ბახმაროში უშველებელი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემამ საზგადოებაში მღელვარება გამოიწვია. წინააღმდეგობა უკვე აშკარაა, რაც მალე შესაძლოა, საპროტესტო აქციებშიც გადაიზარდოს. უნიკალურ კურორტზე მასშტაბურ მშენებლობას მხარს არ უჭერს არც ერთი სპეციალისტი, იქნება ის ეკოლოგი, ურბანისტი, მშენებელი თუ არქიტექტორი.
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება იგეგმება. განაშენიანების დეტალური გეგმა საქართველოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. პროექტი, სხვადასხვა ასპექტთან ერთად, სამკურნალო ფუნქციასაც მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, დამკვეთია „ორბი ჯგუფი“.
ბრძანების დანართის მიხედვით, პროექტირების მიზანია ბახმაროში შეიქმნას მაღალი დონის ტურისტულ-სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი, რომელიც უნიკალური უნდა იყოს როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზეც. კომპლექსი ითვალისწინებს ბახმაროს, როგორც 12-თვიანი კურორტის ფუნქციობას.
არსებული მდგომარეობით, საპროექტო ტერიტორიამდე მხოლოდ ელექტროენერგია მიდის. რაც შეეხება წყალს და წყალარინებას, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია ბახმაროს მთლიანი კურორტის წყლით მომარაგების უზრუნველყოფა უახლოეს მომავალში.
სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კურორტზე მასშტაბური მშენებლობა, რეალურად დაუშვებელია. როგორც ურაბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელმა ანი ბიბილაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ბახმაროს იერსახე მახინჯდება და ვიზუალურად განსხვავებული ტიპის კონცეფციად გარდაიქმნება, პროექტი მიუღებელია თანმხლები რისკების გამოც.
შემუშავებულ გენგეგმაში არის გარკვეული შეცდომები, რაც აუცილებლად უნდა გადაიხედოს და მასში კორექტირება შევიდეს. იმ სახით, როგორითაც „ორბი“ ბახმაროში სასტუმროს აშენებს, კურორტისთვის საშიში ტენდენციის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. ბიბილაშვილი მშენებელ კომპანიას, ასევე მთავრობას, საკუთარ რეკომენდაციას სთავაზობს, რაც მისი თქმით, ოპტიმალური ვარიანტია.
„სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გენ.გეგმაში ნამდვილად ჯდება თეორიული არსით, ამტკიცებს იმას, რომ გენგეგმამ თავის დროს შეცდომა დაუშვა, როცა ასცდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ევროპის საუკეთესო გამოცდილებას. პროექტის მომხრეების არგუმენტია, რომ შვეიცარიის ქალაქებშიც შენდება მასშტაბური სასტუმროები, რაც არასწორი შედარებაა.
ბახმარო მცირე ზომის დასახლებაა და დიდ ქალაქთან მისი მსგავსება აბსურდია, თუმცა შვეიცარიას აქვს ძალიან კარგი მაგალითები, როგორც უნდა განვითარდეს ანალოგიური ტურისტული მიმართულება. შედარებისთვის, ბერნი რომ ავიღოთ, იგი ინარჩუნებს ერთსაუკუნოვან ხის კოტეჯებს და ამ დასახლების იერსახე ხელუხლებელია. კურორტს სამეფო ოჯახის წევრები და ცნობილი ადამიანები სტუმრობენ. ძალიან საინტერესო ადგილია მსოფლიო ტურიზმისთვის, ამიტომაც ეს პრაქტიკა ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. ცხადია, ბახმარო უნდა აშენდეს და განვითარდეს, მაგრამ იმ მასშტაბით და ფორმით, რაც ავთენტურობას შეუნარჩუნებს და რამდენიმე წლის შემდეგ გაცილებით დიდ შემოსავალი მოიტანს“, - განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ ანი ბიბილაშვილმა.
ზუსტად იგივე მოსაზრებისაა არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ბახმაროში ერთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა, სამომავლოდ ბევრი უმასშტაბო ობიექტის გაჩენის წინაპირობა გახდება.
არქიტექტორი ფიქრობს, რომ კურორტი მცირე მოცულობის ინფრასტრუქტურით უნდა განვითარდეს.
„ყველასთვის ცნობილია რამდენად უნიკალურია ბახმარო ლანდშაფტით, ეკოლოგიით, ჰაერით. ის პრეცედენტი, რომელიც პროექტით უკვე დაშვებულია, გამოიწვევს ბევრ ასეთ ახალ პროექტს. ამას ექნება შესაბამისი განვითარება ისეთი, როგორც სხვადასხვა რეგიონებში გვინახავს. აუცილებლად განვითარდება ამ მხრივ და აშენდება ბევრი დიდი, უმასშტაბო ობიექტი.
პირველ რიგში პრეცედენტულობაა პრობლემა. ამ პროექტის წინააღმდეგი შესაძლოა, არ ვყოფილიყავი სხვა არეალში, მაგრამ ბახმაროს მე უფრო ფაქიზად და ფრთხილად მოვეპყრობოდი. არ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე, როგორც შვეიცარიაში, სადაც კენჭს უყრიან და მოსახლეობა წყვეტს დაუშვან თუ არა ესა თუ ის მშენებლობა. ჩვენ შორს ვართ ასეთი ქვეყნის მოწყობისგან, ამიტომ გადავიზღვევდი თავს ამ პროექტის შექმნისგან.
