მმართველ გუნდში არ მალავენ, რომ მათ აბსოლუტურად არ ანაღვლებთ, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. უბრალოდ, თუკი ზურაბიშვილმა ასეთი საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, ხალხი უფრო მეტად განეწყობა უარყოფითად პრეზიდენტის მიმართ და მის რენომესაც დიდი ზიანი მიადგება.
„ჩვენ აბსოლუტურად არ გვანაღვლებს, სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი. მე მანაღვლებს ზურაბიშვილის რენომე და ხალხის რისხვა, რომელსაც ის მიიღებს და ამით განულდება მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი. მილიონ ასიათასმა ადამიანმა მას მხარი სწორედ იმიტომ დაუჭირა გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, რომ კაციჭამიები და დამნაშავეები არ გამოეშვა ციხიდან. ზურაბიშვილმა საკუთარ თავზე უნდა ინერვიულოს, ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, თავს დაიმარხავს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს, სავარაუდოდ, არჩევნების პიკში შეიწყალებს, რათა, ოპოზიციონრების გათვლებით, სახალხო მღელვარება გამოიწვიონ და ამით არჩევნების ბედი გადაწყვიტონ, თუმცა ეს მცდელობა ამჯერადაც უშედეგო იქნება.
„სააკაშვილის ლობისტებს სურთ გაიმეორონ იგივე სცენარი, რაც ოთხი წლის წინ სცადეს. არაჟნის კონტრინერით შემოყვანილი პრეზიდენტი მაშინ საკუთარმა ამომრჩეველმა არ დაიცვა და ახლა რისი იმედი აქვთ? ამ პერიოდში „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის ნაწილიც კი დარწმუნდა მათი პოლიტიკის ბოროტებაში და ამიტომ აკლდებათ ხმები. ამ ეტაპზე სააკაშვილის შეწყალება მათთვის სასარგებლო არ არის, რადგან არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. სააკაშვილის შეწყალება მათ სჭირდებათ არჩევნების პიკში, მოსახლეობის მღელვარების კულმინაციის შესაქმნელად“, - ამბობს თამარ ჩიბურდანიძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ სააკაშვილის შეწყალება პოპულარული არ არის ჩვენს საზოგადოებაში, ეს უთუოდ გამოიწვევს მღელვარებას. ამდენად, თუ ვინმეს დაეხმარება რამეში სააკაშვილის შეწყალება, ეს იქნება მხოლოდ „ქართული ოცნება“, რადგან საზოგადოებას შეეშინდება სააკაშვილის გარეთ გამოსვლის, შეეშინდება მისი დაბრუნების, მით უმეტეს, შაშკინის, გვარამიას, ვაშაძის გვარების თანხლებით დაბრუნებული სააკაშვილის.
„შესაბამისად, მე მგონი, პრეზიდენტ ზურაბიშვილს კარგად ესმის, რომ სააკაშვილის გამოშვება სულაც არ იქნება ოპოზიციისთვის სასარგებლო. სამწუხაროდ, ოპოზიციას არ ესმის, რომ სააკაშვილის გამოშვება მათ საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ეს არის ყველაზე დიდი სისულელე და ოპოზიციის შეცდომა. ნუთუ მათ არ ესმით, რომ სააკაშვილი პოპულარული არაა?! მაშინ ჯერ თვითონ უნდა გაიმარჯვონ, მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე ვინც უნდათ, ის გაათავისუფლონ. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - სააკაშვილის გამო არანაირი სახალხო მღელვარება არ მოხდება“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.
მანვე გაიხსენა, რომ „ვივამედთან“ მცირეოდენი ხალხი დადიოდა სააკაშვილის დასახსნელად და მხოლოდ ამით ამოიწურებოდა პრეზიდენტყოფილის თანადგომა.
პოლიტოლოგის აზრით, როდესაც თამარ ჩიბურდანიძე სააკაშვილის წინასაარჩევნო შეწყალებაზე საუბრობს, შესაძლოა, პირიქითაც იყოს და ჩიბურდანიძეს სურდეს კიდეც, ზურაბიშვილმა გადადგას საბედისწერო ნაბიჯი და შეიწყალოს სააკაშვილი, რადგან ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებს.
„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად ესმის ზურაბიშვილს და ამ შეცდომას არ დაუშვებს. მაინც ვთვლი, რომ სააკაშვილი იმ საქმეების გამო არ უნდა იჯდეს „ვივამედში“, რის გამოც ზის, მაგრამ რაკი ზის, ცოტა მოითმინოს, რადგან დღეს მისი გამოშვება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს“, - ამბობს პოლიტოლოგი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე იზიარებს იმ აზრს, რომ დღეს საქართველოში არ ჩანს ის ხალხი, ვისაც მიშას შეწყალება სურს. ეს ადამიანები მიშას მხარდამჭერ მიტინგსაც კი არ აწყობენ. ამდენად, რა არეულობა უნდა გამოიწვიოს მიშას შეწყალებამ?!
„სააკაშვილის შეწყალებამ შეიძლება მართლაც გამოიწვიოს არეულობა, ოღონდ მიშას საწინააღმდეგოდ და არა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. გაბრაზებულმა ხალხმა შეიძლება პრეზიდენტი გამოიტანოს თავისი სასახლიდან. ეს სცენარი უფრო მოსალოდნელია, მაგრამ დავიჯეროთ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახლა იმაზე ზრუნავს, როგორმე გამოიტანონ სასახლიდან?!“ - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.