საშინაო დავალება პრეზიდენტისთვის - კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების რეინკარნაციით კოალიციური მთავრობის შექმნა

საშინაო დავალება პრეზიდენტისთვის - კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების რეინკარნაციით კოალიციური მთავრობის შექმნა

„ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად 2024 წლის არჩევნების წინ ცდილობს, როგორმე ცესკოს არ ჰყავდეს 5 წლით არჩეული თავმჯდომარე, არ იყოს გამართული საარჩევნო კოდექსი, რადგან ჰყავდეს ისეთი მოადგილე, რომელიც თავმჯდომარეს ყველაფერში ხელს შეუშლის; არ მისცემს საშუალებას არჩევნები ჩაატაროს ისე, რომ პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდეს. ეს არის მცდელობა, რომელიც 3 წელია გრძელდება - ვერ მოხდეს თავმჯდომარის სრულად არჩევა ან ცესკო იყოს გაუმართავი, რომ შემდეგ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

პრეზიდენტი კი ამბობს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან, ამიტომ ის მას ვეტოს დაადებს. ცესკოს დაკომპლექტების პროცესი სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, სრულიად ფიქტიური გახდა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად იზიარებენ ოპოზიციაში და ზურაბიშვილის მსგავსად, მათთვისაც განსაკუთრებით მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მისი მხრიდან მორიგ პროვოკაციად აღიქვამენ. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს ვეტოს გამოყენებისთვის არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ აქვს.

მათი აზრით, ეს არის კოორდინირებული თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციაზე. სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ცესკოს დისკრედიტირებას და არჩევნების დელეგიტიმაციას ცდილობს. „ქართულ ოცნებაში“ აკონკრეტებენ, რომ მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს და ეროვნული ბანკის შემდეგ, რადიკალურმა ძალებმა ამჯერად მიზანში საარჩევნო ადმინისტრაციაც ამოიღეს.

ზურაბიშვილის და ოპოზიციის მხრიდან ცესკოს დისკრედიტირების მცდელობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდება.

ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო. თუ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, მის ნაცვლად კანონპროექტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ ვეტო პრეზიდენტის ხელში პოლიტიკური წონასწორობის მექანიზმი კი არ არის, ეს არის პოლიტიკური სათამაშო და დარჩენილი ფუნქიით ერთობა. მეგრელიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტს ჰგონია ამით საქმეს აკეთებს და ვიღაცების თვალში ქულების დაწერას ცდილობს.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მიკერძოვებული ძალაა. მის ხელში ვეტო არის პოლიტიკური მანიპულაციების საშუალება. ის უკვე პოლიტიკურად მიეკედლა ოპოზიციურ სპექტრს, რომელსაც დესტრუქციული მიზნები აქვს. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში სუსტი შეყოვნების ვეტო მოქმედებს და მისი დაძლევა კონსტიტუციით შესაძლებელია, დაახლოებით 76 დეპუტატის ხმაა მის დასაძლევად საჭირო, რაც ეს ხელისუფლებისთვის პრობლემა არ არის. უბრალოდ, ფაქტია სამარცხვინო, რადგან საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თავს დებს იმაზე, კონსტიტუციის დამცველი ვარო, პირველი გვევლინება კანონის დამრღვევად. თუ ამ კანონს ვეტოს დაადებს, მისი დაძლევა მარტივია. პირველი, რასაც ეწინააღდეგება ოპოზიცია, ის არის, რომ თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ცესკოში პარტიული კვოტით არის არჩეული. რეალურად ეს გაუქმება ემსახურება იმას, რომ ევოპული კანონთან იყოს საარჩევნო კოდექსი თავსებადი. ამოსავალი წერტილი ერთდროულად ცესკოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს, რადგან გამოყენებული არ იყოს პოლიტიკურ ინსტუმენტად. აი, ამას უპირისპირდებიან ეს ოპოზიციური პარტიები“, - ამბობს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ისევ იმ გეგმის ნაწილია და სცენარის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ და თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლება უნდა შეცვალონ. მისი თქმით, წლებია უკვე პოლიტიკურ პარტიებზე მეტად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები არასამათავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებსაც კონკრეტული დავალებები აქვთ.

