„ევროკავშირის სანქციები იქნება, რომელიც რუსეთს დაღუპავს - ეს იქნება მიზეზი, რის გამოც ისინი საქართველოდანაც გაიყვანენ ჯარებს“

„ევროკავშირის სანქციები იქნება, რომელიც რუსეთს დაღუპავს - ეს იქნება მიზეზი, რის გამოც ისინი საქართველოდანაც გაიყვანენ ჯარებს“

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი, მე-13 პაკეტი მიიღო. პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, რომ რუსეთისთვის ეს სანქციები საკმაოდ მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, მას ეფექტი და შედეგი აუცილებლად ექნება. ამის ფონზე, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია დააწესა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს სანქციები კონკრეტული ადამიანების საქმიანობის დაბლოკვის შესაძლებლობას იძლევა.

„ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა და, ალბათ, რუსეთისთვის უფრო და უფრო მტკივნეული და ეფექტური სასჯელი იქნება. საუბარია იმ ადამიანების საქმიანობის დაბლოკვაზე, რომელთაც ისეთი რამის ჩადენა შეუძლიათ, როგორც ნავალნის შემთხვევაში იყო“, - თქვა მენაღარიშვილმა.

ქართველი პოლიტოლოგი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ამ სანქციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად შესუსტდება. მისი შეფასებით, ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„სანქციები მუშაობს და მისი დაწესება გაგრძელდება. დაახლოებით 10 წელიწადში, რუსეთი ირანის მსგავსი სახელმწიფო გახდება. ამ სანქციებს ჰქონდა და დღესაც აქვს ეფექტი. მთელი რუსეთის ეკონომიკა შეიკუმშა, რეალურად მხოლოდ იარაღს აწარმოებს. უკრაინაში ცეცხლი რომც შეწყდეს და ხელი მოეწეროს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, დარწმუნებული ვარ, სანქციები გაგრძელდება.

ნავალნის მკვლელობა მაგალითია, რომ რუსეთი არ აპირებს გამოვიდეს აგრესიული სახელმწიფოს როლიდან. საბოლოო ჯამში, ეს სანქციები იქნება, რომელიც რუსეთს დაღუპავს. ეს სანქციები იქნება მიზეზი, რის გამოც ისინი საქართველოდანაც გაიყვანენ ჯარებს. ბევრი სანქცია პიროვნებებზეა მიმართული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სანქციებში მოხვდა უცხო ქვეყნის ფირმები, მაგალითად ყაზახეთის ფირმა, რაც სიგნალი უნდა იყოს საქართველოსთვის. ამ სანქციებში, რაც თვალში საცემია, უკვე მოხვდნენ კომპანიები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ევროკავშირის ნაბიჯს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის კიდევ ერთი მუქარა მოჰყვა. მედვედევმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს.

„მიზეზი (სანქციების) ნათელია: რაც უფრო უარესია ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მით უკეთესია დასავლური სამყაროსთვის. ჩვენ ეს ყველას უნდა გვახსოვდეს და მათზე, სადაც შესაძლებელია, შური უნდა ვიძიოთ. ისინი ჩვენი მტრები არიან“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ირაკლი მენაღარიშვილი არ ელოდება, რომ რუსეთი ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ რაიმეს მოიმოქმედებს:

„ბევრს ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ გააკეთებს მოსკოვი ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ. ზოგადად, მედვედევს ახასიათებს ასეთი ბაქი-ბუქი. იმუქრებოდა ატომური იარაღის გამოყენებით, მსოფლიო ომის დაწყებით და ვნახეთ მუქარის შედეგი, ამ შემთხვევაშიც ასეა“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დღიდან, გვესმის მსგავსი მუქარა მოსკოვის მხრიდან, რასაც არ აქვს რაიმე შედეგი.

„რაც ომი დაიწყო, სულ იმუქრებიან, ამას ასე არ დავტოვებთო. ჯერ არც ერთზე რეაქცია არ ჰქონიათ. მედვედევი საშინელი და პრიმიტული ფენომენია, აშკარად პარანოიდული ადამიანი. არ მგონია, რომ მისი მუქარა რაღაცნაირად იგრძნოს დასავლეთმა“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადება, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. ამის შესახებ მან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ოლაფ შოლცმა თქვა, გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.

„შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, თითქმის დავიწყებული გახდა. ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ლევკოთეა რუსეთი სანამ საერთოდ არ გაქრება რუქიდან, როგორც ერთიანი დე-იურე სუბიექტი, მანამდე არ გაიყვანს ჯარებს საქართველოდან.
სანქციებს რაც შეეხება, კაი ხანს დიდად არ შეაწუხებს რუს მუჟიკს სანქციების გავლენა. მთავარია, არაყი ჰქონდეს, ზაკუსკა და იმის რწმენა, რომ დერჟავა არიან. ყველანაირ ბედნიერებას ურჩევნიათ ეს სამი ფაქტორი.
8 თვის უკან
ილია მარტო არაყზე და ზაკუსკაზე რომ იდგეს რუსეთი, მაგის სახსენებელი არ იქნებოდა კაი ხანია. სხვა რამეა აქ, სულ სხვა, ამის დანახვა არ უნდა არავის რატომღაც :(
8 თვის უკან
ილია ყველგან ვამბობ და აქაც ვიტყვი - საბჭოთა კავშირი თითქმის იზოლირებული იყო ევროპა-ამერიკისგან, მაგრამ ნახევარ მსოფლიოს აზანზარებდა! თვითკმარი ქვეყანაა რუსეთი, სანქციები არა, კვახი! ევროპამ იკითხოს, რესურსების დეფიციტს რომ განიცდის (როგორც წიაღისეულის, ასევე - ადამიანურის)!
8 თვის უკან