გარე სახელმწიფოების მხრიდან ქართული პოლიტიკის დაფინანსებამ იმდენად უხეში ფორმები მიიღო, რომ ისინი დაფინანსების, პრაქტიკულად, პირდაპირ ფორმებსაც კი აღარ ერიდებიან და ამის მაგალითები ქართულ რეალობაში უამრავია. საქართველოში მოქმედი რადიკალური ოპოზიაცია და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზიაციები დასავლეთიდან ფინანსდებიან.
მას შემდეგ, რაც საქართველო არ დაემორჩილა დასავლეთის და აშშ-ის მოთხოვნას რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნას, აღმოჩნდა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის უკან მხოლოდ დიდ ქვეყნების ინტერესებია. ამ შემთხვევაში სამიზნე ისევ სასამართლო სისტემა გახდა, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ „ვეტინგის“ სისტემის ამოქმედებას.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ენჯეოების“ დონორები უნდა ჩამოყალიბდნენ, ამ ქვეყნიდან საერთოდ თუ უნდა წავიდეთ და ქვეყანა თავად მართონ. პაპუაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს დაკომპლექტებასთან უცხო ქვეყანას არაფერი ესაქმება და ამბობს, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირით ამბობენ, რომ მათ უნდა დანიშნონ მოსამართლეები საქართველოში, რაც მისივე შეფასებით, სუვერენიტეტის პატივისცემის ყველანაირ ზღვარს ნელ-ნელა სცდება.
„მგონი ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზედმეტ დამოკიდებულებას უცხოურ ფულზე. დღეს ოპოზიცია, ფაქტობრივად, გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს 30-წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას, ჩვენს ისტორიულ მისწრაფებებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის.
ეს ნიშნავს, რომ მათთვის სახელმწიფო საქართველო არ არსებობს. უნდათ ვიყოთ ერთი ჭანჭიკი სხვებისთვის, რაც ნელ-ნელა სცდება ყველანაირ ზღვარს სუვერენიტეტის პატივისცემისა, როცა დონორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ პირით გვეუბნებიან, რომ მათ უნდა დანიშნონ მოსამართლეები საქართველოში. ყველას მივუთითებ ვენის კონვენციაზე და ყველამ პატივი უნდა სცეს შიდა პოლიტიკას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცხადია, რომ უცხო ქვეყანის მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა ეწინააღმდეგება არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, პოლიტოლოგო ირაკლი გოგავა თვლის, რომ საქართველომ უნდა მიიღოოს FARA-ს კანონი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში და ღებულობს ევროკავშირიც.
„თუ ადამიანი საკუთარი ინტერესების ხარჯზე ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, რატომ უნდა შევუნახოთ ნამუსი? დავარქვათ რა უცხოეთის აგენტი. 30 წლის განმავლობაში ჩვენთან შემოვიდა და დღეს მუშაობს 30-მდე სახელმწიფოს სპეცსამსახური. ნაწილი მუშაობს ისე, რომ ინფორმაციას აგროვებენ და აგზავნიან საკუთარ სახელმწიფოში, ნაწილი კი გავლენის ოპერაციებსაც კი ახორციელებს. უნდა გვესმოდეს, რომ უანგაროდ არავინ არასოდეს არაფერს არ აკეთებს. ყველა ფულს მოჰყვება იმ ფულის წარომავლობის ინტერესი და ვალდებულება იმ აგენტის მიმართ, ვისაც მისცემენ ამ გრანტს, თუ კრედიტს.
საერთო ჯამში, საქართველოში ყოველწლიურად იხარჯება 400 მილიონი დოლარი გავლენის ოპერაციებზე. სხვადასხვა ქვეყნების დაახლოებით 20 ათასი გავლენის აგენტია. აქედან ერთ-ერთ სახელმწიფოს ეკუთვნის ნახევარზე მეტი. ეს აგენტები არიან ჯამაგირზე, რომელსაც სხვადასხვა ფორმით იღებენ. ზოგო ენჯეოშია გაფორმებული და გრანტის სახით იღებს ხელფასს, ზოგი მათთვის სასარგებლო განცხადებას რომ გააკეთებს, შემდეგ ლექციაზე დაუძახებენ და $500 გადაუხდიან ერთ საათიან ლექციაში“, - აცხადებს გოგავა.
მისი თქმით, საერთო ჯამში ამ გავლენის ოპერაციების მიზანი არის ის, რომ საქართველო იმ ნეოკოლონიალურ მოდელში დარჩეს დამჯერე შეგირდად და თავისი ინტერესების შესაბამისად არ გადაუხვიოს ამ გზას.
