საქართველოში რეგიონალიზმის იდეის გააქტიურება და თვითმმართველობის სისტემის დამკვიდრებისკენ სწრაფვა ის სტრატეგიული მიზანია, რაც თვისობრივად გვაახლოვებს დემოკრატიულ მსოფლიოსთან და შესაძლებელს ხდის გაიზარდოს სახელმწიფოს მართვის ეფექტიანობის ხარისხი. ეს არის ფუნდამენტური რეფორმის დასაწყისი, რომელიც არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფო მოწყობის სტრატეგიულ მოდელს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
რეგიონალიზმისა და თვითმმართველობის იდეის ინიცირება რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს მოიცავს და ააქტიურებს. ესაა:
მართვის ტერიტორიული სტრუქტურების გაჯანსაღება და ტერიტორიული სისტემების გააქტიურება;
უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების დეცენტრალიზაცია;
რეგიონებში რეალური თვითმმართველობის მიღწევა და დამკვიდრება;
რეგიონების (და ქვეყნის) ეკონომიკური განვითარების სტიმულირება;
როგორც შედეგი: ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო მმართველობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება.
რეგიონალურ ასპექტში, სახელმწიფოს მშენებლობის ეს ფუძემდებლური პრიორიტეტები, ისტორიულად, საქართველოში დღემდე საგნობრივად, მეცნიერულად არ განხილულა და ამ პრობლემისადმი, ქართულ წიაღში ჩასახული ეროვნული პოლიტიკური ნება რეალურად არ დაფიქსირებულა. ამდენად, საქმე გვაქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმის დაწყებასთან.
რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მოწყობაში რეგიონალიზმის ფუნდამენტური ფორმის მნიშვნელობა და როგორ განსაზღვრავს ის თვითმმართველობის შინაარსს?
ფორმულა ასეთია: რეგიონალიზმი (რეგიონული მოწყობა) აყალიბებს სახელმწიფოს სხეულს, მის ფორმას. ხოლო თვითმმართველობა ამ სხეულს ანიჭებს სიცოცხლეს, რაც ეფექტიანი მმართველობის შინაარსში გამოიხატება. ის მთელ სახელმწიფოზე აისახება. დემოკრატიული მსოფლიოს უმთავრესი მოთხოვნა და მოლოდინი ჩვენი ქვეყნის და ახალი ხელისუფლების მიმართ, სწორედ ეფექტიანი მმართველობაა.
რა გვაქვს დღეს, რითი ვიწყებთ?! ე. წ. დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო დოკუმენტი პრინციპების დონეზეა შემუშავებული და ის მოქმედების სტრატეგიას განსაზღვრავს მხოლოდ 2013-2014 წლებისათვის. ასეთი გლობალური რეფორმა კი დროში განვრცობადი იქნება. მაგრამ არ არსებობს თავად სტრატეგიის განმსაზღვრელი, რეფორმის მთლიანი ციკლის მომცველი ძირითადი კონცეფცია მომდევნო 5-10 წლისთვის. ეს თითქოს პარადოქსული გარემოება მე ბუნებრივად და გასაგებად მიმაჩნია. ფუძემდებლური კონცეფციის შემუშავებას თანმიმდევრული, აუჩქარებელი მეცნიერული კვლევა და შესაბამისი დრო სჭირდება. პრინციპების და აზრის ჩამოყალიბებას კი სურვილი, ნება და მონდომება განაპირობებს. დროს ვერც შევანელებთ და ვერც დავაჩქარებთ. ამდენად, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზნის განმსაზღვრელ ერთიან სურათს, მაგრამ ვიცით რა გვინდა ზოგადად, ფრაგმენტულად. ასეთი წერტილოვან-ფრაგმენტული რეფორმის დაწყება მხოლოდ დროის დეფიციტით და საკითხის აქტუალობით შეიძლება იყოს განპირობებული, რაც მთავრობაში პოლიტიკური ნების არსებობას ადასტურებს და მხოლოდ. მეორე საკითხია, გვაქვს თუ არა საამისოდ პოტენციალი, პროფესიული ბაზა და საკადრო რესურსი ზოგადად.
რამდენად ადეკვატურად ვიწყებთ რეფორმას, რამდენად ვაცნობიერებთ საკითხის მნიშვნელობას?!
ამ უმნიშვნელოვანეს თემას უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი რეფორმის პროცესში და დროის ფაქტორის წნეხის ქვეშ, რაც რეფორმის ავტორს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უდიდეს პასუხისმგებლობას, გლობალურ ფუნქციას და მთავრობაში წამყვან როლს ანიჭებს. პრობლემა მართლაც მასშტაბურია. ასეთ ვითარებაში, საქმე რომ გამოგივიდეს, ეს საქმე უნდა გიყვარდეს. უფრო მეტიც - გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენ გიყვარს შენი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს აშენება შენი საქმეა.
რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან და რა უნდა ვისწავლოთ დემოკრატიული ევროპისგან?! აქ მცირე სალექციო ექსკურსს შემოგთავაზებთ.
რეგიონული მოდელირება სახელმწიფოს მოწყობის და მშენებლობის ერთ-ერთი საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის მოდელი. ეს, ამასთან, საზოგადოებრივი განვითარების ამა თუ იმ ფორმაციის განმსაზღვრელი ძირითადი ქვაკუთხედია. აღსანიშნავია, რომ რეგიონალიზმის იდეა, მისი თეორია და პრაქტიკა მეცნიერული კვლევის საგანს წარმოადგენს და ის თავად არის ცალკე აღებული მეცნიერება - რეგიონათმცოდნეობა.
რეგიონათმცოდნეობა - მეცნიერული ცოდნის სრულიად ახალი დარგია, რომლის განვითარებაც მსოფლიოში XX საუკუნის ბოლოს დაიწყო. ზოგიერთ ქვეყანაში ის მხოლოდ ბოლო 10 წლის მანძილზე განვითარდა (რუსეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნები).
საქართველოში რეგიონათმცოდნეობა, როგორც კვლევის საგანი, ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან და ამ კვლევის ერთ-ერთი ცენტრი ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ს/კ ინსტიტუტში შეიქმნა. თუმცა, ამ ინსტიტუტში რეგიონალიზმის ცალკეული ასპექტების კვლევა ადრეული წლებიდანაც მიმდინარეობდა. ამ ახალი მეცნიერების კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ტერიტორიული ორგანიზაცია, საწარმოო ძალების ოპტიმალური განლაგება, ეკონომიკის რეგიონული სტრუქტურიზაცია, ქვეყნის დარაიონება, ადმინისტრაციული რაიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამების შემუშავება, სამეურნეო პრიორიტეტების განსაზღვრა და ეკონომიკის რეგიონული სტრუქტურის სხვა ასპექტების შესწავლა. კვლევის ეს სფეროები უშუალოდ უკავშირდება მოსახლეობის განსახლებას, შრომითი რესურსების და ბუნებრივი რესურსების დახასიათებას, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო-სამეურნეო კომპლექსების შექმნა-მოდელირებას და სხვ.
ამდენად, რეგიონათმცოდნეობა სამეცნიერო ცოდნის ის სფეროა, რომელიც ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების ტერიტორიულ ორგანიზაციას შეისწავლის, მის მომცველ ყველა ასპექტთან ერთად. არსებულ ვითარებაში, მოსალოდნელი რეფორმის კონტექსტში, ტერიტორიულ ორგანიზაციაში უნდა ვიგულისხმოთ: რეგიონული მოწყობის ოპტიმიზაცია, რაიონში და რაიონთაშორის ეკონომიკური კავშირების დაზუსტება, ეკონომიკური რეფორმების კოორდინაცია, ეკონომიკური აქტივობების ხორცშესხმა, საფინანსო, შრომითი და საკადრო რესურსების მობილიზაცია და აქტიური ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში, ეკონომიკური და ადმინისტრაციული რაიონების შესწავლა და მათი ტრანსფორმაცია, რაიონების (მხარეების) სამეურნეო პროპორციების რაციონალიზაცია. რეგიონათმცოდნეობის კვლევის უშუალო საგანია ყველა დონის ეკონომიკური რაიონი - მცირე და დიდი ეკონომიკური რაიონი ან ზონა, სამრეწველო ცენტრი, აგლომერაცია, სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო კომპლექსი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
რა განაპირობებს რეგიონალიზმის ფორმას და შინაარსს?! ქვეყნის რეგიონული მოდელირება თვითგანვითარებადი ფენომენია. ტრადიციული კულტურის და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში რეგიონული მოწყობა ეროვნულ კულტურასთან ერთად ვითარდებოდა და ასწლეულების მანძილზე ქვეყნის ეროვნული თავისებურებების კვალობაზე ფორმირდებოდა, როგორც ერის ხასიათის განმსაზღვრელი ნიშანი.
რეგიონული მოდელის ამა თუ იმ ფორმის ბუნებრივი თვითდამკვიდრება სახელმწიფოს მართვის შესაძლებლობას განაპირობებს. შეუძლებელია ქვეყნის მართვა მხოლოდ ერთი ცენტრალური სტრუქტურით - ვერტიკალურად, ერთმმართველობით. ალტერნატივა რეგიონული თვითმმართველობაა. განვითარებული დემოკრატიისა და თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებში თავისთავად წარმოიშობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დეცენტრალიზაციის საჭიროება, რაც ეფექტიანს და ბუნებრივთან მიახლოებულს ხდის ზოგადად მმართველობას და შესაბამისად, იძლევა განვითარების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მმართველობის სისტემა იქნება არაბუნებრივი, არადემოკრატიული და არაეფექტური, რომლის მაგალითებსაც თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს.
