაში ახლანდელი პრემიერი შეცვალონ. კობახიძე ბრიუსელში იყო და იქ მისით უკმაყოფილო მე არავინ მინახია, მშვენიერი შეხვედრები ჰქონდა. ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ კარგი ტრამპლინი აქვს. ვნახეთ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მედიკოსებთან შეხვედრა, პენსიონერების საკითხის მოგვარება და ა.შ. ამიტომ ის მიჰყვება გეგმას, რომელიც ამ ეტაპზე ამართლებს. შესაბამისად, მისი შეცვლის ალბათობას ვერ ვხედავ“,-ამბობს საყვარელიძე.

 

ლევკოთეა საყვარელიძე მართალია. დაგვიანებულიც კია პოლიტიკოსად დაფიქსირება, ვისაც ამ არჩევნებში რაიმე შედეგის მიღწევა უნდა.
ანდა, საზოგადოებისთვის ძალიან მიღებული ფიგურა უნდა იყო, თუნდაც, არაპოლიტიკოსი, რომ ხალხი გამოგყვეს ასე მოკლე ხანში. ეს ყიფიანი კი არ ვიცი აკადემიურ წრეებში რამდენად პოპულარულია, მაგრამ არაა პოპულარული ამომრჩეველში.
8 თვის უკან
Gami ძაბირაძის ახალი იმედი, "მესამე ცენტრი" -- ახალი ნაგავი ყიფიანი! მაგის ნატრაკი არ გაიშვას! გამობუნძულებული ვექილი პარაზიტი
8 თვის უკან