„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური - აბსოლუტურად - სახეზეა“

„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური - აბსოლუტურად - სახეზეა“

„სააკაშვილს შეწყალებული ჰყავს ამ წლის განმავლობაში 80 –ზე მეტი ნარკოტიკების რეალიზატორი და ასობით ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი“, - ეს განცხადება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ბესელია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი მისთვის მინიჭებულ უფლებას პოლიტიკური მიზნებისათვის, საკუთარი გუნდის დასაცავად იყენებს.

„თუ შეწყალებულთა ბოლო სიას გადავხედავთ, მათ შორის ვიპოვით ზურაბ ადეიშვილის ძმას, თინა ბურჯალიანის მეუღლეს, რომელიც კახეთის გუბერნიაში ერთ-ერთ საპასუხსისმგებლო თანამდებობაზე იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცევა და მისი ნიანგის ცრემლები, თითქოს, ბოდიშს იხდიდა რეპრესიის მსხვერპლთა და ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს ასე არ ყოფილა“, - ამბობს ეკა ბესელია.

მანამდე კი სააკაშვილმა 230 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ძმა დავით ადეიშვილი და გახმაურებულ საქმეებზე ბრალდებულები მაიზერ ლიპარტელიანი და ცოტნე მამულაშვილი. 

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეს არის პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება მორალურად გაუმართლებელია. 

რას ნიშნავს სააკაშვილის აღნიშნული ქმედება, ეს არის ვალდებულების მოხდა თანაგუნდელებისადმი თუ ცინიზმი მთელი ქართული საზოგადოების მიმართ, ამ თემაზე უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

ბატონო დიმიტრი, განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა შეწყალების ბოლო აქტი, თქვენი შეფასებით, სცილდებოდა თუ არა სამართლიანობის ჩარჩოებს სააკაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი?

- აქ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც ძალზე მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ როგორც სახალხო დამცველის ოფისმა, ასე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელეს განცხადება, რომ ფორმალურად, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალება იყო კანონიერი, რასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრება გამაჩნია. დღესაც ვითხოვ, რომ ამ საკითხზე გაიმართოს სამართლებრივი ხასიათის დისკუსია.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ ორი პირის მიმართ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს - ესენი არიან მამულაშვილი და ადეიშვილი, დაუსწრებლად მსჯავრდებული პირები, რომლებიც სააკაშვილმა შეიწყალა. ამ შემთხვევაში სააკაშვილი დაეყრდნო შეწყალების დებულების მერვე თავს, რომლითაც მას უფლება აქვს, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს ნებისმიერი პირი სასჯელის მიმდინარეობის ნებისმიერ მომენტში.

აღნიშნული ბრძანება მიხეილ სააკშვილმა გამოსცა 2004 წელს, ხოლო მერვე თავით გათვალისწინებული ეს პრივილეგია, რომელიც კომისიის გვერდის ავლით შეწყალებას გულისხმობს, დაამატა 2005 წლის 30 მაისს.

ვიდრე შეფასებას გააკეთებდნენ, სავარაუდოდ, ყველას გამორჩა, რომ დაუსწრებლად მსჯავრდებულის გასამართლების საკითხი, როგორც საკანონმდებლო აქტი, ძალაში შევიდა, 2006 წლის ივნისში. ანუ მანამდე ეს არ არსებობდა და დაუსწრებლად მსჯავრდებულთა მიმართ რაიმე შეწყალების გამოყენების, როგორც სამართლებრივი, ასე მორალური კრიტერიუმი არ არსებობდა.

შესაბამისად, სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსწრებლად მსჯავრდებული ორი პირის შეწყალების თაობაზე არის სამართლებრივი ხასიათის ნონსენსი. მას არ ჰქონდა ამისი უფლება, იმიტომ, რომ მკაცრად, ნათლად და იმპერატიულად არის მითითებული, რომ სასჯელის ათვლის ვადა, ანუ სასჯელის მოხდა უნდა იყოს დაწყებული იმისათვის, რომ მსჯავრდებული შეიწყალო.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას და რეზო ჭარბაძის შეწყალების აქტს, რომელიც ასევე ციხის ბუნტის საქმეშია ბრალდებული, რას ნიშნავს სააკაშვილის მხრიდან შეწყალება და პლუს ღირსების ორდენით დაჯილდოება?

- ბაჩო ახალაიას, რეზო ჭარბაძის და მსგავსი პირების შეწყალების საკითხი, იმ პირებისა, რომლებიც არაერთი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში არიან მხილებული, რასთან დაკავშირებითაც არაერთი მტკიცებულებაა საზოგადოებისთვის ცნობილი, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი, ერთგვარი ცინიზმის კონტექსტის ქვეშ, რაც სააკაშვილს ყოველთვის ახასიათებდა-ხოლმე.

