„ჩვენ რომ ვერ ვიგრძენით ნაციონალების მიერ დაგეგმილი ქაოსი, ეს ღარიბაშვილის დამსახურებაა“

„ჩვენ რომ ვერ ვიგრძენით ნაციონალების მიერ დაგეგმილი ქაოსი, ეს ღარიბაშვილის დამსახურებაა“

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ოფიციალურად 2013 წლის 17 ნოემბრის შემდეგ ეყოლება. სწორედ ამ დღეს გაიმართება ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, რის შემდეგაც მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის.

ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში თანამდებობის დატოვებას გეგმავს ბიძინა ივანიშვილიც. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 24 ნოემბრისთვის უნდა გადადგეს.

ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილებას არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე მოიხსნის, ხოლო ნდობის გამოცხადება ახალი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მოხდება. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პირველი პირი, ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა; 2002-2004 წლებში - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები; 1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -  საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები;

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2012 წლის თებერვლიდან-ოქტომბრამდე - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი; 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; 2009-2012 წწ. - შპს „ქართული ოცნების“ დირექტორი; 2007-2012 წწ. - სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2006 წელს - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 2005-2012 წლებში - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე;

2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შპს „ბურჯის“ (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005 წწ. - შპს „ბურჯის“ (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი; 2001-2002 წლებში – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

როგორ „მემკვიდრეს“ ტოვებს ბიძინა ივანიშვილი, ამ თემაზე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ბატონო რამაზ, თქვენი შეფასებით, მინისტრობისას რით იყო გამორჩეული ირაკლი ღარიბაშვილი და როგორ ფიქრობთ, რა გაითვალისწინა ბიძინა ივანიშვილმა მის პრემიერად დასახელებისას? ვგულისხმობ რეფორმას ან სხა წარმატებებებს რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის ერთწლიან პერიოდში მოახერხა...

- რეფორმასა და ცვლილებებზე სისტემაში ბევრად უფრო ჩახედული ადამიანები, ალბათ, უკეთესად ისაუბრებენ, მე საიმისოდ არ ვიცნობ სისტემას, რომ შევაფასო, მაგრამ ვიცი ერთი რამ - პოლიტიკური ბრძოლის ხაზი ფაქტობრივად, ღარიბაშვილის უწყების ხაზზე გადიოდა.

რას გულისხმობთ?

- „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღემდე ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გამწვავდა. მეორე მხრივ, ხელისუფლების უმაღლესი პირი, სააკაშვილი ათავისუფლებდა (და სულ უფრო ინტენსიური ანალიზის საგანი ხდება ეს ფაქტები) ადამიანებს, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული დანაშაული ქონდათ ჩადენილი. ამ ორ წერტილს თუ შევაერთებთ ერთმანეთთან, სავარაუდო ხდება, რომ ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგია იყო პლიტიკური სიტუაციის დაძაბვა და მერე ამისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება.

ამ სტრატეგიის ფონზე თუ შევაფასებთ ღარიბაშვილის მოღვაწეობას, უდავოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჩვეულებრივი უწყებისა და სამინისტროს ხელმძღვანელი კი არა, არამედ აღმოჩნდა ისეთი უწყების ხელმძღვანელი, რომელზეც გადიოდა ძალიან დაუნდობელი პოლიტიკური ფრონტის ხაზი.

ის, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა ვერ ვიგრძენით ნაციონალების მიერ დაგეგმილი და გამიზნული ქაოსი, ეს უდავოდ ღარიბაშვილის დამსახურებაა.

თუმცა მაინც ერთია კონკრეტული უწყების ხელმძღვანელობა იმის მიუხედავად, რომ შს სამინისტროს უაღრესად სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო მეორეა, მთელი ქვეყნის მართვა. გამოავლინა ღარიბაშვილმა ის უნარები, რომ მას ვენდოთ?

- მაინც და მაინც ნუ ვენდობით, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს ასეთი განცხადებები, არ ვარ მომხრე, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობოდეს. მოსახლეობა საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, საკუთარი თავი გამოავლინოს, მაგრამ აკონტროლებს კიდეც. ღარიბაშვილი არის ის ფიგურა, რომელსაც შეიძლება მისცე ამ მიმართულებით მოქმედების საშუალება, მაგრამ კი, ბატონო, გააკონტროლოს საზოგადოებამ. იმით კი, რითაც აქამდე იცნობდა ღარიბაშვილს საზოგადოება, ის უნდობლობას ნამდვილად არ იმსახურებს.

ანუ, მას გააჩნია საჭირო პოტენციალი...

- სამართალდამცავი სტრუქტურა მისთვის საერთოდ უცნობი იყო და მოახერხა, სისტემაში ეფექტიანი მუშაობა. პრემიერ-მინისტრობა, რაც გულისხმობს ეკონომიკასაც, საგარეო უთიეთრთობებსაც და ა.შ. მისთვის ბევრად უფრო ნაცნობი იქნება მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე და ალბათ, კიდევ უფრო უკეთესად მოახერხებს.

ძალიან ხშირად ისმოდა კითხვა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, იქნება ის დამოუკიდებელი ფიგურა თუ ბიძინა ივანიშვილის უხილავი ხელის ფუნქციას შეასრულებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება იყოს ღარიბაშვილი?

- საკითხის დასმა არ მიმაჩნია სწორად - რომელი ხელმწიფის ხელში გაქრისტიანდა საქართველო?

მირიანის...

- მირიანი ირანელი იყო და მის სტრატეგიას, მის გავლენას უნდა დამორჩილებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა დამოუკიდებლად მოქმედება და მივიღეთ კიდეც დამოუკიდებლობა სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. როდესაც ამ პოლიტიკურ დონეზე ავა ფიგურა, ნუ დავიწყებთ მარჩიელობას, ის დამორჩილდება თუ არა. რაღაც დონემდე უდავოდ იქნება ბიძინა ივანიშვილისა თუ მისი სხვა პარტნიორების რჩევების გამთვალისწინებელი და ეს კარგია, მაგრამ მერე როგორ ჩამოყალიბდება მისი პოლიტიკური ორიენტაცია და რა გადაწყვეტილებები მომწიფდება მასში, როგორც წამყვან პოლიტიკურ ფიგურაში, ეს, ალბათ, არც თვითონ არ იცის.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი თემა - გვახსოვს საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ საპრეზიდენტო. ფაქტობრივად, ორივე ბიძინა ივანივილმა მოიგო, რადგან კოალიციის მიერ მიღებული ხმები ეკუთვნოდა უშუალოდ მას. ბიძინა ივანიშვილი გადის პოლიტიკური არენიდან, მის პოსტს იკავებს ღარიბაშვილი. თქვენი შეფასებით, აქვს ღარიბასვილს ის ქარიზმა, რომ ამომრჩეველთა ასეთი ერთსულოვნების მობილიზება მოახერხოს?

- საპრეზიდენტო არჩევნებში შეგეკამათებით, ეს არ იყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმები, იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპზე მარგველაშვილმა საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა, მე პირადად, „რუსთავი2“- ში მისი გამოსვლის მოწმე ვიყავი, რაც ჩემი აზრით, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. ასე რომ, მარგველაშვილსაც „არ ეძინა“ და ეს არ იყო მხოლოდ ივანიშვილის აქტიურობის შედეგი. თუმცა, ორივე ფაქტორი, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. ანალოგიურად, მგონია, გუნდის თითოეული წევრი და მითუმეტეს ღარიბაშვილი, მოახერხებენ, რომ თავიანთი სიმპათიები მოიპოვონ.

რაც შეეხება თავად კოალიციას, არაერთხელ მოგვისმენია პროგნოზები, რომ კოალიციას აერთიანებს ივანიშვილი და მისი წასვლა პოლიტიკიდან გამოიწვვს კოალიციის დაშლას. მოახერხებს, თუ არა ღარიბაშვილი ეს ერთიანობა შეინარჩუნოს საჭირო დრომდე, ან საჭიროა თუ არა კოალიცია ერთიანი იყოს მაგალითად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე?

- საპარლამენტო არჩევნებამდე არ ვიცი, მაგრამ ახლა უახლოესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიები ცალ-ცალკე გამოვიდნენ.

რაც შეეხება ერთიანობას, მათ მხოლოდ ივანიშვილი არ აერთიანებთ და როგორც თვითონ ივანიშვილმაც აღნიშნა, მის გარდა არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - დამოუკიდებლად ეს პარტიები შეიძლება ამომრჩევლისთვის ნაკლებად საინტერესონი აღმონდნენ. ასე რომ, ამომრჩევლის წინაშე წარდგომისას რეიტინგული სისუსტე შეიძლება იყოს ის გამაერთიანებელი, რაც მათ ერთ გუნდად მაინც შეკრავს.

