„ოპოზიცია უარესს ვერაფერს უზამდა საკუთარ თავს, რაც ამ შემადგენლობის კოალიციაა, ამ სახელებით და გვარებით, რადგან ჩვენს მოსახლეობას ნაციონალები არ უნდა და ამიტომ არ უშვებს ნაცებს წინ არც ერთ არჩევნებში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
საქართველოში კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ყოველთვის სატყუარად აღიქმებოდა, რომლის უკანაც დესტრუქციული ძალები იდგნენ. დღესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ დროში აცდენილ რეალობად ხომ არ მიგაჩნიათ, რადგან მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ამ არჩევნებში ხმათა 60%-ს აიღებს? უფრო დიდი ცინიზმი კი, რაც შეიძლება ამ კოალიციურ მთავრობას მოჰყვეს, არის ის, რომ მედიაში გავრცელდა ე.წ. მონსტრების სია, ანუ კოალიციური მთავრობის მინისტრების ჩამონათვალი, რომელთა შორისაც ოპოზიცია პრემიერად განიხილავს გიორგი ვაშაძეს, შს მინისტრად შაშკინს, სუს-ის უფროსად-გვარამიას, ინფრასტრუქტურის მინისტრად-ხაზარაძეს... რამდენად მომგებიანია ოპოზიციისთვის, ძველ ქართულად რომ ვთქვათ, ამ სახელოების (თანამდებობების) გადანაწილება და ამ პიროვნებების გაცოცხლებით საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო დაშინება?
- თქვენი კითხვა მოიცავს პასუხსაც. აინშტაინის თანახმად კი, როგორც წესი, ჭკვიანური კითხვა პასუხსაც მოიცავს. ჩემი აზრით, ოპოზიცია უარესს ვერაფერს უზამდა საკუთარ თავს, რაც ამ შემადგენლობის კოალიციაა, ამ სახელებითა და გვარებით, რადგან ჩვენს მოსახლეობას ნაციონალები არ უნდა და ამიტომ არ უშვებს არც ერთ არჩევნებში ნაცებს წინ. ესენი კი ადგნენ და გამოიჭიმნენ ამ სიაში საპატიო ადგილებში, რაც ღიმილის მომგვრელია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ, ამ შემთხვევაში, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა და „ოცნების“ მომხრეების მობილიზაცია ერთი იქნება.
ოპოზიცია ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ეს სია შეადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ოპოზიციაში საუკეთესო მინისტრების არჩევის არეალი მეტად მწირია, დიდი არჩევანი არც აქვთ. სხვათა შორის, სიაში ვერ მოუნახეს ადგილი ხაბეიშვილს და ამით ირაკლი ზარქუა „გაანაწყენეს“, ხაბეს გარემოს დაცვის მინისტრობაც არ ეკუთვნოდა, კაცმა ბუნების ძალები დაიმორჩილაო?! ერთგვარად, ეს სია ხაბეიშვილისგან გამიჯვნის მცდელობაცაა.
- საწყალი ხაბეიშვილი, რამდენს იბრძვის... პოლიტიკა ბრძოლაა და კეთილი სურვილებით პოლიტიკას ვერავინ გაუძღვება, თვით ხაბეიშვილიც კი. ისე, ქალბატონ პრეზიდენტს არც უთქვამს, არიქა, უნდა შევქმნათ კოალიციური მთავრობაო, უფრო მორიდებული ფორმულა ჰქონდა, იქნებ, ვიფიქროთ კოალიციურ მთავრობაზეცო, თუმცა ასეთი მორიდებული ფორმულაც კი ყურის მომჭრელია, ვინაიდან კოალიციაზე ფიქრი გაუგებარია. პრეზიდენტის ეს ფრაზა წააგავს იმას, რომ ვიღაც კრძალავს კოალიციას. არადა, რეალურად კოალიცია არის გარკვეული წესით მოქმედება. კოალიციას ვერ შექმნი შენი ნებით, კოალიცია იმ შემთხვევაში უნდა შეიქმნას, თუკი პარტიებს ხმები არ ჰყოფნით. ჩვენ ფული რომ არ გვყოფნის, მივდივართ ბანკში, ოფიციალურად ასე ვიქცევით, თორემ შეიძლება ახლობელთან მივიდეთ და მას ვთხოვოთ ფული. ვისი იმედიც არ გვაქვს, იმასთან არ მივალთ. დაახლოებით ასეთივეა კოალიცია, თუ ხმები არ ჰყოფნის ერთ პარტიას, მეორე პარტიას სთხოვს ხმებს. ვისი იმედიც არ აქვს პარტიას, მასთან კოალიციას არ შექმნის. კოალიციის შექმნის პრიორიტეტი აქვს იმ პარტიას, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს. 60%-ზე არ არის ლაპარაკი, დავუშვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 49% და არ ჰყოფნის 50%-მდე ხმები, რომ შექმნას მთავრობა, მაშინ მას დასჭირდება კოალიცია. ამიტომ რა ფანტაზიებთან გვაქვს საქმე, რომ დროა, შევქმნათ კოალიცია, სრულიად გაუგებარია.
