„ვერ ვიტყვი, რომ კოალიცია იქნება პოლარიზაციის დასასრული, მეტიც, ის შეიძლება ახალი პოლარიზაციის დასაწყისი გახდეს“, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული.
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს არ აქვს კოალიციური მთავრობის პირობებში, ქვეყნის მართვის გამოცდილება. გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და სხვა პარტიებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციამ აიღო იმდენი ხმა, რომ შეძლო კოალიციის ჩამოყალიბება, დიდი ალბათობით, წარმოიქმნება უთანხმოებები. ასევე საკითხავია, კოალიციური მთავრობა რამდენ ხანს გაძლებს. ამიტომ, კოალიციის ფორმირება რამდენად იქნება პოლარიზაციის დასასრული, გაუგებარია.
ბატონო ზაალ, პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დროა, საქართველომ ქვეყნის მართვა კოალიციური მთავრობის პირობებში გამოცადოს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
- თუ გავითვალისწინებთ ევროპის გამოცდილებას, რაც გვქონდა 80-იანი წლების იტალიაში, როდესაც მთავრობები ერთი მეორის მიყოლებით იშლებოდა და ხელახალი არჩევნები ტარდებოდა, რადგან ვერ ახერხებდნენ ერთად მუშაობას და ძირითად საკითხებზე შეთანხმებას, თუ საქართველოშიც მსგავსი სცენარი განმეორდა, გამოცდილება დაგროვდება და ეს შეიძლება რაღაც შედეგამდე მივიდეს, მაგრამ ეს პერიოდი ხომ უნდა გამოიაროს ჩვენმა სახელმწიფომ?! რამდენად გაუძლებს ჩვენი სახელმწიფო ისეთ კატაკლიზებს, რომლებიც შეიძლება სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი იყოს?! - ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ალბათ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივდიოდეთ კოალიციური მთავრობის ცხოვრების პირობამდე. თუმცა, მეორე საკითხია, საპარლამენტო მოდელი ის საუკეთესო ვარიანტია, რაც საქართველოს სჭირდება?! კოალიციური მთავრობა პანაცეა ხომ არ არის?! გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპული სამრეკლოდან უყურებს ყველაფერს. ეჭვი მეპარება მსგავსი რამ მოხდეს და რომც შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ამით პოლარიზაცია ბოლომდე ვერ დაიძლევა.
ბოლო პერიოდში, აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს. რამდენად არის ეს შესაძლებელი, დღეს არსებული ვითარების ფონზე?
- სალომე ზურაბიშვილი ლიდერადაც რომ მოგვევლინოს, ჯერ დანარჩენი ოპოზიციის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, რომ ზურაბიშვილი იყოს ლიდერი. მას პრეზიდენტობის ვადა ეწურება და როდესაც ის წავა, დაკარგავს იმ სახელისუფლებო ქარიზმას და მიზიდულობას, რაც მას ახლა აქვს პრეზიდენტობიდან. ბოლომდე ვერ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რაც ექსპერტულ წრეებში არსებობს, რომ თითქოს ზურაბიშვილი ოპოზიციის გაერთიანებულ ლიდერად მოგვევლინება.
თქვენ პირადად როგორ ფიქრობთ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს?
- პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან ისეთი ქმედებების განხორციელებაზე, რაც პოლარიზაციას ხელს შეუწობს. მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი უნდა თქვას არაადეკვატურ და კანონთან შეუთავსებელ განცხადებების გაკეთებაზე, სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებაზე. ოპოზიციამ უარი უნდა თქვას არჩევნების და საარჩევნო კომისიის წინასწარი დისკრედიტაციზე და მისდამი უნდობლობის დათესვაზე. არასამთავრობო სექტორმა უარი უნდა თქვას რადიკალური პოზიციის დაკავებაზე. ასევე, ხელისუფლებამაც გადადგას ნაბიჯები სამოქალაქო სექტორთან და ოპოზიციასთან მიმართებაში. უნდა მოხდეს ისეთ საკითხებზე კონსენსუსი, რაზეც ეს მიღწევადია.
ახლა მიდის დებატები იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შეიძლება დასხდომა და მოლაპარაკება იმაზე თუ რომელი კანდიდატი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც არ იქნება მიუღებელი არც „ქართული ოცნებისთვის“ და არც ოპოზიციისთვის. საკითხების გამონახვა შეიძლება, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება, რასაც დაპირისპირებულ მხარეებში, ვერ ვხედავ.
ოპოზიციური სექტორში და გარკვეულ ანალიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ვადით ხელისუფლებაში დარჩენა, ეს იქნება ქვეყნის განვითარების კუთხით, უკან გადადგმული ნაბიჯი...
- ყველაფერს წვეტს ამომრჩევლის ნება-სურვილი. მესმის, რომ მსგავსი განწყობა არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთშიც. როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს იქაც არ უნდათ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩეს, მაგრამ ეს არის ამომრჩევლის ნება და ამას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. მთავარია, ამომრჩევლის ნების გამოხატვა მოხდეს სამართლიან საარჩევნო გარემოში.