ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის განცხადებით, შემოდომაზე ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს უნდა უთხრას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და კონკურენტუნარიანი. მისი თქმით, ამ შეფასების გარეშე, ვერ ვიქნებით კმაყოფილი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებით, აი, ამ თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა ქართულ პოლიტიკაში და იმას, რასაც მამუკა ხაზარაძე და მისი პარტია აკეთებს, პოლიტიკისგან შორს არის და ამავე დროს, სწორი მიმართულებაც არ ჩანს.
for.ge ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
ბატონო ვაჟა, როგორ აფასებთ „ლელოს“ ლიდერის საარჩევნო გზავნილს - „არჩევნების შემდეგ ივანიშვილს გავუშვებთ მოსკოვში“, ამომრჩევლის რა კატეგორიაზეა გათვლილი ასეთი გზავნილები და საერთოდ, რას სძენს თვითონ პარტიას ასეთი რადიკალური საარჩევნო გზავნილი?
ვაჟა ბერიძე: საერთოდ, საინტერესო დროში ცხოვრება არის წყევლა და 80-იანი წლებიდან მოყოლებული ვიწვნიეთ ეს წყევლა. არ მთავრდება ეს საინტერესო დრო და ამავე დროს, საინტერესო პროცესების თანაზიარნი ვართ, რაც თავისთავად არის ძალიან საინტერესო. სადღაც ეს ჭეშმარიტება რომ ორთქლდება, იზრდება დიდი გლობალური ხიფათი კატაკლიზმების და აქ განსაკუთრებული ყურადღება მართებს მცირერიცხოვან ერებს, რომლებიც გონივრულად უნდა მოიქცნენ. ყველა შემთხვევაში, ალტერნატივებიდან საუკეთესო უნდა შეარჩიონ, რასაც ჩვენს შემთხვევში ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ რამდენი არჩევანიც გავაკეთეთ და რამდენი მიმართულება შევიცვალეთ, იმდენი შეცდომა დავუშვით, რაც არ არის კარგი. როდესაც ამ სიტუაციას ვაანალიზებ, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ხიფათი იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რას გულისხმობთ?
- იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილი დამოუკიდებელი ახალი ქვეყნები დიდი განსაცდელის წინაშე დგანან, მათ უნდა დაამტკიცონ და დაასაბუთონ, რომ თავისუფლების და არსებობის უფლება მოიპოვეს კანონზომიერად. ეს ეხება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ 15-ვე სახელმწიფოს. დღეს არსებული ახალი პოლიტიკური სპექტრი და კონიუნქტურა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო 2-3 წელიწადში, მაგონებს სალვადორ დალის ერთ ნამუშევარს და ეს არის სამოქალაქო ომის წინათგრძნობა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ვისაც აღლუმი მიჰყავს ჩვენს ქვეყანაში, არათუ პოლარიზაციის მსხვერპლია, არამედ საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან საეჭვოა მათი ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაც, დაწყებული „ქართული ოცნებით“ და დამთავრებული „ლელოთი“.
პარტიას უნდა ჰქონდეს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი. ერთი ეს არის ივანიშვილი და მისი „ოცნება“, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოდან წაღებული ფინანსებით და საკმაოდ სოლიდური ინტელექტუალური პოტენციალით. კათარზისგანუცდელებს სათანადოდ არ აქვთ შეფასებული ის 9 წელი და ამის გარეშე არა თუ ხელისუფლებაში მობრუნება, არამედ არსებობაც ძალიან გაჭირდება და ამას ვერ აცნობიერებენ. თითქოს მათ შორის ადეკვატური არის გვარამია, რომელიც ცდილობს, რომ გაემიჯნოს ამ წარსულს და რაღაცა ახალს ქმნის.
გვარამიას შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“?
- არა, არ გამიჯვნია, უბრალოდ, ახალს ქმნის და შეიძლება ერთი მიმართულებით რამდენიმე პოლიტიკური ძალა არსებობდეს. იგივე ძალიან სერიოზული მანიპულაციების და ინტერპრეტაციების დიდოსტატი ვაშაძე, რომელიც მაინც ვერ ჩამოყალიბდა და ისევ დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ ფარვარტერში. აბა, ვინ არის სხვა ძალა, რომელმაც ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ ხვალ თუ არა, ზეგ უნდა შეცვალოს? მივადევნოთ თვალი...
ასეთი ძალა არ ჩანს პოლიტიკურ ველზე...
- გეთანხმებით, რომ არ ჩანს, მაგრამ იქნება-და ეს იყოს „ლელო“ და მივისალმები ამ პარტიის შექმნას. ხაზარაძეს ვიცნობ ჯერ კიდევ კომკავშირის მდივანი რომ იყო იმ პერიოდიდან. ყოველთვის იყო მიზანსწრაფული, სერიოზული ადამიანი, მაგრამ რასაც ეს პარტია აკეთებს, ეს არასერიოზულია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ოცნების“ სპიკერებივით ყოველი ფეხის გადადმაზე წამოვაძახო კომკავშირული წარსული. ვფიქრობ, რომ კომკავშირული წარსული არ უნდა იყოს მესიჯ-ბოქსი.