ამბობენ იმასაც, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, კოალიციის შექმნაზე საუბრით „ნაცმოძრაობას“ შეფარული ნოყიერი ნიადაგი შეუქმნას.
- „ნაცმოძრაობას“ როგორ შეუქმნის ნოყიერ ნიადაგს, როცა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს - ხაბეიშვილსაც არ იყვანენ კოალიციაში?! აგერ, ზარქუამაც დაიცვა ხაბე. ზარქუა ხაბეს რომ დაიცავდა, ეჭვი არ მეპარებოდა, ზარქუა ხშირად „იცავდა“ ხაბეს. ასეთ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, ამიტომ თავი მოვიკატუნოთ, რომ მივდევთ კეთილი სურვილების პოლიტიკას, რომ ჩვენ გვსურს, სხვებიც იყვნენ ხელისუფლებაში და „ქართული ოცნება“ თურმე ართმევს ადგილს სხვა პარტიებს, არ არის ასე. არ გახლავთ კოალიციური მთავრობა ასე მოწყობილი, არც ცხოვრებაა ასე მოწყობილი.
მთავრობის კრიზისმა იტალია კოალიციურ მთავრობამდე მიიყვანა, მაგრამ ვერც ეს აღმოჩნდა პანაცეა, რადგან კოალიციის პარტნიორებს შორის გამუდმებით განსხვავებები და განხეთქილებები იყო.
- კოალიციები ყოველთვის იქმნება. ახლა გერმანიაში კოალიციური მთავრობაა, სხვადასხვა პარტიები ქმნიან კოალიციურ მთავრობას. უბრალოდ, იტალიაში კრიზისი იყო, რომ ვერ იქმნებოდა მთავრობა, ხელახალი არჩევნები ეწყობოდა. ასეც უნდა იყოს, თუკი ვერ შეიქმნა მთავრობა, მაშინ უნდა მოეწყოს არჩევნები, რომელიც სიცხადეს შეიტანს მთავრობის ჩამოყალიბებაში.
ხომ არ ფიქრობთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის უკან დგას სააკაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ცდილობს, „ნაცმოძრაობაში“ თავისი გავლენები დაიბრუნოს და პარტია გამოსტაცოს დანარჩენ ნაცებს, რომლებიც მართვის სადავეებთან აღარ უშვებენ? ამიტომაც ხომ არ „გაცოცხლდნენ“ შაშკინები, გვარამიები, რომელთაც განსაკუთრებული სენტიმენტები აქვთ მიშას მიმართ, ასევე, ვაშაძეები? ისე, თუკი კოალიციური მთავრობის დესტრუქციულ მხარეებზე ვისაუბრებთ, საქართველოში ამ დესტრუქციულობის უკან ყოველთვის განიხილებოდა მისი მამამთავარი - სააკაშვილი.
- არ ვიცი, ამის უკან დგას თუ არა მიშა სააკაშვილი, ისედაც ბევრი რამის უკანაა ეს მიშა, მაგრამ, თქვენი თქმისა არ იყოს, არ უნდათ მიშა ნაცებს. არც ხაბე უნდათ, არც მიშა. ახლა გასარკვევია, კოალიციური მთავრობის შემადგენლობის ნუსხა მიშას შედგენილია თუ არა? აშკარად გაუგებარი ნუსხაა.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი „გაიშალა“ ახალ პოლიტიკურ ველზე და, იაგო ხვიჩიას ნათქვამის არ იყოს, სააკაშვილი ახლა წარმოდგენილია 7 ნაცური პარტიით, მათ შორისაა, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, მეორე „გირჩი“, ლეიბორისტები, ხოშტარია, მელია, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ სააკაშვილი იყოს ამ სცენარის ავტორი. ერთი მხრივ, სააკაშვილი ცდილობს, მიჩქმალოს „ნაცმოძრაობა“ და გვარამიას პირით ნაცების დანაშაულებზე საუბრობს... ასევე, შაშკინი ვის უნდა დაუკავშირდეს, თუ არა მიშას?!
- ამიტომაცაა საინტერესო, ვინ შეადგინა ეს ნუსხა. არის თუ არა რაიმე კავშირში ეს სია და მიშა?!
ეგ ხალხი მაგ მინისტრობისთვის და თანამდებობესათვის იკლავენ თავს, თორემ ვიღაც ჩანჩურები თუ დანიშნეს მინისტრებად, მაგათ რა ხეირი ექნებათ. თაფლიანი კასრი სხვას მიართვან და თითონ ნერწყვი ყლაპონ?