საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები: რა იქნება სააკაშვილის შემდეგ?

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები: რა იქნება სააკაშვილის შემდეგ?

ბევრი რამ არ არის ცნობილი გიორგი მარგველაშვილის შესახებ, მაგრამ მას სურს და, როგორც ჩანს, მზადაა, განიხილოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა რაციონალური და არა ემოციური პერსპექტივის კუთხით, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკებს.

მიხეილ სააკაშვილი „თამაშიდან გამოყვანილია“, ის გიორგი მარგველაშვილით ჩაანაცვლეს. ეს კი, მოკლედ რომ ვთქვათ, წარმოადგენს საქართველოში 27 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. მარგველაშვილი იყო პრემიერ მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი - მის კანდიდატად დასახელებამდე გარე სამყაროსათვის თითქმის უცნობი პირი. მაგრამ ამჟამად ის ტრიუმფატორი გამარჯვებულია, რომელმაც შორს ჩამოიტოვა წარმავალი პრეზიდენტის კანდიდატი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით - 40%-ზე მეტი უპირატესობით.

სააკაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დამარცხება ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე მიიღო, აცნობიერებდა რა, რომ ხელისუფლებაში სახელმწიფო მეთაურის რანგში 10-წლიანი ყოფნის შემდეგ მისი დრო დასრულდა. გამოსამშვიდობებელ მიმართვაში, მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მზადაა პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად, თუმცა დემოკრატიული ოპოზიციის ფარგლებში. შემდეგი გამოწვევა საკმაოდ მალე დადგება - 2014 წლის გაზაფხულზე საქართველოში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება.

მარგველაშვილის მიერ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება ხაზს უსვამს საქართველოში მმართველობის მშვიდობიანად შეცვლის აღსანიშნავ პროცესს. ის დაიწყო გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ივანიშვილმა სრულიად მოულოდნელად გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და დაიკავა პრემიერ მინისტრის კაბინეტი. ერთი წლის მანძილზე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოუხდათ მათთვის მეტად მტკივნეულ კოჰაბიტაციასთან შეგუება, რომლის დროსაც ისინი უფრო ხშირად საჯაროდ ესხმოდნენ თავს ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, მათი პოლიტიკური იდეები არც ისე შორსაა ერთმანეთისაგან, ისინი ძალზე განსხვავებულები არიან ერთმანეთისაგან საკუთარი პოლიტიკური სტილითა და ხასიათით. სააკაშვილი თავისი ჩვეული იმპულსურობით ხელიდან არ უშვებდა საშუალებას დაედანაშაულებინა თავისი კოლეგა იმაში, რომ ის მეტისმეტად თავაზიანი და შემრიგებლურია “ძლიერი ჩრდილოელი მტრის“ მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს. ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფდა ამ ბრალდებებს და განიხილავდა სააკაშვილს იმ პირად, რომელსაც 2008 წლის რუსეთთან ომში „ლომის წილი“ მიუძღოდა.

27 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა დაადასტურა ის პოლიტიკური ტენდენცია, რომელიც უკვე ბუნდოვნად იხატებოდა ქართულ საზოგადოებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 2003 წლის ვარდების რევოლუციის რეფორმათა სისრწრაფე მნიშვნელოვნად ჩაწყნარდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, დემოკრატიის აღმშენებლობისა და, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის რეფორმები შეჩერდა და მათ გზა დაუთმეს მმართველობის მზარდ ავტოკრატულ სტილს, რომელსაც სააკაშვილი პრაქტიკულად ახორციელებდა პრეზიდენტის სავარძელში ყოფნის დროს. ამგვარ სტაგნაციურ ვითარებაში, ივანიშვილის ქართული ოცნების მსგავსი ოპოზიციი ს გამოჩენა, თავის თავად, გახდა გარკვეული ნიშანი ცვლილებისათვის. მიუხედავად მთელი თავისი რიტორიკული ბრწყინვალებისა, სააკაშვილმა ვერ შეძლო ამ ტენდენციის უკან მობრუნება.