ხაზარაძეს ბევრი ხარვეზები აქვს თავის მოღვაწეობაში, უამრავი რამის თქმა შეიძლება მის ბანკირულ მოღვაწეობაზე, მაგრამ ეს არ უნდა აძახო, მით უმეტეს, რომ შენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი ვოლსკი პარტიის ცეკას ინსტრუქტორი გახლდათ და კონკრეტული წარსული მასაც აქვს. ამიტომ საზოგადოების გულუბრყვილობით ნუ ისარგებლებენ. ხაზარაძეს პოლიტიკური რესურსი აქვს, ვგულისხმობ ინტელექტუალურს, მაგრამ საბოლო ჯამში პოლიტიკას ვერ ქმნიან.
ეს არაა მხოლოდ „ლელოს“ პრობლემა, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის პრობლემა და მათ შორის ხელისუფლების, აქვთ ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი, მაგრამ ვერ ქმნიან პოლიტიკას. როგორ ფიქრობთ, რა უშლით ამაში ხელს და ამის მიზეზი არის ის, რომ თვითონ ამომრჩეველიც არ ითხოვს პოლიტიკური ძალებისგან პოლიტიკის შექმნას?
- ძალიან რთული ამბავია. ადამიანმა ხელი უნდა მოკიდო იმ საქმეს, რომელიც იცი თეორიულად და პრაქტიკულად. არ უნდა მოკიდო ხელი იმ საქმეს, სადაც უნარები არ გაქვს. შენ შეიძლება იყო ბრწყინვალე ბიზნესმენი, ბანკირი, ფიზიკოსი, ან იურისტი, მაგრამ პოლიტიკაში არაფერი გამოგივიდეს. პოლიტიკა ძალიან სპეციფიკური თემაა და ვინც ახლა „ლელოში“ არის გაერთიანებული, ისინი პროფესონალური პოლიტიკისგან შორს არიან. ხაზარაძეს გონია, რომ როგორი წარმატებულიც არის ბიზნესში, ისეთივე იქნება პოლიტიკაში, მაგრამ არა ბატონო.
რაც შეეხება ხაზარაძის საარჩევნო დაპირებას, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მერე იქნება მოსკოვში - როგორ ფიქრობთ, დაპირისპირება, რომელსაც ვუყურებთ, ეს არის პიროვნული, თუ პოლიტიკური დაპირისპირება?
- ეს ქართული ვარიანტია. ორივეს დიდი ფული აქვს, ბიძინას უფრო მეტი და ამბიციაც მეტი აქვს იმისა, რომ იმ ფულის დიდი ნაწილის დახარჯვა უნდა ქვეყნისთვის და ამას გულწრფელად აკეთებს. ბევრმა არ დაიტრაბახოს, რაც ბიძინას გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. აქეთ არის ხაზარაძე, რომელიც აპირებს 1000-ლარიანი პენსიის შემოტანას, აპირებს დასავლეთისკენ მტკიცე სვლას, ანაკლიის პორტის აშენებას - გადასარევია ამბავია, მაგრამ რამდენად არის განხორციელებადი, მობრძანდეს, დაბრძანდეს და ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენთან ტელევიზიებიდან გაქრა მსჯელობა.
არის „ოცნების“ სამი და ოპოზიციის სამი ტელევიზია, სადაც არის მხოლოდ მონოლოგი, ინფორმაციის მიღებაც ჭირს ამ ტელევიზიებიდან. როდესაც ამბობს, რომ 1000 ლარი უნდა გახდეს პენსია, იქვე უნდა თქვას - რის საფუძველზე? აგერ, ბიძიანამ დააფინანსა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. საყოველთაო ჯანდაცვაზე დახარჯული ფული საქართველოში დარჩენილ მოქალაქეებზე რომ გავყოთ, თითოეული პენსიონერის პენსია დღესვე გაიზრდება 130 ლარით. მაშინ საყოველთაო ჯანდაც უნდა შეამცირო, ან გააუქმო.
ამიტომ, ხაზარაძემ უნდა თქვას - მე, ამ საყოველთაო ჯანდაცვას ასე დავტოვებ, განვავითარებ ჯანდაცვას და ამავე დროს, 1000 ლარამდე გავზრდი პენსიას, მაგრამ უნდა გვითხრას, რამდენ წელიწადში, რამდენი ნამატით და რა რესურსით. ეს ძალიან სერიოზული თემაა. ეს ფეოდების აზროვნება უნდა დამთავრდეს! არ მოგწონს ადამიანი? აჯობე და მოდი ხელისუფლებაში, მაგრამ გარდა გადატრიალებისა, ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, რომლის დაორგანიზება ოპოზიციას არ შეუძლია.