ლობისტების მიერ გაცოცხლებული სააკაშვილი - რა ღირს სიკორსკისგან ჭკუის დარიგება?

ლობისტების მიერ გაცოცხლებული სააკაშვილი - რა ღირს სიკორსკისგან ჭკუის დარიგება?

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რასაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ. პატიმარი ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მას ექცევიან, როგორც პაკისტანელები. როდესაც პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ.

იმრან ხანისთან საკუთარი პერსონის გაიგივებიდან რამდენიმე საათში კი სააკაშვილმა თავი უკვე რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შეადარა და აღნიშნა, რომ შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მოწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადაარჩინა. „რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად, ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თუმცა, ასე არ ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი და აცხადებს, რომ საქართველო რუსეთი არ არის და არ ფიქრობს, რომ ნავალნისთან სააკაშვილის შედარება შეიძლებოდეს. სალომე ზურაბიშვილის ამ მოკლე კომენტარის შემდეგ, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, პატიმრის ბედით დაინტერესდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და მიმართა ზურაბიშვილს, რომ მას შეუძლია წვლილი შეიტანოს მის გათავისუფლებაში.

როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ, თუმცა ვინ, პოლონელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, ისევე, როგორც არ დაუკონკრეტებია რამდენად ეთიკურია და ამავე დროს კორექტული, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

„სამწუხაროდ, პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული განცხადებები შემდგომ, მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, რომელსაც არც საფუძველი ჰქონდა და არც ნებართვა. რაც შეეხებოდა საქართველოს მიერ სანქციების დაწესებას, ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს. სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არა, მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს.

„რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ის, ამ შემთხვევაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბუნებრივია, არ ვიცით რა პასუხები გაეცა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთ ან მეორე განცხადებას, თუმცა, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, სპეცოპერაცია სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად გრძელდება და მალე გავიგებთ თუ რამდენი მილიონი დაჯდა. მისი თქმით, ჯერ Bloomberg ჩააცივდა ზურაბიშვილს სააკაშვილის თემით, შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირი ტექსტით მოსთხოვა მისი გათავისუფლება.

„შემდეგი აქტი რა შეიძლება იყოს? თბილისში დაბრუნებული ზურაბიშვილი იტყვის, რომ ევროინტეგრაციის დიადი მიზნის მისაღწევად, მივიღე ჩემთვის მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება და ა.შ. თუმცა, მთავარია რა მოხდება იმის შემდეგ თუ ე.წ. პრეზიდეტმა შეიწყალა ტირანი. ის დატოვებს „ვივა-მედს“ ხოლო ხელისუფლება აუცილებლად შეაბრუნებს მას უკან ციხეში. აი, სწორედ, აქ შეიძლება მოხდეს ის, რაც მე არ მინდა რომ მოხდეს, სააკაშვილისადმი ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად. ნაცები და მათი აქტივისტები, ბუნებრივია, ფიზიკურად შეეწინაღმდეგებიან სააკაშვილის ციხეში შებრუნებას. დაცვას და სამართალდამცავებს კი ასეთ შემთხვევებში აქვთ იარაღის გამოყენების ლეგიტიმური უფლება - ტყვია კი ბრმაა... ხვდებით იმედია - რას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უხეშად ჩაერია საქართველოს შიდა საქმეებში. მისი თქმით, ჩვენი ტიპის ქვეყნის მხრიდან ასეთი ჭკუის დარიგებას ვერ წავაწყდებით, მაგრამ ევროპელებს, მით უფრო აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს, პარადოქსულია, მაგრამ ძალიან ხშირად აქვთ იმის განცდა, რომ ისინი უფრო მეტად დემოკრატიულები არიან, ვიდრე ვინმე ამ ქვეყანაზე.

„მათ აქვთ იმის განცდა, რომ უფრო მეტად იმსახურებენ დემოკრატიის გვირგვინს და შესაბამისად, უფრო მეტად აქვთ უფლება, რომ სხვებს ასწავლონ ამ მხრივ ჭკუა. ეს ყველაზე რბილ ვარიანტს ვამბობ. ამავე რბილ ვარიანტში შედის ისიც, რომ ყველაფერი მხოლოდ „კეთილგანწყობით“ არის ნაკარნახევი, მიუხედავად ამისა, რომ იმ სიშორიდან რეალობა მაინც არ ჩანს. არა თუ უცხოელები, არამედ ქართველებიც კი, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ვატყობთ, რომ ხშირად არაადეკვატურად აფასებენ აქაურ სიტუაციას. რა უნდა გაგვიკვირდეს უცხოელების?

ამიტომ, სასურველი იქნებოდა, რომ ასე ხელაღებით პოზიცია არ დაეფიქსირებინა და ჯერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაესვა კითხვები საიმისოდ, რომ გარკვეულიყო რაშია საქმე, ეს იქნებოდა კორექტული. ამ ნაბიჯების მოფიქრებას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება და როცა ადამიანი ვერ ახერხებ ასეთი ნაბიჯების გადადგმას, სავარაუდოა, მას რაღაცა სხვა ინტერესი აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ტრადიციულ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ახლა ისეთი არეულობაა შექმნილი, ვინ ვის თამაშს თამაშობს, ნამდვილად ძნელი სათქმელია.