ბევრი დეტალი არ არის ცნობილი მომავალი პრეზიდენტის - მარგველაშვილის პოლიტიკური იდეებისა და მოსაზრებების შესახებ. საარჩევნო კამპანიის დროს ორგანიზებულ გამოსვლებში, საინფორმაციო საშუალებებთან ინტერვიუებსა და საჯარო განცხადებებში, მან ჩამოაყალიბა ივანიშვილისაგან ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი დებულებები:დემოკრატიული რეფორმების პროცესის გაგრძელება ქვეყნის შიგნით და პროდასავლური კურსი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. მისი საარჩევნო კამპანიის პლატფორმის დანარჩენი თემატიკიდან, მარგველაშვილმა უპირატესობა მიანიჭა იმ თემების არჩევანს, რომელსაც თვითონ კარგად იცნობდა მისი ყოფილი სამსახურის - განათლების მინისტრად მუშაობის წყალობით . ამდენად, ის ფართოდ განიხილავდა სკოლებისა და საუნივერსიტეტო სტრუქტურების დეცენტრალიზაციის საჭიროებას. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი თემა, რომელმაც მისი ყურადრება მიიპყრო, და ეს იყო რუსეთი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მარგველაშვილი გამოვიდა იმ ურთიერთობების სასარგებლოდ, რომელიც განთავისუფლდება ისტერიისაგან და უფრო რაციონალური და არა ემოციური ხასიათისა იქნება.

ეს „რუსული საკითხი“, სავარაუდოდ დარჩება ახალი სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ყოფნის დროს მისი პრიორიტეტების ჩამონათვალში, თუმცა მისი კომპეტენცია საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეზღუდული იქნება კონსტიტუციაში იმ არსებითი შესწორებების შეტანის შემდეგ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა უახლოეს წარსულში. ამის შედეგად, სწორედ პრემიერ მინისტრი და არა პრეზიდენტია ის პირი, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს მოცემულ სფეროში.

თუმცა, სრული საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის კურსი გაგრძელდება. პირველ რიგში, ეს ეხება იმ საკითხებს, სადაც ორივე მხარის საერთო ინტერესი ცხადია, ანუ ვაჭრობა, ჰუმანიტარული საკითხები, მეცნიერება და განათლება ,კულტურული სფერო. საქართველო და რუსეთი ასევე უნდა შეთანხმდნენ გარკვეულ თანამშრომლობაზე უშიშროება- უსაფრთხოების საკითზებზე 2014 წლის თებერვლის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ამავე დროს, არსებობს აშკარა ე.წ. „წითელი შუქნიშანი“ („სტოპ ნიშანი“): ორივე მხარე მკაფიოდ ინარჩუნებს საწინააღმდეგო პოზიციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით, რომელთაგან ორივე ოფიციალურად აღირებულია რუსეთის მხრიდან 2008 წლის ომის შემდეგ.

არ ჩანს რაიმე სახის ცვლილება საქართველოს პროდასავლური კურსის პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო და ენერგიულად გაგრძელდა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც. ეს კურსი ეყრდნობა ნატოსა და ევროკავშირში შესვლისა და აშშ-თან მტკიცე თანამშრომლობის სურვილს. საქართველო აპირებს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირებას ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე. აშშ-თან თანამშრომლობა ეფუძნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას , რომელიც მიღებულ იქნა 2009 წლის იანვარში. ის გვთავაზობს შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს . მარგველაშვილი შესაძლოა მოისურვებს ამ შესაძლებლობების გამოყენებას, როდესაც ის დაიწყებს ვაშინგტონში ვიზიტისათვის მზადებას, რაც ივანიშვილს, პრემიერის პოსტზე ყოფნის დროს, არაერთხელ დაუგეგმავს, მაგრამ არ განუხორციელებია.

საქართველოს დამოუკიდებლობა თარიღდება მხოლოდ 1991 წლიდან. მას შემდეგ ქვეყანამ რთული გზა განვლო იმისათვის, რომ დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა და, იმავდროულად, წასულიყო ეროვნული თვითშეგნებისა და დემოკრატიული აღმშენებლობის გზით. მარგველშვილი საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტია, რომელმაც ეს გამოწვევა უნდა მიიღოს. ის იმ დროს იღებს ხელთ მართვის სადავეებს, როდესაც საქართველომ, 2008 წლის ომის მღელვარების შემდეგ, მოიპოვა სტაბილურობა. მისი მოღვაწეობა შეფასდება იმის შესაბამისად, თუ რამდენად შეძლებს ის საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯერ კიდევ ღიად დარჩენილ საკითხებთან გამკლავებას. ამ კონტექსტში, სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კონფლიქტების მოგვარება მის წინაშე დასმული ამოცანებიდან ყველაზე ცნობილი და თვალში საცემი იქნება.

http://russiadirect.foreignpolicy.com/content/georgian-presidential-elections-what-comes-after-saakashvili