„ნაცმოძრაობის“ მეტასტაზები და მელიას ბრძოლა გადარჩენისთვის

„ნაცმოძრაობის“ მეტასტაზები და მელიას ბრძოლა გადარჩენისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი რღვევა გრძელდება, - ზუგდიდში ოპოზიციური პარტია 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ახალ მოძრაობას შეუერთდნენ. ამასთან, აღნიშნული პარტიის დატოვებას ათეულობით პარტიის წევრი გეგმავს. გარკვეულ ანალიტიკურ წრეებში პროგნოზირებენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა იმ სტატუსის წართმევის წინაპირობა გახდეს, რაც გულისხმობს უდიდესი ოპოზიციური პარტიისა და ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის ყოლას. შესაბამისად, „ნაცმოძრაობა,“ როგორც ყველაზე დიდი პარტია, შეიძლება ნიკა მელიას ახალმა პარტიამ ჩაანაცვლოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავს, თუმცა, ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, შეძლებს თუ ვერა „ნაციონალური მოძრაობის“ სრულ ჩანაცვლებას. მისი შეფასებით, ამის სამომავლო პერსპექტივა და პოტენციალი მელიას აქვს იმ შემთხვევაში, თუკი სხვა კონკრეტული პარტიის ლიდერებთან შეძლებს გაერთიანებას.

„ზუგდიდი გასაგებია, რომ ძირითადად მამა-შვილი მელიების გუნდით იყო დაკომპლექტებული და იქ საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ. ალბათ, იგივე იქნება სამეგრელოში, მაგრამ არ ვიცი რა ხდება დანარჩენ რაიონებში. მელიას, თავისი გუნდით, პრობლემა არ ექნება 5%-იანი ბარიერის დაძლევის, თუმცა, რამდენად შეძლებს ის „ნაციონალური მოძრაობის“ სრულ ჩანაცვლებას, რომ პირველი ოპოზიციური გუნდი გახდეს, ამის თქმა გამიჭირდება. რეალურად, ამის პერსპექტივა აქვს, თუ ის არ დარჩენა მარტო თავის გუნდთან ერთად და ვიხილავთ გაერთიანებას მელია-ჯაფარიძე-ხოშტარიასთან - მაშინ მას პერსპექტივა აქვს, რომ მან მართლაც ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ანალიტიკოსის თქმით, მისი პარტიის მიდგომა არასწორია, როდესაც ამბობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას, რადგან მის გუნდს ამ კუთხით გამოცდილება არ აქვს. ძაბირაძის შეფასებით, დღეს „ლელოს“ მეტი პოლიტიკური პერსპექტივა აქვს, თუკი ის მცირე პარტიებთან გაერთიანებას მოახერხებს.

„გახარიას ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს იმაზე, რომ დამოუკიდებლად შეძლებს მნიშვნელოვანი ხმების მოგროვებას. საკმაოდ მყიფე არის მისი ელექტორატი. ბოლო პერიოდში, „ლელოს“ გააქტიურების შემდეგ, გახარიას ელექტორატი, ალბათ, შემცირდება. „ლელო“ და გახარია არიან კონკურენტები იმ ძირითად ელექტორატზე, რომელსაც „შუაშისტური ელექტორატი“ ჰქვია. ამიტომ, ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს გახარია, ვიდრე დღეს არის, როდესაც აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელად, ყოველგვარი გაერთიანების გარეშე, აპირებს საპარალამენტო არჩევნებში იბრძოლოს. უნდა ითქვას, რომ მის გუნდს გამოცდილება არ აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის კუთხით, რადგან მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს.

თუ „ლელო“ შეძლებს და წვრილ პარტიებთან საერთო ენას გამონახავს, დიდი ალბათობით, მან შესაძლოა გახარია საერთოდ ჩაძიროს და ბორტს მიღმა დატოვოს. გამოჩნდა ოპოზიციური ფლანგზე დაწინაურებული ოპოზიციური ჯგუფები, ვინც შუაშისტურ ამომრჩეველზე მუშაობს, თუნდაც გახარია და „ლელო,“ მაგრამ დანარჩენებიც ჩაერთვებიან პროცესში და უნდა მივადევნოთ თვალი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნიკა მელიას ვერანაირი პოლიტიკური პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ის იყო ერთ-ერთი, ვინც 2019 წელს საკანონმდებლო ორგანოზე შტურმს აანონსებდა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, გვენეტაძის შეფასებით, მის გუნდს არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ნიკა მელია, სააკაშვილი, „გირჩი,“ „დროა“ და სხვები არიან ერთი და იგივე. მელია არის ქართული პარლამენტარიზმის დამსამარებელი, რადგან ის 2019 წლის 20 ივნისს ხალხს პარლამენტზე შეტევისკენ მოუწოდებდა. რაც მეტად დაიშლებიან, მით უკეთესი.

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ნორმალურ ოპოზიციურ ძალას. ყველაზე მეტი იმედი მიპყრობილი არის „სოლიდარობის“ მიმართ, რომელიც ჩამოყალიბდება სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებულ ძალად - იმ შეცდომების კრიტიკოსი, რასაც ხელისუფლება უშვებს.

რაც შეეხება გახარიას, მან დაუშვა უდიდესი შეცდომა იმით, რადგან ვერ გაითავისა, რომ ის ცხოვრობს საქართველოში - ჩვენთან არ აფასებენ უმადურ კაცს. გული მწყდება ამ კაცზე, რადგან მას ჰქონდა ის მონაცემები, რომლითაც ვფიქრობდი, რომ თავისი ქმედებებით ქვეყანას გამოადგებოდა. უკვე აღარ მგონია, რომ გახარიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. როგორ შეიძლება ვინმე ნორმალურმა მას მხარი დაუჭიროს?! ის „ნაცმოძრაობას“ ეუბნებოდა „მე თქვენ დაგასრულებთ“ და ამ დროს ცალკეულ საკრებულოებში კოალიცია აქვს შექმნილი“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

 

ლევკოთეა მელიას პოზიციები სულაც არაა ძლიერი. სამეგრელოშიც კი ვერ აჯობებს ნაციონალებს, სადაც ლამის სანდრას კულტია. რამდენი ბავშვია წალენჯიხაში, სანდრა რომ დაარქვეს მშობლებმა. :))
ჯერ არჩევნებამდე შორია. ბევრი რამე შეიცვლება, არაერთი გადაადგილება მოხდება და წვრილი პარტიების პერსპექტივებზე ძნელია ეხლა მჯელობა.
8 თვის უკან
Gami ძაბირაძეს უჭკუო ტვინით, ან პირიქით -- მელია, მამისი, მისი ექთან- სანიტრები + 70 ზუგდიდელი+ დოლიძე გადალახავენ 5 პროცენტს!. გადაიყვანეთ ვინმემ ეს მაჩვი თავშესაფარში.
8 თვის უკან