სააკშვილი ანალოგიურად იქცეოდა ჯერ კიდევ 2009-2010 წლებში, როდესაც იგი საარჩევნო მიზნებისთვის განსახორციელებელ შეწყალებებს აწერდა ხელს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი, ასეულობით პირი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიაში მსჯავრდებული. ნარკოტიკების რელიზატორებს, კონტრაბანდისტებს, ყაჩაღებს, მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც 15-16 წლით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, პრეზიდენტი სააკაშვილი იწყალებდა სასჯელის მიმდინარეობის მეთერთმეტე-მეთორმეტე თვეში.

საუბარია პოლიტიკური ხასიათის კორუფციაზე, როდესაც საარჩევნო მიზნებისთვის ხორციელდებოდა აღნიშნული აქტი, ხოლო ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პირდაპირ ცინიზმს საზოგადოების მიმართ, რაც გულისხმობს იმ პირის შეწყალებას, რომელიც წამების, არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახავ არაერთ სერიოზულ დანაშაულში არის მხილებული.

დღევანდელი ხელისუფლების მინუსია, რომ ვაშლის სათლელი დანის ტარით მიყენებული სხეულის დაზიანებისთვისაც კი ვერ მოხერხდა ახალაიას მიმართ გამყარებული ბრალის წარდგენა. ასევე ე.წ. 7 სპეცნაზელის შესახებ აღძრულ ფაქტზე ვერ დაიჭირა ბრალმა თავი.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოძიებას საერთოდ არ უმსჯელია ციხეში ბაჩო ახალაიას მიერ ნაწამები პატიმრების საქმესთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება დაწყებული იყო ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში - ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, გიორგი ჩუბინიძემ პირდაპირ გააკეთა განცხადება, თუ როგორ აწამებდა მას ბაჩო ახალაია ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როგორ ურტყამდა შამპანურის ბოთლს მოტეხილ ფეხზე, რომელიც გირით ჰქონდა ჩამოკიდული...

თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ან რა შეფასებას გააკეთებთ, რატომ ვერ ჩატარდა სრულფასოვანი გამოძიება?

- საქმეც ისაა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება თეა წულუკიანს, იმიტომ, რომ ის მაშინ გენერალური პროკურორის თანამდებობასაც ითავსებდა იუსტიციის მინისტრობასთან ერთად და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირების მიმართ წარსადგენი ბრალის პრეროგატივა სწორედ მას ეკუთვნოდა.

მაშინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ბრალი იყო გამყარებული და მტკიცებულებათა ერთობლიობით ბაჩო ახალაია უეჭველად წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე, რომ ვერ მოახერხებდა თავის დაძვრენას ამ დანაშაულებებში.

მოგეხსენებათ, რომ მესამე ბრალდება, რომელზეც დადგა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და რომელ ნაწილშიც შეიწყალა სააკაშვილმა ახალაია, რეალურად ემყარებოდა ისეთ მტკიცებულებებს, რომელზეც, მე ვფიქრობ, სერიოზული განაჩნი უნდა დამდგარიყო. საუბარია რამდენიმე პირის წამების ფაქტთან დაკავშირებით.

მართალია, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ტირაჟირებას ახდენს, თითქოს, ქურდების მიერ არის ბრალდებული ბაჩო ახალაია, მაგრამ მათ და ვინც არ იცის, მათაც შევახსენებ, რომ იქ ნაწამები ადამიანებიდან არც ცინდელიანი და არც ვიბლიანი არ წარმოადგენდნენ ქურდულ სამყაროს, ისინი ე.წ. კანონიერი ქურდები არ იყვნენ. ამასთან დაკავშირებით რატომღაც კომენტარი არავისგან არ გაკეთებულა.

თუ პატიმარი ბრალდების მოწმეა, არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენებები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის წინააღმდეგ? ეს ხომ ნონსენსია, მაგრამ ამ საკითხში ხელისუფლების მხრიდან უსუსურობას წავაწყდით.

ეს უსუსურობა იყო თუ კოაბიტაციის შედეგი?

- შედეგობრივად ეს არის უსუსურობა, მაგრამ მიზეზობრივად, რა თქმა უნდა, არის იმ მახინჯი, დანაშაულებრივი კოაბიტაციის პროდუქტი, რომელიც დამნაშავე რეჟიმთან თანამშრომლობის შედეგად წარმოიშვა. ასე რომ, უსუსურობა ის არის, რაც ზედაპირულად დევს და თვალში გვხვდება, მაგრამ კოაბიტაციის და პოლიტიკური გარიგების შედეგია, რასაც ადგილი აქვს მასობრივად - იმ პირების პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, რაც ორი პოლიტიკური ძალის თანამშრომლობის საბოლოო შედეგია - ეს ფაქტია და სახეზე გვაქვს.

წინასაარჩერვო კამპანიისას გიორგი, მარგველშვილი აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია დამთავრდებოდა. მიდის პრეზიდენტი სააკაშვილი და როგორც ჩანს, წასვლის წინ იწყალებს ყველას, ვინც მოესურვება, როგორც თქვენც აღნიშნეთ დგამს პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე ნაბიჯებს. როგორ ფიქრობთ სააკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ კოაბიტაცია რეალურად დასრულდა და ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესები დაიწყება?