ანუ მოტივაცია გააჩნიათ ივანიშვილის გარეშეც...

- რა თქმა უნდა, საერთოდ, გინდ ცხოვრებაში, გინდ პოლიტიკაში ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაში არიან ისინი, ვისაც უჭირთ და არა ისინი, ვისაც ულხინთ.

როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ეკონომიკური მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოწესრიგებული სასამართლო სისტემის ფონზე. შეიქმნება თუ არა სტაბილურობის შეგრძნება ქვეყანაში, როდესაც უკვე გვეყოლება ქვეყნის მმართველი, რომელიც არსად არ აპირებს წასვლას. იქნება თუ არა ეს პოლიტიკური ცვლილებები საკმარისი მაგალითად, ინვესტორებისათვის, რომ საქართველო მაღალი რისკების ქვეყანად აღარ ჩათვალონ?

- ღარიბაშვილს შეუძლია ისარგებლოს იმ გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია კომერციულ თუ სხვადასხვა ეკონომიკურ სტრუქტურებში ყოფნით. მას ჰქონდა ასეთი პრაქტიკა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი იქნება არა ღარიბაშვილის გაპრემიერების, არამედ ქვეყნის დაწყნარების, დამშვიდების ფაქტორიც. ის ფაქტორი, რომ ქვეყანა უკვე რაღაც ერთმნიშვნელიან პარამეტრზე დადგა და ღარიბაშვილი ამ კონტექსტში ფიგურირებს არა როგორც პიროვნება, არამედ, როგორც გუნდის წევრი. ამდენად, სტაბილურობის გარანტია უფრო მეტი იქნება. ეკონომიკური მოქმედებების სტაბილურობის გარანტია, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც მარგველაშვილის არჩევის შემთხვევაშიც, რომელიც იგივე გუნდის წევრია, ალბათ, მეტი იქნება.

ქვეყანას მართავს ახალი პრემიერი, პრეზიდენტი და უკვე ერთწლიანი გამოცდილების მქონე პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენი შეფასებით, ამჯერად როგორი მმართველი სამეული მივიღეთ, რამდენად გააკონტროლებენ და დააბალანსებენ ერთმანეთს?

- საინტერესო სამეულია - საინტერესო ყველა გაგებით. მარგველაშვილი ახალი ფიგურაა, მაგრამ უდავოდ სამოქალაქო ტიპის, ის არ შემოსულა პოლიტიკაში ინტრიგების გრძელი გზით, ის მოვიდა სამოქალაქო სექტორიდან. არც ღარიბაშვილი მოსულა პოლიტიკაში ინტრიგების გრძელი გზით, ის მოვიდა ამ შემთხვევაში ეკონომიკური სექტორიდან. ეს ორი ფიგურა უდავოდ იქნება ჰარმონიული. უსუფაშვილი, უბრალოდ, დაბადებულია პარლამენტის თავმჯდომარედ და იმ ფუნქციის შესასრულებლად, რომელსაც ის ასრულებს და არ მგონია, რომელიმე მათგანს მოუნდეს საკუთარი მოქმედების არეალის ფარგლებიდან გასვლა, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფოში დესტაბილიზაციას.

რა შეცდომები ჰქონდა თქვენი შეფასებით ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არ უნდა გაიმეოროს ღარიბაშვილმა?

- ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა თავისთავად, ძალზე საინტერესოა და ალბათ, მომავალში წყნარ განწყობილებაზე უფრო მეტი ითქმება... მგონია, რომ მისი შეცდომები ძირითადად, უკავშირდება უტაქტობას საზოგადოების ამა თუ იმ წარმომადგენლების მიმართ და ვფიქრობ, ეს არც ერთმა ხელისუფალმა არ უნდა გაიმეოროს.

ზედმეტად ფამილარულ გამონათქვამებს გულისხმობთ მედიის, ექსპერტების და .. მიმართ?

- ყოველ შემთხვევაში, ჭკუის სწავლება გინდ ერთის, გინდ მეორის ან მესამისთვის და საჯარო კორეგირება მედიიდან, არ იყო პოლიტიკოსის საუკეთესო გადაწყვეტილება.

და ბოლოს, ივანიშვილის საუკეთესო გადაწყვეტილებათა სიაში თუ შეიყვანთ გადაწყვეტილებას, ღაიბაშვილის პრემიერად დასახელების შესახებ?

- უდავოდ.