მიზიდულობის ცენტრის გაჩენა შეიძლებოდა გარკვეული ურბანული მოედნის გაჩენით, რომელიც იქნება მთელი განაშენიანებისთვის. ასევე მცირე მოცულობების კრებული ყოფილიყო ამ მოედნის შემდგენელი და არა ერთი დამოუკიდებელი კომპლექსი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დანაწევრებულია, ტერასულად ჩამოდის და ის მაინც ერთი დამოუკიდებელი ორგანიზმია,“ - განაცხადა გუჯეჯიანმა.
„სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე კომპანია „ორბი ჯგუფის“ ბახმაროს პროექტთან მიმართებით უმნიშვნელოვანეს კომპონენტად საჯაროობას მიიჩნევს. როგორც სალუქვაძე „საქმიან დილასთან“ კომენტირებისას აცხადებს, აზრთა სხვადასხვაობის და შიშების ძირითადი საფუძველი არასრულყოფილი ინფორმაციაა, რომლის ამოვსება ფართო დისკუსიის ფორმატში, აზრთა შეჯერებით არის შესაძლებელი.
„იმდენად შეშინებულები ვართ და იმდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რომ გვეშინია ყველა ახალი მშენებლობის. ის კურორტები, რომელიც ჩვენთვის საამაყოა, ისეთ მდგომარეობაში ჩავაგდეთ, რომ ახლა ერთი კომპლექსის მშენებლობასაც კი სიფრთხილით ვუდგებით. ნეტავ ასე ყოფილიყო თავიდანვე სხვა კურორტებზეც და ასეთ მდგომარეობაში არ ჩავცვივდებოდით.
ბევრს ვუსმინე ამ დროის განმავლობაში და ყველას თავისი სიმართლე აქვს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია არა ტელევიზიების მეშვეობით ელაპარაკოს ეს ხალხი ერთმანეთს, არამედ საჯაროობა იყოს. ჩვენ ხომ ვაღიარეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როცა ამგვარი პროექტები იქმნება? თუ ვინმეს რამე დასამალი არ აქვს, მწვავე პოლემიკაში განვიხილოთ ეს საკითხები.
ჩვენთან გავრცელებული ფრაზაა „ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთ“ და შემდეგ ეს იძლევა იმ შედეგს, რასაც ყოველდღიურად ფანჯრებიდან ვუყურებთ. აქედან გამომდინარე საჯაროობაა ჩემი რჩევა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე დეველოპერებისთვის.
უსაფრთხოებაც მაწუხებს, არ ვართ ისეთ გარემოში, რომ მწვავე შედეგებს ვიმკით თუ რა? მთის კურორტია, ალბათ, შესწავლილია, თუმცა ჩვენ არ ვიცით. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალუქვაძემ.
ასეთი პროტესტის მიუხედავად, „ორბიმ“ პროექტის პრეზენტაცია გამართა და აპარტამენტების გაყიდვაც დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბახმაროში წარმოდგენილი 350-ნომრიანი სასტუმროს გარდა, სხვა ტიპის კომპლექსის მშენებლობას არ განიხილავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, რომ წარდგენილი პროექტით კოეფიციენტი უკვე სრულად ათვისებულია, რაც სამომავლოდ რაიმე ტიპის მშენებლობას გამორიცხავს.
„ჩვენ უახლოეს მომავალში, სივრცითი დაგეგმარების სააგენტოსთან ერთად, ვხსნით ფართო მსჯელობას სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბახმაროში არ მოხდეს ქაოსური განაშენიანება. თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელი მიზიდულობის ცენტრი ბახმაროს სჭირდება ორივე პირობებში, თუ ის კოჯეტურად ან სხვა ტიპის განაშენიანებით განვითარდება.
ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების იქით ფიზიკურად ვერ წავალთ. აღარ არის მიწის ნაკვეთი, სადაც ეს შესაძლებელია. ყველა არის 50-100 კვ/მ და ყველა კერძო საკუთრებაში, ამიტომ ფიზიკურადაც და თეორიულადაც გამორიცხულია იქ რაიმე სხვა ტიპის მშენებლობაზე ვისაუბროთ, შესაბამისად შიში აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
მესმის იმ ადამიანების, ვისაც თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ კურორტი 100 წელზე მეტს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერც კოტეჯური ტიპის განაშენიანება, ვერც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ვერც მნიშვნელოვანიო ტურისტული ნაკადების მიღება. ამის მიზეზია ის, რომ ვერ გადაიდგა პირველი სალოკომოტივო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯი“, - განაცხადა კვერღელიძემ.
დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია სამ ეტაპად.
პირველ ეტაპი - სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა.
მეორე ეტაპი - მიწისქვეშა ავტოსადგომები, სპორტული მოედნები და საინჟნრო ინფრასტრუქტურა.
მესამე ეტაპი - მისასვლელი გზები, სარეკრეაციო სივრცეები და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მშენებლობის ხანგრძლივობა გათვლილია დაახლოებით 2 წლის ვადით და დასრულება დაგეგმილია 2025 წლის დეკემბრამდე.