ოპოზიციის ახალი სტრატეგია - ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დისტანცირებით და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანების შედეგად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობას და 25%-მდე აღებას შეძლებს. გვარამია ამბობს, რომ ენმ ამ პოლიტიკური მოცემულობით მისთვის მიუღებელია და ხმას არ მისცემს. ასევე, გვარამია ადასტურებს, რომ მას მოლაპარაკებები აქვს, ნიკა მელიასთან, ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და „ლელოსთან“. მისი აზრით, თუკი ეს გაერთიანება მოხდება, ისინი მარტში უკვე საზოგადოების წინაშე ერთიანი სახით წარსდგებიან.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ასევე ყოფილ პრემიერთან გიორგი გახარიასთან წარსულზე კითხვები აღარ აქვს. ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შესაცვლელად მზადაა, „ნაცმოძრაობის“ გარდა, გახარიას პარტიასთანაც ითანამშრომლოს. „ყველა მინუს „ოცნება“ - ასეთია გვარამიას ფორმულა, სადაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ადგილს გიორგი გახარიასთვისაც ხედავს.
მის ამ განცხადებას კი გახარია ასე გამოეხმაურა: „ნუ გვეტენებით“. ექს-პრემიერის პარტიაში ამტკიცებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებთან თანამშრომლობა არც ერთ ფორმატში არ სურთ. თუმცა, არ ხსნიან, რატომ დათანხმდნენ რეგიონების საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, რომელიც დღემდე გრძელდება.
„სიცრუე ამომრჩევლის შეცდომაში შესაყვანად“, - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, ოპონენტების განახლებულ ტაქტიკაზე. კანონმდებლების აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ შენიღბვის ნებისმიერი მცდელობა, წარუმატებელი იქნება. მათი თქმით, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არჩევნებზე ბარიერის გადალახვის მიზერული შანსიც კი არ აქვს.
საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ნაწილი „ფორდ მუსტანგით“ ქვეყნის შემოვლას, ნაწილი წარსულის დავიწყებას, ნაწილიც კი არჩევნებამდე „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას გეგმავს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ჩამოუყალიბებლი ამომრჩევლის მიმხრობის შანსი მინიმუმამდე აქვს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ის ელექტორატი, რომელსაც არ სურს არც „ოცნება“ და არც ნაციონალები“ ნიკა გვარამიაში ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას ვერ დაინახავს.
„არ ვიცი, რისი იმედი აქვს გვარამიას და რაზე აკეთებს ასეთ გათვლას. ის არ არის იმ ამომრჩევლის გემოვნების პოლიტიკოსი, რომელიც ე.წ. ჩამოუყალიბებელი და შუაშისტია. ასეთ ელექტორატს არც „ოცნება“ უნდა და არც ნაციონალები, ამიტომ გვარამია, რომელიც ნაციონალების ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, ასეთ ამომრჩეველს ვერ დააინტერესებს. მისი წარსული არის ამ ხალხისთვის პრობლემა. არც ის მესმის, რატომ შეიძლება „ლელოს“ ან გიორგი გახარიას მასთან კოალიცია სურდეს.
ორივე მათგანი სწორედ ამ ე.წ. ამომრჩეველზე მუშაობს. მათთვის გვარამიასთან და ყოფილ ნაციონალებთან აფილირება, პირიქით - დამაზიანებელი იქნება. არ ვიცი 25%-ს საიდან აგროვებს, მაგრამ თუ ნიკა მელიასთან არ გაერთიანდა და სხვა ნაციონალებისგან გამოყოფილ პატარა პარტიებთან, 5%-საც ვერ გადალახავს. თუ მელია ცალკე დარჩა და არ მოხდა მელია-გვარამიას გაერთიანება, მაშინ ამომრჩეველს პირიქით, ერთმანეთს წაართმევენ და ჩაძირავენ. მათი ამომრჩეველია ნაციონალებზე განაწყენებული, ოღონდ სულით და ხორცით ნაცი, რომელსაც შესაძლოა, ეს ახალი მენეჯმენტი არ მოსწონს და განაწყენებულია. აი, ასეთ ელექტორატზე დაჯდება მელიაც და გვარამიაც. სხვა ამომრჩევლის მიმხრობის შანსები ნაკლებია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია არის იმ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ყველაზე გამორჩეული სახე. გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ როგორც არ უნდა მან იერსახე შეიცვალოს, საუბრის მანერა დახვეწოს, მისი რეალური სახე რაც არის საზოგადოებამ კარგად იცის. ამიტომ მისი ფორმულა თუ გათვლები პოლიტიკურად არარეალურია.
„გვარამიასნაირი უპრინციპო და უთავმოყვარეო პიროვნება ჩვენს მოსახლეობას არ უყვარს. ახლა რაღაცა როლშია შესული და ცდილობს ამით საზოგადოება მოატყუოს. გვარამია იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ძალიან მნიშვნელოვანი სახე. ის იყო იუსტიციის მინისტრი, ასევე განათლების მინისტრი და გენერალური პროკურორი. ხალხს რასაც უშვრებოდა და როგორ წირავდა, არავის დავიწყებია. ახლა რაღაცას ფაფხურობს და ვითომ რაღაცა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს. ძალიან კარგი იქნება თუ ეს მეცოცხეები ყველა ერთად შეიკრიბებიან და ხალხი მათ 2024 წელს პოლიტიკურ სანაგვეზე ერთნაირად მოისვრის. საქმე ისაა, რომ გვარამია ნაციონალების ელექტორატს თუ მიიმხრობს, თორემ სხვა ამომრჩეველი მაგას და მაგის დამქაშებს არ ჰყავთ. ეს კაცი არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი და მათთვის თავის მოსაწონებლად რაღაცა პოლიტიკოსის ილუზიის შემქნას ცდილობს“, - ამბობს გვენეტაძე.
რაც შეეხება გვარამიას გახარიასთან კოალიციას, გვენეტაძე ამბობს, რომ ექს-პრემიერი მისგან უნამუსობით დიდად არ განსხვავდება, გახარიას როცა დასჭირდა ნაციონალებთან საკრებულოებში კოალიცია მშვენივრად შექმნა. ამიტომ თუკი კიდევ დასჭირდება, გვარამიასთანაც მშვენივრად ითანამშრომლებს. გვენეტაძე ამბობს, რომ სწორედ გვარამია იყო ის პირი, ვინც გახარიას უშვერი სიტყვებით 2019 წლის ივნისის მოვლენების გამო ლანძღავდა, ახლა კი წარსულზე კითხვები არა აქვს. თუმცა ისტორიკოსი ამბობს, რომ „მსგავს უპრინციპო“ ადამიანებისგან სხვას არც არაფერს ელის.