გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს ყველაზე უარესი სცენარის შესახებ აფრთხილებს და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს მოუწოდებს ამისთვის მოემზადონ. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ნატო-ს წევრ ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, მესამე მსოფლიო ომის კონტურები არ იკვეთება, რაც შეეხება გრძელვადიან შესაძლებლობას, რამდენიმე წელიწადში რუსეთში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება, მის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციების გამო.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა შესაძლოა 5-8 წელიწადში მოხდეს: „მე არ მიყვარს ბროლის ბურთში ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს“, - ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა ბლუმბერგთან ინტერვიუში განაცხადა.
ქართველი პოლიტოლოგი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებების მოსმენა ერთგვარი სიგნალია იმ საფრთხეებზე, რაც რუსეთისგან მომდინარეობს. მისი შეფასებით, 5-8 წელიწადში რუსეთს მოუწევს ქვეყნის სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გაუმკლავდეს.
„ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი ნატო-ს რომელიმე სახელმწიფოს თავს დაესხას, მაგრამ ის, რომ გერმანია და სხვა ქვეყნები მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საფრთხეებს ხედავენ და სურთ, რომ ეს საფრთხეები მინიმუმამდე დაიყვანონ, მოხდეს საზოგადოებაში იმის გააზრება, რაც ხდება და უკრაინას დაეხმარონ.
5-8 წელიწადში რუსეთი სულ სხვანაირი იქნება, რადგან შეიცვლება ვითარება. შეიძლება რუსეთი ჩამოიშალოს კიდევაც თავისი უგნური პოლიტიკის გამო. ვფიქრობ, უახლოეს 4 წელიწადში უნდა დასრულდეს რუსეთისთვის უკრაინის საკითხი და შემდეგ, რუსეთს მოუწევს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რაც მას ეკონომიკური სანქციებიდან გამომდინარე დაუდგება. რუსეთს მოუწევს გაიყვანოს ჯარები საქართველოს და უკრაინის ტერიტორიიდან“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში, მოკლევადიან პერიოდში, რუსეთის თავდასხმას ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზე გამორიცხავს. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომი.
„პუტინი თუ დარჩა ხელისუფლების სათავეში და მისი რეჟიმი არ შეიცვლება, ის უკვე წმინდა ტოტალიტარული რეჟიმისკენ მიდის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი. თუ ჰიპოტეტურად დავუშვებთ, რომ უკრაინამ რუსეთთან ომი წააგო, რუსეთი შესაძლოა, გადავიდეს ახალი ტიპის შეტევებზე. უკრაინა დღეს არის მთავარი ათვლის წერტილი. მოკლე და საშუალო ვადის პერიოდში, გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან რაიმე კონვენციური ტიპის შეტევების განხორციელებას“, - თქვა მაისაიამ.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევასაც გულისხმობს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა ამ დახმარების დამტკიცებისკენ და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. პისტორიუსის შეფასებით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აშშ-სთვისაც მძიმე იქნება და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრა საფრთხეს უქმნის „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.
„ევროპა გეოგრაფიულად შორს არის აიოვას ან ვისკონსინისგან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. არ უნდა მივიღოთ თავისუფლება რაღაცად, რაც თავისთავად მოდის. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ბრძოლა მოგვიწევს“, - დასძინა პისტორიუსმა.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამ კანონპროექტის დამტკიცება დროში იწელება, რადგან აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და რესპუბლიკელები უფრო მეტად ორიენტირებული არიან არჩევნებში გამარჯვებაზე, ვიდრე უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ამერიკაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ამის ფონზე, რესპუბლიკელებს სურთ წარმატებას მიაღწიონ და მათმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. მაქსიმალურად ცდილობენ, შიდა პოლიტიკას მოარგონ საგარეო პოლიტიკა. ამერიკისთვის ევროპაში მიმდინარე პროცესები ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. ამერიკის ძირითადი მოსახლეობის კონტიგენტი ფიქრობს, როგორც ტრამპი. მათი ეს ქცევა ჩემთვის უცნაური არ არის, უცნაური იქნებოდა მთელი მოსახლეობა მობილიზებული ყოფილიყო, ფულს აგროვებდეს უკრაინისთვის და ამ ფულით იარაღს ყიდულობდეს. ამერიკისთვის ევროპა არის შორეული და უცხო ფენომენი. იმ რესპუბლიკელებმა, ვინც დღეს დროს წელავს და ხმას არ აძლევს უკრაინისთვის დახმარების მიღებას, კარგად იციან, რომ უკრაინის დახმარება და რუსეთის დამარცხება ამერიკასაც სჭირდება, მაგრამ მათთვის არჩევნებში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის გამარჯვება რუსეთზე“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აშშ უკრაინას დახმარებას არ აღმოუჩენს, უკრაინას საბრძოლო მარაგები ამოეწურება:
„თუ ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა, უკრაინას გაუჭირდება პუტინის რეჟიმთან წინააღმდეგობის გაწევა. უკრაინა აღმოჩნდება სერიოზული სამხედრო საფრთხის წინაშე. ელემენტარულად დაიწყება ტყვია-წამლის და საბრძოლო მარაგების შიმშილი. ეს ძალიან მაგონებს 1921 წლის თებერვლის მოვლენებს. საქართველოს მაშინდელი შეიარაღებული ძალების დამარცხების მთავარი მიზეზი იყო ტყვია-წამლის არქონა“, - დასძინა ვახტანგ მაისაიამ.