შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციობა დაუშვებელია - ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გასული წლის აგვისტოში, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული. სპეციალისტების აზრით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრება აღარ შეიძლება. შესაბამისად, კურორტის განვითარების გენგეგმა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე დაამტკიცეს, უნდა გაუქმდეს.
„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება“, - წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებული არ არის მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება.
ამასთან, მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ხოლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.
„ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“, - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ შოვში, სტიქიის არეალში ინფრასტრუქტურის განვითარება დასაშვები არ არის.
„შოვში, იმ ხეობაში ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამ ეტაპზე, არ არის დაშვებული. დასკვნის მიხედვით, იქ რაიმე სახის ინფრასტრუქტურის განვითარება, არ არის დასაშვები, ეს არის ცალსახა. ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება. უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. დღესდღეობით დასკვნა, რომელიც გვაქვს, ამბობს, რომ იქ გარკვეული მონაკვეთში არის საფრთხეები, რომლის გამოც იქ არანაირი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება არ არის დასაშვები“, - განაცხადა შამუგიამ.
კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ სპეციალისტები. მათი შეფასებით, შოვის ტერიტორიაზე ცხოვრება არ შეიძლება. კომპანია „გეოგრაფიკის“ დამფუძნებელის გიორგი გოცირიძის თქმით, აქამდე არსებული ინფორმაცია საკმარისი არ იყო იმის დასადგენად, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის მასშტაბების რისკი წინასწარ ყოფილიყო ცნობილი.
„ახლა გახდა ცნობილი, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემა შეიძლება არსებობდეს. პატარა ღვარცოფები, რომლებიც ჩამოდიოდა წარსულში, ასევე კვლევის მიდგომები, არ იყო საკმარისი, რომ ეს თავიდან აგვერიდებინა.
ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც მანდ დაიწყო, იმაზე ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოდგენა. მანამდე მცირე პროცესები ყოველთვის იყო, რომელიც ასევე ყოველთვის ექვემდებარებოდა მართვას, ახლა უფრო დიდი პროცესები დაიწყო, რისთვისაც არ ვართ მზად, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანაც“, - განაცხადა გოცირიძემ.
გიორგი გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარი განგაშის სისტემები გამოსავალი არ არის და იქ, სადაც მათი საჭიროება არსებობს, ადამიანისთვის დაძინება საერთოდ არ შეიძლება.
„ადრეული შეტყობინების და განგაშის სისტემები არ არის პანაცეა, არ არის გამოსავალი, საზოგადოებამაც უნდა გაიაზროს და გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა, რომ სადაც ადამიანი იძინებს, ის ადგილი არ შეიძლება სისტემაზე იყოს დამოკიდებული. სისტემა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ, სადაც რისკი არსებობს, საერთოდ არ უნდა დაიძინო, ხოლო თუ არ გვაქვს ჯერ რისკი გამოკვლეული, კარგად უნდა გამოიკვლიო, ოღონდ ახალი მიდგომებით, რომლებსაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები გვთავაზობენ“, - ამბობს გიორგი გოცირიძე.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის მოსაზრებით, კურორტის გენგეგმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შოვის სტიქიის შესახებ მომზადებული შეფასების დოკუმენტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს. როგორც გარემოს დამცველმა აღნიშნა, სტიქიის არეალში შოვის გენგეგმის მიხედვით, იურიდიულად, მშენებლობები დაშვებულია, მაგრამ დასკვნის დოკუმენტი ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაუშვებლად მიიჩნევს.
„დასკვნაში ნათლად წერია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც განვითარდა სტიქია, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული მშენებლობა არ შეიძლება. ქართველები უნდა მივეჩვიოთ, რომ როცა ვამბობთ, არ შეიძლება, ესე იგი, არ შეიძლება. თქვენ იცით, რომ სტიქიამდე რამდენიმე თვით ადრე დამტკიცდა შოვის გენგეგმა, რომელიც იურიდიულად დღესაც მოქმედია და შენობების აშენება იქ დღესაც შეიძლება, მაგრამ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ არ შეიძლება მშენებლობა, ვინაიდან კიდევ შესაძლებელია ღვარცოფული ნაკადის ჩამოსვლა, ამ დოკუმენტის საფუძველზე საკრებულოს მიერ მიღებული ეს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
გარემოს დაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს მოუწევს დამატებითი კვლევების ჩატარება.
„ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პროცესი სრულად არის შეფასებული, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. თუმცა დღეს დასკვნა ამბობს, რომ იქ არის გარკვეული საფრთხეები, შესაბამისად, იქ რაიმე ინფრასტრუქტურის გამართვა არ არის დაშვებული“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ჩატარებული საველე კვლევებით დაადგინეს, რომ „მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოწოლილი კლდეზვავი მყინვართან შევიდა კონტაქტში. ამ პროცესს მყინვარის ჩამონგრევა და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება მოჰყვა. ზედაპირზე კლდეზვავის ხახუნმა მყინვარი უსწრაფესად გაადნო და წარმოქმნა ღვარცოფი, რომელიც ხეობისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა“.
ღვარცოფული მასა წამში საშუალოდ, 24 მეტრს ფარავდა. ამ გათვლით ღვარცოფულ ნაკადს შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე 7-10 წუთში უნდა მიეღწია. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ღვარცოფული პროცესის სისწრაფის გამო განგაშის სისტემა შოვში ეფექტური ვერ იქნებოდა და საფრთხეებსაც ვერ შეამცირებდა.