- მოდით, მოვუხმოთ ფაქტებს. მოგეხსენებათ, რომ როდესაც სააკაშვილის რეჟიმის და კონკრეტულად სააკაშვილის გასამართლების საკითხს განვიხილავთ, კოლექტიურ სააკაშვილში უნდა ვიგულისხმოთ ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია და ყველა ის შემოქმედი რეჟიმისა, რომლებიც ინაწილებდნენ ძალაუფლებას და კონკრეტულ სფეროებზე იღებდნენ პასუხისმგებლობას.

როგორ შეიძლება სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ისე, რომ ზურაბ ადეიშვილის პასუხისმგებლობაზე არ ვიმსჯელოთ? არადა შევაფასოთ სამართლებრივად რა სტატუსის ქვეშ იმყოფება იუსტიციის ყოფილი მინისტრი - პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ მას წაუყენა კონკრეტული ბრალდება, არის ქვეყნიდან გაქცეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და მის წინააღმდეგ არ წარმოებს საერთაშორისო ძებნა!

მეტიც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის იმყოფება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, უნგრეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იკავებს იქ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობას, არის მისი მრჩეველი და ამასთან დაკავშირებითაც არანაირი კომენტარები არ კეთდება. რა უშლის ხელს საქართველოს სახელმწიფოს იმასათან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ხასიათის პოტენციური ძებნილი მართლაც გადასცეს წითელი ცირკულარით და კატეგორიულად მოითხოვოს მის მიმართ ძებნის განხორციელება?!.

თქვენ რას ფიქრობთ, რა უშლის ხელს?

- არაფერი. უბრალოდ არაფერი არ კეთდება, სამაგიეროდ, გვესმის პრემიერ-მინისტრის მხრიდან დითირამბები ადეიშვილის ნიჭიერებისადმი. ესეც აბსოლუტურად გაუგებარია იმ კონტექსტში, როდესაც პირს ოფიციალურად წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სახელით და პირი არის მიმალვაში.

ანუ თვლით, რომ კოაბიტაცია გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება?

- როგორც ჩანს, გაგძელდება და ამ შემთხვევში კოაბიტაციის მძევლები არიან არა ძველი, არამედ ახალი ხელისუფლების პირები და უშუალოდ პრემიერ-მინისტრი. იმის ნაცვლად, რომ ადეკვატურ განცხადებას აკეთებდეს ძებნილი და ბრალდებული პირის მიმართ, მას მოიხსენიებს როგორც ნიჭიერ ადამიანს, პიროვნებას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში გამორჩეული მინისტრი იქნებოდა - ასეთი „კომპლიმენტიც“ მოვისმინეთ. აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტული პირის პიროვნულ თვისებებზე, აქ ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც არის ბრალდებული საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ კონკრეტულად ჩადენილი სამოხელეო დანაშაულებისთვის.

მას შემდეგ რაც სააკაშვილმა შეწყალების ბოლო აქტი გამოსცა, არასამთავბრობო სექტორის წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის ოფისმა წამოაყენა წინადადება, რომ პრეზიდენტს შეეზღუდოს შეწყალების უფლება. რამდენად სწორი იქნება, რაკი სააკაშვილმა ბოროტად ისარგებლა ამ უფლებით, ამის გამო უფლება შევუკვეცოთ მარგველაშვილს?

- საქმე ისაა, რომ უფლება კი არ უნდა შეეზღუდოს - უფრო მგონია, არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა - იდეა არის სწორი, ლაპარაკია იმაზე, რომ კონსტიტუციის დონეზე უნდა იყოს რეგულაციაში მოქცეული შეწყალების შესაძლებლობა, ანუ საზღვრები ამ შეწყალებისა. შეუძლებელია, რომ საქართველოს სასამართლო, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, საქართველოს სახელით ადგენდეს სასამართლო აქტს მიმალვაში მყოფი პირის მიმართ და მას პრეზიდენტი იწყალებდეს.

ეს არამორალურია და სამართლებრივი რაციონალიზმის ყველანაირ ჩარჩოს ცდება. ამიტომ, მსგავსი ტიპის შემთხვევები სწორედაც რომ აღწერილი და შეფასებული უნდა იყოს თუნდაც კონსტიტუციის ქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

ანუ, საუბარია მხოლოდ კორექტირრებაზე?

- უნდა იყოს დაზუსტებული, დაკონკრეტებული, რა შემთხვევებში არ შეიძლება გამოყენებული იყოს პირის მიმართ, რა შემთხვევაში ვერ უნდა იყენებდეს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას პრეზიდენტი. ვინაიდან სააკშვილის შემთხვევაში, ფორმულა, რომ ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური - აბსოლუტურად, ნამდვილად სახეზეა. სახეზეა სრულიად არაადეკვატური, უზნეო შეწყალების აქტი, რომლითაც ფაქტობრივად, დარღვეულია ყველა სამართლებრივი ნორმა. შეწყალებული ჰყავს ისეთი პირები, რომლებიც არა მხოლოდ მსჯავრდებისა და გამოძიების წინაშე არ წარსმდგარან, არამედ მათი პოზიციაც კი არ ვიცით წაყენებული ბრალის შესახებ.