2019 წლის 26 ნოემბრის პრეზიდენტის №556 ბრძანებულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულება. საქართველოს პრეზიდენტის აპარატმა პატიმართა შეწყალების ახალი წესი შეიმუშავა. ეს ის წესია, რომლის შეცვლის აუცილებლობაც დაასახელა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის მიზეზად. ახალი წესის თანახმად, შეწყალების საქმეებს განსახილველად პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური ამზადებს.
თუმცა, როგორც ირკვევა სალომე ზურაბიშვილი მის მიერვე გაუქმებული პრეზიდენტის შეწყალების კომისიის აღდგენას გეგმავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არ არის გამორიცხული, ამ კომისიას „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ უხელმძღვანელოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტსა და ა-ო პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს შორის უკვე დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის მსგავსად, არაერთი სკანდალური და ხმაურიანი შეწყალების აქტის ავტორია, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებს. თუმცა, პრეზიდენტს მიმართავს შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და მოუწოდებს, რომ ბესელიას კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნა როგორც კომისიას, ისე სალომე ზურაბიშვილსაც დააზიანებს.
აღსანიშნავია, რომ ელისაშვილი ბესელიას ამავე თემის გამო ჯერ კიდევ წლების წინ დაუპირდაპირდა და კორუფციაში დაადანაშაულა. ამ დაპირისპირებაში საინტერესო დეტალია ისიც, რომ ეკა ბესელიამ, როგორც დეპუტატმა შეწყალების კომისიას ყველაზე მეტი - 608 პატიმრის შეწყალების მოთხოვნით მიმართა.
„ეკა ბესელიას დანიშვნა იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ეკა ბესელია თავისი ცხოვრების მანძილზე ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, სულ გინდა. თან იქ ფული იოლად იშოვება, თუ ნამუსი და შუბლის ძარღვი არ გაქვს. ის ამ ყველაფერს უტრიალებს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში საკუთარ თავს, ქვეყანას და პატიმრების ოჯახებს ნუ გახვევს.
სალომე ზურაბიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა შეწყალების კომისია გააუქმა, ეს იყო მიუტევებელი შეცდომა. მერე შარში გაეხვია და ძალიან ძვირადაც დაუჯდა. მკვლელები და 30 წელი ძებნილები შეიწყალა და სკანდალი იყო. თქვა კიდევაც შოთაძემ, რომ როგორც კი ამოწურავს თავის ვადას სალომე ზურაბიშვილი, მაგ საქმეს მივხედავთო. სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ, ამაში დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად. რა იყო და როგორ იყო, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მძიმე ფაქტი იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ თუ პრეზიდენტი ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად დანიშნავს, ეს სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან თანამშრომლობის მორიგი დამადასტურებელი ფაქტი იქნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და მოუწოდებს, გაასაჯაროოს უცხოური დაფინანსებები.
„ერთადერთი რამისკენ მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად ვერ ჩამოვყალიბდი, ეკა ბესელია პოლიტიკოსია თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები და ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ. როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება, მას ჰქონდეს ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა, თავისი ოფისი რადიკალური ოპოზიციის ციტადელად აქციოს. მისი თქმით, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ყველა რისკს, გამომდინარე წინა სკანდალიდან, უკვე თავის თავზე აიღებს.
„ეს მოვლენების ჯაჭვში საკმაოდ კარგად ჯდება და რა ნაბიჯებსაც დგამს ქალბატონი ზურაბიშვილი, იმ ნაბიჯებს ეხმიანება. ზურაბიშვილს აქვს გაცხადებული პოზიცია, მას უნდა რადიკალური ოპოზიციის ციტადელად აქციოს თავისი ოფისი“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
თავად ეკა ბესელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები აქვს, თუმცა არა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად დანიშვნის საკითხზე. რაც შეეხება ელისაშვილის ბრალდებას, ამბობს, რომ არამზადაა და პასუხს მოსთხოვს.
„ფრთხილად იყოს, რადგან პასუხს მოვთხოვ ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. კორუფციაში თავად ელისაშვილი იყო ჩართული და პატიმრების ბედით ვაჭრობდა, როცა ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო. არ ვიცი, ეს რატომ მოიგონეს და რისთვის დასჭირდათ. ტრიბუნასთან შალვა პაპუაშვილი დადგა და რამდენიმე ძალიან სულელური ფრაზა თქვა. მედიას მიმართა, რომ „მართლმსაჯულების სახლით“ დაინტერესდეს - გთხოვთ, დაინტერესდით! ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც პირადად მეც ვაფინანსებ და აფინანსებს USAID, რომელიც არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს.
გავიგე, რომ „ქართულ ოცნებას“ ნერვები ეშლება, თუ რატომ ვიცავ პრეზიდენტს და რატომ ვსაუბრობ მართლმსაჯულების პრობლემებზე, კლანს რატომ ვებრძვი, მაგრამ ნახეთ ელისაშვილის როლი - როგორი არამზადაა, რის გამოც პასუხს აუცილებლად მოვთხოვ. ერთხელ მე მას პროცესი მოვუგე, კომპენსაციაც გადაიხადა. როდესაც გაიყიდა, ფული გადაუხადეს, რომ ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გაეკეთებინა. ის იმას ამბობს, რასაც თვითონ აკეთებს - გაბრალებს იმას, რასაც თვითონ კადრულობს!“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თუ პრეზიდენტი ქმნის ამ კომისიას, არ არის გამორიცხული, რომ ქმნიდეს იმისათვის, რომ რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს გარკვეული პირების შეწყალებას, მათ შორის შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილიც.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ზურაბიშვილი და ბესელია ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს და პრინციპში, აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში არიან.
„ვხედავთ მას პრეზიდენტის გვერდით სხვადასხვა საჯარო შეხვედრაზე. გამომდინარე აქედან, ბესელია ამას რომ არ ადასტურებს ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის არ დაინიშნება, მაგრამ თუ ის დაინიშნა კომისიის თავმჯდომარედ, მე ვფიქრობ, ეს საზოგადოების მიერ ნეგატიურად იქნება აღქმული, რადგან მის მიმართ არსებობდა სერიოზული პრეტენზიები, რაც დღესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააჟღერა, რომელიც იყო თავის დროზე ამ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი და იცის, ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულო. მე ვფიქრობ, რომ თუ დანიშვნა მოხდა, ეს ნაბიჯი საზოგადოებაში დადებით რეაქციებს არ გამოიწვევს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.