საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა და უწყებაზე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს.
დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ანდრია გოცირიძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელმა სამოქალაქო საზოგადოებას გენერალური ინსპექციის საქმიანობა და შიდაუწყებრივი კონტროლის კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.
ანდრია გოცირიძე სტუმრებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურასა და მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებზე ესაუბრა, ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის მუშაობით დაინტერესდნენ და მისი საინფორმაციო კამპანიის ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.
მხარეებმა გენერალური ინსპექციის დებულების დახვეწასა და ჯარისკაცებთან წესდების მიხედვით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც შეთანხმდნენ.
თავდაცვის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფები სამი მიმართულებით: თავდაცვის ტრანსფორმაციის, ნატოში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ოპერაციების და გამჭვირვალობასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები.