„ოცნება“ 2024 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებაში არამხოლოდ დაბრუნებას გეგმავს, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებასაც. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, განულებულია და ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს, „ოცნება“ კვლავ უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს.
ღარიბაშვილი აცახდებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი მთავარი მიზანი ძლიერი გამარჯვება, ძლიერი შედეგი და საკონსტიტუციო უმრავლესობაა.
მისი თქმით, მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში რეგიონში ჩასვლას გეგმავენ, ათი გასვლითი ღონისძიება ექნებათ და პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება.
„მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანი არის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭირო არის მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება - ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე.
მე გავიმეორებ ჩვენს მიზანს – ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, პარლამენტთან. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ თუკი მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების იმედი აქვს, მაშინ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რატომღა დაბრუნდა.
მისივე თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, ხოლო მათ ერთმანეთთან „ფარული კოალიცია“ აქვთ და ერთმანეთს ეხმარებიან.
„რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნო ბაქიბუქი. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, როგორც ჩანს, ხმებს შემოდგომაზე დავითვლით. ოპოზიცია ჯერ კარგ ფორმაში არ არის. ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს და ერთმანეთს არ ინდობს. ჯერ ზამთარი არ დამთავრებულა და იმედია, უკეთესს ფორმაში ვიქნებით“, -ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უმრავლესობა ამ ოპოზიციის პირობებში ნამდვილად გარანტირებული აქვს, თუმცა ღარიბაშვილის განცხადებით გამოჩნდა, რომ მათ ამბიციები საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაზეც აქვთ. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რთულია არჩევნებამდე ზუსტად იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა „ოცნება“ ამას, თუმცა რიგი მიზეზებსი გამო, ეს რეალობასთან ახლოს არის.
„ოპოზიციის საუბარი იმაზე, რომ „ოცნებას“ ასე კარგად თუ აქვს საქმე მაშინ ივანიშვილი უკან რატომ დაბრუნდაო, ძალიან სუსტი არგუმენტია. საქმე ისაა, რომ თავად ივანიშვილმა ახსნა უკან რატომაც დაბრუნდა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებში ვერგამარჯვების შიში იყო ამის მიზეზი. პირიქით, მან თქვა, რომ რიგი გამოწვევევბის გამო ის იძლებული გახდა, ქვეყნის გამო შემობრუნებულიყო. ამიტომ პირიქით, შესაძლოა, „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ივაიშვილის უკან დაბრუნება დამატებითი სტიმულიც კი გახდეს.
ამასთანავე, ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან მძიემ სიტუაციაა -დაშლილი და დაპირისპირებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმანეთს ამომრჩეველს წაართმევს. პატარა პარტიები, რომლებიც იმდენად სუსტები არიან, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსიც კი არა აქვთ. დიდი შანსია იმისაც, რომ ვერ გაერთიანდნენ და ასე ფრაგმენტულად წარსდგნენ არჩევნებზე. ამიტომ ღარიბაშვილის განცახდება რეალობას სულაც არ არის მოკლებული და ეს შანსი არსებობს“, - ამბობს საყვარელიძე.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ის სექტა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლად არის ჩამოყალიბებული, ადამიანების ის კატეგორიაა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნების შედეგად ისინი აღიდგენენ იმ პრივილეგიებს, რომელიც მათი რეჟიმის დროს ჰქონდათ. ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ-ს სხვა დამატებით ამომრჩევლის მოზიდვა არ შეუძლია, აქედან გამომდინარე, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს ამბიცია და დიდი პერსპექტივაც იმის, რომ ხელისუფლებაში კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. ახლა ჩვენს ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი სიტუციაა, რომ „ოცნებას“ სერიოზულ კონკურენციას ვერც ერთი მათგანი უწევს. ვიცით, რომ ენმ-ს ჰყავს თავისი ე.წ. სექტა ამომრჩეველი, ხოლო დანარჩენ ე.წ. ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე და იმ ახალგაზრდობაზე მუშაობენ, რომელბსაც ენმ-ის წარსული არ ახსოვთ.
თუმცა, აქაც სიტუაცია ძალიან ცუდად აქვთ, როგორ შეიძლება ახალგაზრდობა ლევან ხაბეიშვილით დააინტერესო?! ამის პარალელურად, ისინი ცდილობენ სხვა ფლანგზე გაიშალონ, ვითომდა დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის სახით და ენმ-ს როგორმე 5%-დან 7%-მდე მიამატონ. ახლა ცდილობენ პრეზიდენტის ფანჩატურში ამ პატარა „ნაცმოძრაობა“ პარტიუკებით, რაღაცა ახალი გაერთიანების ილუზია შექმნან. ეს შეუძლებელი და გამორიცხულია, რადგან მათი ელექტორატი ზუსტად „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია. ხოლო, როგორც კი წინასაარჩევნოდ მოხდება პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, მაშინვე ეს პატარა პარტიები არავის აღარ ემახსოვრება, მათთვის მიცემულ ხმას დაკარგულად მიიჩნევენ. ასეთ შემთხვევაში, მობილიზებული ხდება „ოცნების“ ამომრჩეველიც და სწორედ, ამ ფონზე, მმართველი გუნდი მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას“, - ამბობს ახვლედიანი.