„საბედისწერო შეცდომაა, როცა „ნაცმოძრაობიდან“ ასახელებენ კოალიციური მთავრობის პრეტენდენტებს, ეს ხალხისთვის სისხლიანი ცხრა წელიწადის შეხსენებაა“

„საბედისწერო შეცდომაა, როცა „ნაცმოძრაობიდან“ ასახელებენ კოალიციური მთავრობის პრეტენდენტებს, ეს ხალხისთვის სისხლიანი ცხრა წელიწადის შეხსენებაა“

კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ ახალ ამპლუაში უკვე პირველი განცხადება გააკეთა - „26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას, მოდის ხალხის მმართველობა“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ვაშაძე „ხალხის მმართველობად“ ნათლავს იმას, რაც, სინამდვილეში, ნაცთა მმართველობაა. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობით ხალხი არ შეცდება და არ წამოეგება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სატყუარას.

კარგა ხანია, ხუმრობენ, რომ გიორგი ვაშაძეს ლამის ბავშვობიდან აქვს პრემიერად გახდომის ამბიცია. მის ამ სურვილს თანაპარტიელები პერიოდულად ცეცხლს შეუნთებდნენ ხოლმე და ვაშაძესაც სწამდა, რომ ნანატრ პრემიერობას მისწვდებოდა, მაგრამ უწევდა ხოლმე სამწუხარო რეალობაში დაბრუნება და საკუთარ ოცნებაზე უარის თქმა. ასე მოხდა 2020 წელსაც, როცა გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ პრემიერობის საკითხი მისთვის იმ ეტაპზე დახურული იყო. თუმცა იქვე გამოკვეთილად გაუსვა ხაზი „ამ ეტაპზეო“, რაც სამომავლოდ ამ ამბიციის ხელმეორედ გაჩენას არ გამორიცხავდა.

სხვათა შორის, როდესაც სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის გაპრემიერების შანსებზე იყო საუბარი, ვაშაძე ყოველთვის თვლიდა, რომ სააკაშვილთან შედარებით მას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნებოდა პრემიერის პოსტზე, რადგან იგი ახალი თაობის პოლიტიკოსი იყო, სააკაშვილი კი - ძველი თაობის.

„მორჩა და გათავდა. სააკაშვილის პრემიერობა არარეალური რომ არის, თვითონაც იცის და ყველამ იცის „ნაცმოძრაობაში“, -ამბობდა სამი წლის წინ ვაშაძე.

უცნობია, დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი კვლავაც გაიმეორებს თუ არა პირვანდელ ფრაზას, რომ მისი პრემიერობის საკითხი ამ ეტაპზე დახურულია.

„ისინი ერთნი არიან, როგორც არასდროს. როდესაც ახსენებენ სიტყვა „კოალიციას“, გულისხმობენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, რადგან ოზიციური პარტიებიდან სწორედ „ნაცმოძრაობა“ შეძლებს არჩევნებში ბარიერის გადალახვას“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

დიმიტრი ხუნდაძე კი მიიჩნევს, რომ როგორ შეიძლება, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, სამადაშვილი საზოგადოებამ სხვა ძალად აღიქვას, თუ არა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია დარწმუნებულია, რომ კოალიციურ მთავრობაზე განცხადებები ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, ეს არის კეკლუცობა ევროპელი პარტნიორების წინაშე, რასაც, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩაუდგა სათავეში.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საეჭვოა, ქართულ საზოგადოებას მოეწონოს შაშკინის, გვარამიას, ვაშაძის, ხაზარაძის და სხვების დანახვა კოალიციურ მთავრობაში. For.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ არასწორად იქცევა ეს ხალხი, ვინც წინასწარ გვარებს ასახელებს, რადგან ისინი ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ეს არასწორი „პიარხოდია“ და ნაცების წინააღმდეგ მუშაობს.