„ის განცხადება, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, არც დემოკრატიის, არც პოლიტიკური ეთიკის და არც თავისუფლების იდეების ჭრილში არ ჯდება, რომ არაფერი არ ვთქვათ იმაზე, არ ჯდება ისტორიის ადეკვატურ შეფასებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის შეფასებით, ძალიან ძნელი საპროგნოზოა დაექვემდებარება თუ არა ზეწოლას ზურაბიშვილი, რომელიც მას აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრიდან, ასევე ქვეყნის გარედან უცხოური ძალების მხრიდან და პარალელურად, ის არის ხელისუფლების მიერ შერისხული.

„ანუ, ფაქტობრივად, ის ძალა განუდგა, რომელმაც დიდი ტანჯვა-ვაებით მოიყვანა პრეზიდენტის პოსტზე. ეს სპეციფიკა მას აიძულებს, რომ ანგარიში გაუწიოს ამ ზეწოლას. იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი სალომე თავისი ცხოვრების სოლიდურ ასაკშია. მისი პოლიტიკური მომავალი საქართველოში უპერსპექტივოა, შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე მანევრებით რაღაცა ფუნქცია შეიძინოს, მაგრამ რეალურად ელექტორალური მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ, თუ მას სურს პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივოს და გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს მათ და არ გამოვრიცხავ, რომ ადრე თუ გვიან გადააბიჯოს საკუთარ თავს.

მას პიროვნულადაც რთული ურთიერთობა აქვს სააკაშვილთან, როელმაც ჯერ ჩამოიყვანა, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა და შემდეგ გააძევა სამსახურიდან. საკმაოდ მძიმე ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილთან და მხოლოდ ამის გამო არ იწყალებს, თან რთული შესაწყალებელია. გარდა წარდგენილი ბრალდებისა, იმდენი კრიმინალურ და იურიდიულ გადაცდომაზე შეიძლება მოედავოს ხელისუფლება, რომ ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება“, - ამბობს ბერიძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, ზეწოლა არის და იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე, თუმცა თუ კლასიკურად მივუდგებით თემას, ყველა მოწოდება, რომ სააკაშვილი გაანთავისუფლოს საქართველოს ხელისუფლებამ, არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც შენი მართლმსაჯულების სისტემას დასავლეთი არაერთგვაროვნად აღიქვმას და მთლიანობაში არ ენდობა, ბუნევრივია, ასეთ ვითარებაში მოწოდებები ცალკეული პიროვნებების შეწყალებაზე, თუ მსჯავრის გადახედვაზე არის ბუნებრივი.

„ამ შემთხვევაში ის უფრო მადარდებს, რომ ევროპაში გაზრდილი პოლიტიკოსის და დიპლომატის გამოისობით, ფაქტობრივად, ჩვენი კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად იქცეს. თუ კონსტიტუციას არღვევს კონსტიტუციის და კანონიერების გარანტი პრეზიდენტი, აბა, რაღაა იმ კონსტიტუციის ფასი?!

მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით მოქმედებს ასე, შეიძლება რაღაცა ზემაღალი იდეალებიდან ამოდიოდეს, მაგრამ ფორმალურად, ყველა შემთხვევაში, იმ კონსტიტუციის დარღვევა, რომლის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პრეზიდენტის საგარეო აქტიუროებები შეთანხმებული და ნებადართული უნდა იქნას მთავრობის მიერ, ასე უნდა იმოქმედოს საერთაშორისო არენაზე. რაც არ უნდა იძახოს, რომ ამ ხელისუფლების კურსი არ მიდის ევროპისკენ და ამიტომ არ ვეკითხები მთავრობას არაფერსო, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და შეურაცხყოფა! როგორც რომაელები ამბობენ - „სამართალი უნდა აღსრულდეს, გინდა რომი დაინგრეს“. ე.ი. კონსტიტუციის ის პუნქტი უნდა შესრულდეს, რაც არ უნდა მოხდეს. მაგრამ ეს იძახის - არა, მე კარგ საქმეზე მივდივარ, ამ ხელისუფლების პრორუსულ მიდრეკილებებს ვებრძვი და ამიტომ კოსტიუციაში ჩაწერილი მუხლი ფეხებზე მკიდიაო, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე.

ლევკოთეა სარგებელს თუ ელის, სააკაშვილი, ნავალნის კი არა, ვისაც გინდა, იმას შეადარებს თავს. თუნდაც, შორენა ბეგაშვილი იყოს.
შუშანიკამდეც კი მივა. :) მაგდენი კი ექნება ნასწავლი სკოლაში.
9 თვის უკან
ლაზი პოლონეთის პრეზიდენტმა თავის საქმეს მიხედოს. საკუთარ ძმაკაცებს რომ იწყალებს, ყოველ კვირაში და მეორე დღეს რომ უპატიმრებენ ისევ. არაერთი პრეზიდენტისათვის მოუკითხავთ შეწყალების საქმეებზე და კიდევ ბევრს მოკითხავენ.
9 თვის უკან
ლაზი ისე ნავალნისთან საერთო, ერთ რამეში ნამდვილად არსებობს. ერთი პროვოკაციას წამოეგო და საქართველო აბომბვინა, მეორე კი მოუწოდებდა, ეგ საკმარისი არ არის, ხეირიანად დაბომბეთო.
9 თვის უკან