ამდენად, ვფიქრობ, უდავოა სახელმწიფოს ეფექტიანი მმართველობის ის მთავარი პრინციპი, რომ ქვეყნის განვითარების პოტენციალი თვითონ შობს მისთვის ორგანულ და ბუნებრივ რეგიონული მმართველობის მოდელს, რაც ამა თუ იმ ეტაპზე ამ ქვეყნის სპეციფიკურ მდგომარეობას ასახავს და ამდენად, მისი კულტურის შემადგენელი ნაწილი ხდება. გამომდინარე აქედან, რეგიონული მოწყობისა და მართვის ამა თუ იმ „აპრობირებული“ მოდელის ხელოვნური გადმოღება სხვა ქვეყნისგან, არაბუნებრივი, უცხო და არაეფექტური იქნება.
საქართველოში ფეოდალური მოწყობის რეგიონალიზმი განუვითარებელ მოდელად დარჩა. ფეოდალური საქართველოდან დღევანდელ - ახალი დემოკრატიის ქვეყნამდე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და მისი ბუნებრივი განვითარება ამ მხრივ არ მომხდარა. ამიტომ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს აღნიშნული ვაკუუმის შევსება, 200 წლიანი შესაძლო ისტორიული განვითარების მოდელირება და ამ კვლევის შემდეგ შესაბამისი დასკვნების გაკეთება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეგიონული მოწყობის კონცეფციის შემუშავება და რეფორმის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა.
რა გვაქვს დღეს? რა გვინდა? და რას ვაკეთებთ?
დღეს ჩვენ გვაქვს დროის, როგორც სახელმწიფოს თავისუფალი განვითარების შესაძლო ფაქტორის დანაკარგი და მისი დეფიციტი. გვაქვს განუვითარებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის არაოპტიმალური რეგიონული დაყოფის და თვითმმართველობის სისტემა, რომელიც ძირითადად საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა. ამასთან, ვიცით რა გვინდა - გვაქვს დემოკრატიული მმართველობის და რეგიონების დონეზე თვითმმართველობის რეალური დამკვიდრების სურვილი და პოლიტიკური ნება.
რას ვაკეთებთ? - ვდგამთ პირველ ნაბიჯებს პრინციპების დონეზე და ვხელმძღვანელობთ ევროპული გამოცდილებით, ასევე - თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მოთხოვნებით, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ კონცეფციას და თვითმმართველობის უმთავრეს პრინციპებს.
როგორია რეალობა? - თუნდაც „უმთავრეს ევროპულ პრინციპებზე“ დაყრდნობით, შიგაეროვნული ძალისხმევის და მეცნიერულად დასაბუთებული კვლევის შედეგის - ქართული სახელმწიფოსთვის ორგანული რეგიონალური მოდელის გარეშე ეფექტიანი თვითმმართველობა ვერ განხორციელდება. დღემდე, არანაირი თვითმმართველობის სისტემა საქართველოში არ მოქმედებდა. ის არ მოქმედებდა ადგილობრივი საბჭოების ფორმით სოციალისტური სისტემის დროს და არც დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 20 წლის მანძილზე.
მაგრამ, ვიყოთ ოპტიმისტები. მხოლოდ მისასალმებელია, რომ ხელისუფლება რეალურად და ობიექტურად (გაცნობიერებული აუცილებლობის შეგნებით) დაინტერესდა ეფექტიანი რეგიონული თვითმმართველობის იდეით, როგორც დემოკრატიული განვითარების წინაპირობით და ამ იდეის იმპლემენტაციით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი ფუძემდებლური ნაბიჯი და ყველა შემდგომი რეფორმის საფუძველი, თუ გვსურს, რომ სისტემამ იმუშაოს ეფექტიანად და ლაღად. ამ მიმართულებით ეს პირველი ნაბიჯიც კი, სწორი სამოქმედო რუქის შექმნით, ადამიანებისთვის იქნება სტიმული და გარანტია თვითშემოქმედებისთვის ყველა დონის რეგიონულ სისტემაში. აქ მხოლოდ რეფორმის ცალკეული ეტაპების თანმიმდევრულ ამოქმედებაზე შეიძლება აქცენტების გამახვილება, რაც ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოში მის პროგრამულ გაწერაში აისახება.
რეფორმამ უნდა უზრუნველყოს არა ევროპული მოდელის მყისიერი, მექანიკური დანერგვა ქართულ სინამდვილეში, არამედ არსებული მოდელის ტრანსფორმაცია და დაახლოება ევროპულ თვითმმართველობებთან. ეს უნდა იყოს მოძრაობა ევროპული გამოცდილებისკენ საკუთარი ენერგიით და ამ ენერგიის შესატყვისი სიჩქარით.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი თვითმმართველობა დემოკრატიის არა მხოლოდ შემადგენელი ნაწილი, არამედ მისი მწვერვალია.