„სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში?! საქართველოში რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ხან კვდება, ხან პოლიტიკაშია“

„სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში?! საქართველოში რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ხან კვდება, ხან პოლიტიკაშია“

 

 

 

„გაუგებარია, როგორ გესახებათ სააკაშვილის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, მან ხომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა გინდათ, ანტისახელმწიფოებრივ, გაცხადებულ რევოლუციურ ქმედებებში ჩართოთ?!“ - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას, სადაც ჯანაშიამ ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ „სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესებში მონაწილეობა მიიღოს“.

მეგრელიშვილის თქმით, თემურ ჯანაშიას ნათქვამი სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ანულირების უნიჭო მცდელობაა, რადგან პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ამ მომენტში 2 დასრულებული და 3 მიმდინარე საქმეა.

როგორ გეგმავს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას და რას უმიზნებს წარმოსახვითი გამარჯვების შემთხვევაში? რა იქნებოდა სააკაშვილისთვის ბუნებრივი პოზიცია, ნაცების ხედვით?! პასუხი უკვე ცნობილია -პრემიერმინისტრობა. ნაციონალებმა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს ისე მიუსადაგეს პრემიერ-მინისტრის სავარძელი, რომ, ფაქტობრივად, საქართველოს კონსტიტუციაც ფეხქვეშ გათელეს და მიშას წინააღმდეგ აღძრული სისხლის საქმეებიც მიივიწყეს.

„ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამ რამდენიმე ხნის წინ ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, გამხდარიყო პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რადგან სააკაშვილი მათი პარტიის ლიდერი და დამფუძნებელია, თანაც სააკაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა.

პეტრე ცისკარიშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც პრემიერის ამპლუაში მიშას ხილვა სწყურია. ცისკარიშვილის თანაპარტიელების დიდი ნაწილიც თურმე იზიარებს ამ მოსაზრებას. საბოლოო გადაწყვეტილება კი სააკაშვილის მისაღებია.

სავარაუდოდ, სააკაშვილი პრემიერის პოსტის დიდ ცდუნებას ვერ გაუძლებს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პატიმრობას ერთი წლის თავზე წერილი მიუძღვნა - „ტყვეობის 365 დღე“, სადაც ახსნა, რომ საერთოდ აღარ აინტერესებდა საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენები ხდებოდა მსოფლიოში უკრაინის ომის სახით. სააკაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ პირადად მას ორად-ორი გზა რჩებოდა - ან თავისუფლება, ან სიკვდილი ჯავშანჟილეტით და ავტომატით ხელში ფრონტის წინა ხაზზე, როგორც უკრაინის რიგით მოქალაქეს.

დღეს კი ექსპრეზიდენტი ისევ ქართულ პოლიტიკაზე გადმოერთო. მართალია, „უკრაინელი“ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვის მცდელობას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს, მაგრამ სააკაშვილმა გამოსავალს აქაც მიაგნო და განაცხადა, თითქოს საქართველოს მოქალაქეობის არქონა მომავალ არჩევნებზე მისთვის დამაბრკოლებელი არ გახდება, რადგან საქართველოში არსებობს პრეცედენტი ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, რომელიც თავის დროზე კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის მოქალაქე. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის იმ პერიოდში პრობლემები არ შექმნილა, ამდენად, თვითონაც შეუძლია ქართულ პოლიტიკაში ჩართვა.

თუმცა სააკაშვილს „ავიწყდება“, პირადად მან რამდენი დაბრკოლება შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში შემოსვლისას, რადგან ძლიერი კონკურენტის შეეშინდა. 2011 წელს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა იმ მოტივით შეუწყდა, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ სულ რაღაც 6 წელიწადში, ანუ 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. სინამდვილეში, სააკაშვილმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ქართულ პოლიტიკაში შემოსვლიდან ზუსტად ოთხი დღის შემდეგ ჩამოართვა. სასჯელი ამით არ ამოწურულა და იმავე დღეს საქართველოს მოქალაქეობა მის მეუღლესაც - ეკატერინე ხვედელიძესაც ჩამოერთვა. მოგვიანებით, საქართველოს მოსახლეობის ბრძოლისა და სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, ჯერ ეკატერინე ხვედელიძეს, მერე კი ბიძინა ივანიშვილს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა და ამისთვის საჭირო გახდა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა.