„$400 მილიონი იხარჯება ამ ყველაფერში. როგორც ჩანს, გაცილებით მეტია მოგება იმათი, ვინც იხდის ამ თანხას. შესაბამიად, ამ პროცესებს სჭირდება რეგულირება. რეგულირების რამდენიმე გზა არსებობს. ერთი არის ამერიკული გზა - FARA-ს გზა, ანუ კანონი, რომელიც 1936 წელს მიიღეს ამერიკაში და ის ამბობს, რომ ყველა უცხოური დაფინანსება უნდა იყოს რეგისტრირებული და გამჭვირვალე - ის, რაც შემოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და ვერ დაიცვა. ვიცი, რომ მაშინ კობახიძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ მიეღოთ ეს კანონი და ღარიბაშვილმა არჩია, რომ უკან დაეხიათ იმ მომენტში, რადგან ბრიუსელში შეწუხებული იყვნენ.
რა თქმა უნდა, შეწუხებული იქნებოდნენ, რადგან მათ ინტერესებს ემსახურება ეს ფული და ეს ხალხი. ამიტომ, ამ აგენტურიდან დაახლოებით 20 ათასი არის უცხოეთის ხელფასზე და დაახლოებით ამდენივე სასარგებლო იდიოტი, რომლებიც მათ გარშემო ტრიალებს. რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება სახელმწიფო სტრუქტურებში და განსაკუთრებით უცხოური აგენტურით გაძეძგილია საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ შორის ელჩების დიდი რაოდენობა არის უცხო ქვეყნის აგენტურა. იმედი მაქვს, რომ ამას სწავლობენ სპეცსასამხურები. შესაბამისად, ეს არის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ქვეყანას ჩამოაყალიბოს სუვერენული ქვეყნის განვითარების ვექტორები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
რაც შეეხება FARA-ს კანონის მიღების აუცილებლობას და დაუბრუნდება თუ არა საქართველოს პარლამენტი აღნიშნული კანონის მიღებას, „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ პირველივე კრიტიკული შენიშვნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წამოვიდა და შესაბამისად, სწორედ აშშ ხედავს საფრთხეს იმისა, რომ არ შესუსტდეს მისი გავლენები.
„გავლენებზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი დომინაციის მცდელობა, რასაც ძლიერი ქვეყნები ახორციელებენ სუსტზე, გარდა პირდაპირი ინტერვენციისა, არის ჰიბრიდული ინტერვენცია საზოგადოებაზე, სამოქალაქო აზრის ფორმირებაზე და ა.შ. ჰიბრიდული ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, სადაც შესაძლებელია კოლოსალური თანხების მობილიზება და შესაბამისი ინტერესებით გახარჯვა. ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი სახის გამჭვირვალობასა და ღიაობას ეწინააღმდეგებიან ეს ორგანიზაციები და თუ მათი წინააღმდეგობა უშედეგოა, მაშინ თვითონ შტატების ადმინისტრაცია ერთვება პროცესში და ყველა საშუალებას იყენებს პროცესის გასაშავებლად“, - ამბობს ქადაგიძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ვერ მოხერხდა ამ კანონის გატანა, აუცილებლად უნდა მომზადდეს პროექტი, მათ შორის საზოგადოებრივი აზრი და შემდეგი მოწვევის პარლამენტში მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ასახვა ასეთი კანონპროექტით. რაც შეეხება ახალი საპროტესტო ტალღის მოლოდინს, ქადაგიძე ფიქრობს, რომ ნაკლებად შესაძლებელია, რადგან მარტის აქციების მარგინალიზაცია მაშინ მოხდა, როდესაც ევროკავშირმაც გააჟღერა წინადადება ასეთი კანონის ამოქმედებაზე და არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ მიიღო.
„შესაბამისად, ის გულწრფელი აქტივისტებიც კი, რომლებიც მარტის აქციებში მონაწილეობდნენ, მიხვდნენ თუ რა მასშტაბის სპეკულაციაში მონაწილეობდნენ და, რომ პროცესი აბსოლუტურად მართული იყო. საქართველოში შემოედინება კოლოსალური მასშტაბის უკონტროლო თანხა და შავი ფული, რომელთა შესახებაც საზოგადოებას არ აქვს წარმოდგენა. ამიტომაც არის საჭირო კანონი გამჭვირვალობის შესახებ.
დღეს თუ ხვალ, ასეთი კანონის არსებობა ეგზისტენციალური საკითხია, რადგან აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დაზღვევის მექანიზმი მავნე გავლენებისგან. აშშ საკუთარ გავლენებს საზოგადოებაზე სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებით ახორციელებს. შესაბამისად დაინტერესებულია, რომ ამ ორგანიზაციათა რეალური მიზნები და ფინანსები გაუმჭვირვალე იყოს.
შტატების გარდა საქართველოში გავლენის მოპოვებით დაინტერესებულია რუსეთი, რომელიც ანალოგიურად ჰიბრიდულ მიდგომას ახორციელებს და ცდილობს სხვადასხვა ფონდებითა და ორგანიზაციებით შემოაღწიოს ქართულ სივრცეში. ამიტომაც, ქართული საზოგადოება ინტუიციის იმედად კი არ იყოს, არამედ კანონის საშუალებით ჰქონდეს დაზღვევა და ფლობდეს ინფორმაციას, ესა თუ ის ორგანიზაცია და ფონდი რა მიზნობრიობით ხარჯავს ფულს საქართველოში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ქადაგიძემ.