„ქართველ ამომრჩეველში „ნაცმოძრაობა“ არ არის პოპულარული. ამდენად, ძველი გვარების დასახელება არანაირად არ არის უკეთესი ვარიანტი, რადგან „ოცნება“ ამას გამოიყენებს პროპაგანდისთვის და იტყვის, თქვენ გინდათ ნაცების დაბრუნება? ამიტომ უმჯობესია, უცხო გვარები დაასახელონ. სულაც არ ვარ გვარების დასახელების წინააღმდეგი, გვარების დასახელება კარგიც კია, მაგრამ დაასახელონ უცხო გვარები, არანაირი საერთო ამ გვარებს არ უნდა ჰქონდეთ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებასთან. ეს საბედისწერო შეცდომაა, რასაც უშვებს ეს ხალხი, როცა „ნაცმოძრაობიდან“ ასახელებენ კოალიციური მთავრობის პრეტენდენტებს. ეს ხალხისთვის სისხლიანი ცხრა წელიწადის შეხსენებაა. ამიტომ საზოგადოებისთვის სერიოზული ფაქტორია, განეწყონ უარყოფითად“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგის განმარტებით, კოალიციის შექმნა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. ვერავინ ვერ შეუქმნის „ნაცმოძრაობას“ ნოყიერ ნიადაგს, ქართველი ამომრჩევლის გარდა. თუ „ქართული ოცნება“ ხმების იმ რაოდენობას აიღებს, რომელიც დღეს აქვს, ის თავისუფლად ჩამოაყალიბებს მთავრობას ყოველგვარი კოალიციური მთავრობის გარეშე, მაგრამ თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება სათანადო რაოდენობის ხმები, რომ შექმნას მთავრობა, დაამტკიცოს ბიუჯეტი, დაამტკიცოს კანონები, მაშინ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ან ვადამდელი არჩევნების ხელახლა დანიშვნა, ან კოალიციურ მთავრობაზე დათანხმება. იმის მიხედვით, რამდენ ხმას აიღებს „ქართული ოცნება“, ის თავადვე გადაწყვეტს, შექმნას კოალიცია თუ არა.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება ოქტომბერში, ასევე, რა სიტუაცია იქნება უკრაინაში. სამწუხაროდ, არა მგონია, არსებითი ცვლილებები მოხდეს უკრაინაში. არ გამოვრიცხავ, მართლაც 60% აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რაზეც თავადვე საუბრობენ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის მსჯელობა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით წმინდა წყლის პიარდატვირთვაა, ტექნოლოგიური დატვირთვაა. კოალიციური მთავრობა იქმნება მაშინ, როდესაც თანაბარი ძალები არსებობს ქვეყანაში და ისინი მოლაპარაკების შედეგად კონსენსუსამდე მიდიან. დღეს კი თანაფარდობა ოპოზიასა და ხელისუფლებას შორის არ არის საიმისო, კოალიციური მთავრობა შეიქმნას.

„რაც შეეხება პრემიერად გიორგი ვაშაძის დანიშვნას, მინისტრებად გვარამიასა და სხვების დასახელებას, ასეთი პრაქტიკა არის დასავლეთში, მათ შორის, ინგლისში, ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი იქმნება, ხელისუფლების პარალელური სტრუქტურები ყალიბდება და ისინი ახორციელებენ უფლებამოსილებებს. თუმცა საქართველოში, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს კონკრეტული სახელები მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორიცაა გიორგი ვაშაძე, შაშკინი, გვარამია. ასეთი შემადგენლობის ჩრდილოვანი კაბინეტი არ უნდა შეიქმნას, ვინაიდან ეს პრეტენდენტები რეალობას არ შეესაბამებიან“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

ცუგო- Მე ძალიან მომწონს ძველი ნაცები რომ ასე აქტიურები არიან, ნაძირალას ან იდიოტი გარდა ხმას მათ არასდროს არ მიცემს, შესაბამისად უმრავლესობა არასდროს არ ექნებათ.
Ასევე ძალიან მომწონს, ოცნების განახლება...
9 თვის უკან