განხორციელებადია თუ არა თემურ ჯანაშიას ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქეობის არქონის მიუხედავად, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში რევოლუციის მოსამზადებლად უნდა ჩაერთოს?!

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წარმოუდგენელია სააკაშვილის ამფსონების და თავად სააკაშვილის სურვილი, ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩვენს შიდა საქმეებში ჩართვას კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომლის მაგალითსაც იშველიებს პრეზიდენტყოფილი, დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე არ მოეშვნენ ბიძინა ივანიშვილს, სანამ მან არ დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა ზუსტად იმისთვის, რომ სრულყოფილად შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილმა ეს პირნათლად შეასრულა და საქართველოს მოქალაქის სტატუსით მიიღო მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, მიიყვანა „ქართული ოცნება“ გამარჯვებისკენ და საქართველოს მოქალაქის ამპლუაში 2012 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი.

„მაინტერესებს, სააკაშვილის ლოგიკით, რატომ არ იყრის იგი კენჭს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც წელს 4 ნოემბერს ამერიკაში ჩატარდება? ალბათ, იმიტომ, რომ ამის უფლება არ გააჩნია. ასევე, რატომ არ იყრიდა სააკაშვილი კენჭს ბაქოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში? ალბათ, იმიტომ, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მისცემდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია, რომელზეც ყველას შეუძლია ფეხები შეიწმინდოს ისევე, როგორც ამას აკეთებს ზურაბიშვილი, რომელსაც მე ვუწოდებ ნაცების მესამე პრეზიდენტს, მათ უნდა იცოდნენ, რომ შეურაცხადების და ფსიქიატრიული ავადმყოფების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა. ასეთებს კი რა გამოლევს „ნაცმოძრაობის“ რიგებში“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინა კი ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი არაა. ამდენად, სააკაშვილი ევროკავშირის მოქალაქე ვერაფრით ვერ იქნება. ამიტომ გაუგებარია, რატომ მოიტანა ექსპრეზიდენტმა ევროკავშირსა და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით პარალელი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა საფრანგეთის მოქალაქე იყო, თუმცა შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ანუ ორმაგი მოქალაქეობა. ასე რომ, ყოველგვარი პარალელი ამ მხრივ წმინდა წყლის პროვოკაციაა და რეალობას არ შეესაბამება. რაც მთავარია, წესით, სააკაშვილმა ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ჩართულია ქართულ პოლიტიკაში.

„სააკაშვილი კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში?! სიაში უნდა, რომ იყოს?! საქართველოში რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ქართულ პოლიტიკაშია ჩართული - ხან კვდება, ხან პოლიტიკაშია. თუმცა ოფიციალურად სიაში ვერ იქნება და პარტიის თავმჯდომარეც ოფიციალურად ვერ გახდება. ამის მიუხედავად, არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებებს იღებდა და იღებს სააკაშვილი და არა პარტიის რომელიმე თავმჯდომარე. ასევე ხდება „ქართულ ოცნებაშიც“. ეს ორი პარტია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის არაერთი საქმეა აღძრული და ესეც დამაბრკოლებელი გარემოებაა ქართულ პოლიტიკაში მის ჩასართავად.

„მეორე მხრივ, არსებობს შემთხვევები, რომ პოლიტიკაში ციხიდან ჩართულა ადამიანი, თუკი მას მოქალაქეობა აქვს და, თუკი მხარდამჭერები ჰყავს. ეტყობა, ამაზე ფიქრობს სააკაშვილი და გარე ძალების იმედი აქვს. უფრო მეტიც, „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, ეს ორიენტაცია აქვს აღებული, რომ ქართველებში ბედი არ წყალობთ და ცდილობენ, უცხოეთში დაიმკვიდრონ თავი“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.