„ნაციონალურ მოძრაობას“, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რეალურად, ახალი დავალება აქვთ. უნდა მოხდეს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების რეინკარნაცია და უნდათ კოალიციური მთავრობის შექმნა. პირველი დავალება, რაც ენმ-ს ჰქონდა არის ის, რომ ისინი უნდა გაყოფილიყვნენ, ასეც მოხდა. ჩვენ მივიღებთ მელიასა და ხაბეიშვილის კლანური გაერთიანებებს. ასევე მიიღეს დავალება, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს სალომე ზურაბიშვილი. რეიკარნაცია უნდა მოხდეს იმ პირების, რომლებიც ენმ-თან ყველაზე მეტად არიან აფილირებულები და დესტრუქციულ მოქმედებებზე კონცენტრირებული.

ესენი არიან: ნიკა გვარამია, გიორგი გახარია,ზურაბ ჯაფარიძე, ელენ ხოშტარია, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს რუსული ხელწერა ქართულ პოლიტიკაში. ამ ძალებს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს. ის არის საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი. ის მზად არის მიჰყვეს დესტრუქციულად მოქმედ ოპოზიციურ ძალებს, მზადაა ქვეყნის შიგნით და გარეთ პრეზიდენტობა ნებისმიერი დავალების შესასრულებლად გამოიყენოს.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდინარე აღარ მოქმედებს. მამრაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ვეტოს გამოყენება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, მხოლოდ ყურადღების ცენტრში ყოფნას ემსახურება.

„სამწუხაროდ, როცა საქართველოს წინააღმდეგ, საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არნახული ომი დაიწყო, ზურაბიშვილი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ერთხელ არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს სრული ტყუილი იყო. ვითომ სააკაშვილს აწამებდნენ, აშიმშილებდნენ, სცემდნენ, წამლავდნენ და ა.შ. ეს დასავლეთის წამყვან პრესაში იწერებოდა.

12-წუთიანი სიუჟეტიც კი მიუძღვნა ამას „სიენენმა“. ასეთი სათაურის სტატიაც კი იყო, რომ „სააკაშვილს კლავენ ნელი სიკვდილით“. ყველაფერ ამაზე პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი ზურაბიშვილი დუმდა. საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებდა, გამოეყენებინა ტრიბუნა და მთელი მსოფლიოსთვის სიმართლე ეთქვა, რომ სააკაშვილი იყო სიმულიანტი. უფრო მეტიც, დასავლეთში მან დაიწყო ისეთი განცხადებების გაკეთება, რომ „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა. ეს იყო დამატებით ტყუილი და ზურაბიშვილის მონაწილეობა დამატებით ინფორმაციულ ომში“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევია, ახლა ცდილობს, ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებას ავნოს. მამრაძე ფიქრობს, რომ ამით ის ცდილობს ევროპელებს აჩვენოს, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლება ევროპას აცდენილია.

„მე არ მიკვირს მისი ქცევები. საქმე ისაა, რომ სააკაშვილთან და სხვა ნაციონალებთან პრეზიდენტის ყოფნა მართლა ღირსების საკითხია. ქალბატონ პრეზიდენტს ეს ადამიანები უწმაწური სიტყვებით ლანძღავდნენ და ყველანაირი მორალს სცდებოდნენ. აი, ასეთ ადამიანებთან ერთად ზურაბიშვილს ხალხი რომ ხედავს, მას საზოგადოებაზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს? მან რომ თქვას, არჩევნები გაყალბდა, ქვეყნის შიგნით ამას ნულოვანი ფასი ექნება. ამიტომაც ხელისუფლება იქცევა ძალიან სწორად, როცა თავს იზღვევს. ჩამოჰყავს სადამკვირვებლო ჯგუფები, რათა ყველაფერი გამჭვირვალე და ღია იყოს. ზურაბიშვილმა და მისმა დამქაშებმა ამის შემდეგ, რაც არ უნდა თქვან, მათ სიტყვას არავინ დაიჯერებს“, - ამბობს მამარაძე.

ცუგო- - ამიტომ უნდა მიიღონ ფარას მსგავსი კანონი, მაშინ ნათელი გახდება აგენტების უმრავლესობა ვინ არის და ვისგანა ფინანსდება... Ზურაბიშვილი მორჩილად ასრულებს დავალებას, სხვა გზა არა აქვს, ჩაბმულია თოკით და რა ქნას?!
9 თვის უკან