ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იდუმალებით მოცულმა მეცენატმა და ყველასათვის უხილავმა ბიზნესმენმა ქართულ პოლიტიკურ არენაზე შემოაბიჯა. 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულმა მისმა პირველმა მიმართვამ საზოგადებისადმი, ყველა გააოცა. მმართველი გუნდისათვის ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი სახეში ნასროლი ხელთათმანი აღმოჩნდა, საზოგადოების დანარჩენი წევრებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი ბატონობისგან თავის დაღწევის უკანასკნელი შანსი. მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობამ“ 26 მაისის სისხლიანი ღამეც უმტკივნეულოდ ჩაფარცხა, ქართულ პოლიტიკაში ფაქტიურად არავითარი ძალა და ფიგურა არ ჩანდა, რომელიც რეალურ წინააღმდეგობას გაუწევდა მათ ნებისმიერ განზრახვას.
ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მოტივები გაუგებარი იყო, როგორც აღფრთოვანებული საზოგადოებისთვის, ასევე შეშფოთებული ოპონენტებისთვის. ქართული საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ვინმემ ხელისუფლებაში მოსვლა მათ გადასარჩენად გადაწყვიტა, რთული აღმოჩნდა. თავად გაურკვევლობაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების გაურკვევლობის გამოყენება სცადა და მიხეილ სააკაშივილის მიერ ერთ დროს „ქართველ მონტე-კრისტოდ“ წოდებული ბიძინა ივანიშვილი, იმ დღიდან „რუსეთის აგენტად“ მოინათლა.
„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში... დავრწმუნდი, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს“, - განაცხადა ივანიშვილმა და მაშინ, როდესაც ნაციონალების უძლეველობის უკვე ქვეყნის გარეთაც კი სწამდათ, 2012 წლის არჩევნებში, მშვიდობიანი გზით, შეძლო მართლაც მოსულიყო ხელისუფლებაში.
მან მიაღწია იმას, რაც ბევრისათვის წარმოუდგენელი იყო. ქართული პოლიტიკური სპექტრიდან შეარჩია და გააერთიანა ის ძალები, რომლებსაც არ თვლიდა ფსევდო-ოპოზიციურად; გადალახა უდიდესი წინააღმდეგობები, რის შესაქმნელადაც ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებდა. არაპროგნოზირებადი ქმედებებითა და განცხადებებით ივანიშვილმა ლამის ფსიქოზი დამართა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩიხში შესული ხელისუფლება სრულიად გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი, ალბათ, ქვეყნის კონსტიტუციაში დატრიალებული ცვლილებების კორიანტელი იყო. მაშინ მმართველი გუნდი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის გამო ხორციელდებოდა.
თუმცა, შოკირებული სააკაშვილის მიერ, მოქალქეობაჩამორთმეულმა ივანიშვილმა, პრეზიდენტს მოუწოდა არ მოეწერა ხელი პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ეძლევათ ქვეყნის პარლამენტში არჩევის და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. ივანიშვილმა პრეზიდენტს სთხოვა, აღედგინა მისთვის საქართველოს მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უარს აცხადებდა ესარგებლა აღნიშნული ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუციური ცვლილებით და არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში.
„გასაგებია, რომ თქვენ იძულებული ხართ ანგარიში გაუწიოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისა და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ერთსულოვან მოთხოვნას - მომცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მაგრამ თქვენ ვერ მოახერხეთ ჩადენილი შეცდომის (მოქალაქეობის ჩამორთმევა) გამოსწორება ცივილიზებული, კანონიერი და ღირსეული გზით (ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მონიჭება) და ახალ, გაცილებით მძიმე შეცდომას უშვებთ. ამ ცვლილებების მიხედვით, თუ პირს, რომელიც ერთდროულად ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეცაა და საქართველოს მოქალაქეც, არ შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხოლო თუ იგივე პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე, მაშინ მას შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამგვარი აბსრუდი, მართლაც რომ პირველია მსოფლიოში“, - აცხადებდა ივანიშვილი თავის მიმართვაში პრეზიდენტისადმი.
აქტიურად მიმდინარეობდა თავდასხმები ივანიშვილის ფინანსურ აქტივებზეც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებულ იქნა მისი ქონება, სასამართლოს მიერ ხდებოდა ივანიშვილისთვის მილიონობით ჯარიმების დაკისრება, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა.
გავიდა ორი წელი და „ნაცმოძრაობა“ ისევ ისე აღშფოთდა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით, როგორც მოსვლის დროს. ახლა მისმა ამ გადაწყვეტილებამ გააოცა არა მხოლოდ ქართული, არამედ დასავლური საზოგადოებაც. ივანიშვილმა უმოკლეს ვადებში შეძლო ისე შემოებრუნებინა მისდამი უაღრესად კრიტიკულად და სკეპტიკურად განწყობილი დასავლეთის აზრი, რომ დღეს მისი პოლიტიკიდან წასვლა აშფოთებთ. პოპულარობის პიკზე მისი წასვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი პოლიტიკური ძალაუფლებით დაინტერესებული არასოდეს ყოფილა.
საზოგადოება ძირითად აქცენტებს კოალიციის დაშლასა და ქვყანაში ქაოსის საშიშროებაზე აკეთებდა. თუმცა, 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების სტილისა და შედეგებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ სკეპტიკოსების რიცხვმა საკმაოდ იკლო. კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის ვარაუდები ივანიშვილმა კატეგორიულად გამორიცხა. მისი განმარტებით, მათ წასასვლელი არსად აქვთ და თუ წავლენ თავად წააგებენ. მართლაც, ის ვინც კოალიციიდან წავიდა, კობა დავითაშვილი იყო, ხოლო როგორ მოუწია მას პოლიტიკური ასპარეზის დატოვება, ყველამ იხილა. ივანიშვილი ქვეყანაში ქაოსის შესაძლებლობასაც გამორიცხავს და აცხადებს, რომ იგი ქვეყნის სათავეში საკმაოდ ძლიერ გუნდს ტოვებს.
„მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენს არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება“, - აცხადებდა თავის ღია წერილში პრემიერ-მინისტრი.
მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა ფორმატით და ფორმით, დრო და ენერგია არასოდეს დაუზოგავს მოქმედების საკუთარი მოდელის განმარტებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ის ფაქტობრივად, მხოლოდ მისთვისაა გასაგები. ხილული და თვალსაჩინო მისი 2 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგებია, რომელიც მან წინასწარ აღწერა. ახლა ივანიშვილი პოლიტიკური ასპარეზიდან ისე მიდის, რომ გაურკვევლად ტოვებს ქართული საზოგადოების უმრავლესობის მთავარ მოთხოვნას, რომელიც დასავლელეთის მთავარ მოთხოვნასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის - არავინ იცის, მისი საზოგადოებაში გადასვლის მოდელი ითვალისწინებს თუ არა ტოტალიტარული რეჟიმის და წამებაში მონაწილე პირების გასამართლების მხარდაჭრას. აღსანიშნავია, რომ იგი არ გამორიცხავს პროკურატურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ კითხვების არსებობას. მისი შეფასებით, სააკაშვილის ხელისუფლებაში ნიჭიერი ადამიანები იყვნენ, თუმცა ისინი ერთი ადამიანის ნებას ემორჩილებოდნენ. ივანიშვილი ხშირად მოუწოდებს საზოგადოებას რაც შეიძლება მალე და მაქსიმალურად მოახერხონ წარსული წყენის დავიწყება და იფიქრონ მომავალზე, რადგან ყველას დაპატიმრება შეუძლებელია. მავანმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ ივანიშვილი ყველას ნაცვლად ერთის – მთავარი დამკვეთის გასამართლების მომხრეა.
თავად ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობით უაღრესად კმაყოფილია. მისი შეფასებით, გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ოცნებობდა და დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია, საზოგადოება კი ყველაზე მეტადაა დაცული ხელისუფლების თვითნებობისაგან.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის და მრავალპარტიული დემოკრატიის მიმართულებით, საკუთარი როლი უკვე შეასრულა და სჯერა, რომ მისი გუნდის წევრები დაწყებულ საქმეს მის გარეშე უფრო უკეთ გაართმევენ თავს. ახალ მიზნებად ივანიშვილი ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - „აზრის ლიდერების“ პროფესიულ ზრდას, სამოქალაქო სექტორში ახალი სახეების შემოყვანას და ინოვაციური იდეების აკუმულირებას ასახელებს. თუმცა, იგი საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნებასაც არ გამორიცხავს.
ივანიშვილს მიაჩნია, რომ ვრცელი, ეპისტოლარული თუ ზეპირსიტყვიერი განმარტებების შემდეგ, მისი სამომავლო მიზნების შესახებ საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს, მაგრამ ეს ფაქტიურად შეუძლებელია. კითხვები მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულსაც რჩება და შეფასებებიც არაერთგვაროვანია. დადებითი იქნება თუ უარყოფითი შეფასებები, ერთ რამეზე სავარაუდოდ ყველა შეთანხმდება – მან უმოკლეს დროში საოცრებები მოახდინა, თანაც ბოლომდე ვერავინ გაიგო რატომ და როგორ.
საკმაოდ მცირე დროში და მშვიდობიანი გზით განხორციელებული ცვლილებები, ძირითადად, საოცარია იქედან გამომდინარე, თუ რა რეალური მოცემულობა გვქონდა ქვეყანაში. როცა სააკაშვილი და მისი გუნდი მართვის ახალ სისტემაზე გადასასვლელად საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებდნენ, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ სახელმწიფო შტოების ასეთ შემადგენლობას, როგორსაც რამდენიმე დღეში ოფიციალურად მივიღებთ. ამას, მითუმეტეს ვერ წარმოიდგენდა, ლამის ბედსშეგუებული ქართული საზოგადოებაც.
17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანა საპარლამენტო სისტემაზე გადავა და ძალაუფლების მეტი წილი პრემიერ მინისტრის ხელში იქნება. ერთადერთი სახელმწიფო შტო, სადაც ფაქტიურად არაფერი შეცვლილა, სასამართლო სისტემაა და სავარაუდოდ, ამ შტოსთან თანაარსებობა იქნება მთავარი გამოწვევა ახალი პრემიერ მინსტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის, ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის და საპარლამენტო უმრავლესობისთვის. იმ უმრავლესობისთვის, რომლის შემადგენლიბაშიც ივანიშვილის მიერ ფაქტიურად კომატური მდგომარეობიდან გამოყვანილი პარტიებიც შედიან. თუ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარეშე, ამას საზოგადოება პირველ შეფასებას გაზაფხულზე - თვითმმართველობის არჩევნებზე მისცემს.
ორწლიან პოლიტიკურ კარიერას ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღეში დაასრულებს. ერთერთი მნიშვნელოვანი თავისტკივილი, რაც ახლად ფორმირებული მთავრობის წინაშე უახლოეს ხანებში დადგება, სამართლიანობის საკითხთან ერთად, ალბათ, „ხუდონჰესის“ საკითხიც იქნება. რა პოზიციას დაიკავებს საზოგადოებაში გადაბარგებული ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისთვის მტკივნეულ, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ამას წინასწარ მხოლოდ თავად თუ განსაზღვრავს.