პრეზიდენტი მედვედევი მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს მოუწოდებს, „ექსტრემიზმს ერთად დაუპირისპირდნენ“. შესაძლოა რუსეთის სინოდმა სასულიერო პირებს პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც მიანიჭოს.
თბილისში არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვის საპატრიარქომ ქართულს ექსტრემიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა შესთავაზოს. თუმცა რუსეთის სასულიერო პირების ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლო ჩართვა აბსურდულად და მიუღებლად მიაჩნიათ.
ექსტრემიზმთან ერთობლივი დაპირისპირების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა მედვედევმა ეპისკოპოსთა საბჭოს მონაწილეებისა და პატრიარქ კირილისადმი მისალმებაში გააკეთა.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს პარტნიორული ძალისხმევა ეთნიკური და რელიგიური ექსტრემიზმის აღკვეთისკენ და ქვეყანაში კონფესიათაშორისი და ეროვნებათაშორისი თანხმობის მიღწევისკენ იყოს მიმართული“, - განაცხადა მედვედევმა.
მან რუსეთის ეპისკოპოსთა საბჭოს „თანამედროვე რუსეთის მსხვილი და ავტორიტეტული საზოგადოებრივი ინსტიტუტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „მისი უმაღლესი ორგანოს იერარქიული მართვის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის აქტუალური ამოცანების რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეპისკოპოსთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო ორგანოებათან და სამოქალაქო ინსტიტუტებთან კონსტრუქციული დიალოგის გამტკიცებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მედვედევმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა შესაძლოა, სასულიერო პირებს პოლიტიკური საქმიანობის უფლება მიანიჭოს. შესაბამისი პროექტი, რომელმაც საჯარო განხილვა გაიარა, რუსული ეკლესიის უმაღლესი ორგანოს დამტკიცებას ელის.
„სასულიერო პირების საერო ძალაუფლებისთვის ბრძოლაში არმონაწილეობა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ფუძემდებლურ პრინციპად რჩება. მათთვის მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური მრწამსის ქადაგება და პირადი შეხედულებების გახმოვანებაა დასაშვები. ამ პრინციპების ხელშეუხებლობის მიუხედავად, პროექტი „განსაკუთრებული საეკლესიო საჭიროების შემთხვევაში“ მათ დარღვევას ითვალისწინებს“ - განმარტა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მისივე თქმით, სასულიერო პირს შეეძლება, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთოს და არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს, თუ სინოდისგან შესაბამის კურთხევას მიიღებს, თუმცა მის მიერ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობა და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების შესაბამისად, კვლავაც დაუშვებელია.
„ამ თემაზე დისკუსია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეთანხმებული ტექსტი სინოდის კრებაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა და აქვე დასძინა, რომ „დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოში, მართლმადიდებელი სამყაროსგან განსხვავებით, სასულიერო პირებისთვის პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა დაშვებულია“.
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, „ქრისტიანულ-დეოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პრეზიდენტ მედვედევის მოწოდების მიღებისა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში სახელმწიფოსთან ერთად ჩართვის შემთხვევაში მან ქართულ ეკლესიას თანამშრომლობა შესთავაზოს.
როგორც „პირWელს“ ლორთქიფანიძემ განუცხადა, „მედვედევის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ეს მოწოდება მნიშვნელოვანია“.
„მედვედევს სურს, ექსტრემიზმს, როგორც ძალზე სერიოზულ საშიშროებას ეკლესიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ებრძოლოს. ეს დადებითი სვლაა და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ იგი რუსეთის საზოგადოებისთვის ეკლესიისა და მართლმადიდებლობის უდიდეს როლს აღიარებს“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა და აქვე დასძინა, რომ „რუსული ეკლესია ექსტრემიზმს მარტო ვერ შეებრძოლება და შესაძლოა, ამ ბრძოლაში ჩართვის თხოვნით მოძმე ქართულ ეკლესიას მიმართოს“.
„ცუდი არ იქნება, თუ მოძმე ეკლესიები საერთო საშიშროების წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ“, - თვლის ლორთქიფანიძე, რომლის აზრით, „კარგი იქნება, თუ მედვედევის მაგალითზე ეკლესიისადმი მსგავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებაც გააკეთებს“.
ამავე დროს ვაჟა ლორთქიფანიძეს რუსეთის სასულიერო პირების ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლო ჩართვა აბსურდულად და მიუღებლად მიაჩნია.
როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, რუსეთში მოღვაწე სასულიერო პირებისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭება „არასწორი იქნება, რადგან თავად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს“.
„1990 წელს, საქართველოში ჩატარებული მრავალპარტიული არჩევნების დროს კომუნისტების სიით ერთი მღვდელი გავიდა. შემდეგ უწმინდესმა სასულიერო პირების პოლიტიკური საქმიანობა აკრძალა. პოლიტიკა სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას ნიშნავს და ეს საქმე პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. ისევე, როგორც პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს, სასულიერო პირებიც არ უნდა ჩაერიონ პოლიტიკურ საქმიანობაში. საერთოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება, მღვდელს პოლიტიკური იდეოლოგია ჰქონდეს?!“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამ კონტექსტში „პირWელმა“ კითხვა მამა იობის პოლიტიკური ხასიათის ცნობილ განცხადებებთან დაკავშირებითაც დასვა, თუმცა ყოფილმა ელჩმა ამ საკითხზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ლორთქიფანიძემ თავად კირილის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და ის გარემოება აღნიშნა, რომ „რუსეთის პატრიარქი, წინამორბედთან შედარებით, პოლიტიკურ განცხადებებს უფრო ხშირად აკეთებს“.
„პატრიარქ კირილს ვიცნობ. იგი ძალიან განათლებული ადამიანია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედთან შედარებით, კირილი უფრო მეტად ეხება პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. ფაქტია, რომ პროექტი, რომელსაც სინოდი იხილავს და რომლის მიზანი სასულიერო პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლების მინიჭებაა, რუსეთის ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ორმხრივი სურვილია“, - განაცხადა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, „რუსეთის ეკლესია ავტოკეფალურია და უფლება აქვს, სასულიერო პირებს პოლიტიკური საქმიანობის უფლება მიანიჭოს“.
„საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, სასულიერო პირებს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ გააჩნიათ. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის, კერძოდ, ხმის მიცემის უფლება გვაქვს, თუმცა საკუთარი კანდიდატურების წამოყენება გვეკრძალება. რაც შეეხება საკუთარი პოლიტიკური მრწამსის ქადაგების უფლებას, ეს არც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში იკრძალება, თუმცა სასულიერო პირს მხოლოდ საკუთარი და არა ეკლესიის პოზიციის გახმოვანება შეუძლია“, - განაცხადა მამა მიქაელმა.