„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახსნის ახალი გეგმა და სტრატეგია აამოქმედა. კერძოდ, ოპოზიციურმა პარტიამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელსაც 1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცემს. ექსპერტთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ ამ ნაბიჯს სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება, მეტიც, ეს არის წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის მობილიზება და პარტიის ყოფილი ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის ხმების წართმევის მცდელობა.
კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ხელმოწერების შეგროვების პროცესსა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ For.ge-სთან საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული ვერ იმოქმედებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ სააკაშვილი ისევ საპატიმროში მოხვდეს.
„სამართლებრივად, არანაირი წესი არ არსებობს, რომელიც შესაძლოა, ადგენდეს, თუ რამდენი ხელმოწერაა საჭირო ამისთვის. ამას შესაძლოა ჰქონდეს რაოდენობის ეფექტი, თუ ბევრი ხელმოწერა შეგროვდება. ასეთი პეტიციის წარდგენა არანაირად არ ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ ეს გაითვალისწინოს. შეწყალების საკითხი არის ის, რასაც პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს, მას აქვს სრული თავისუფლება მიიღოს ან არ მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. შესაბამისად, სამართლებრივად სრულიად თავისუფალია ის.
ამასთან, შეწყალება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში და ისეთ დანაშაულების ფონზე, რაზეც სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ანუ რომელზეც განაჩენი არსებობს. იმ ბრალდებებზე, რომლებიც არის გამოძიების პროცესში ან რომლებზეც სასამართლოს განხილვა მიმდინარეობს და არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასეთ საკითხებზე შეწყალება არ ვრცელდება.
სააკაშვილს მისჯილი აქვს პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა სასამართლოს მიერ ერთ საქმეზე და მეორე საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ამ სიტუაციაში, შეწყალება შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ პირველ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სასამართლოს განაჩენი, ხოლო მეორე შემთხვევაზე ვერ გავრცელდება. თუ პრეზიდენტმა შეიწყალა სააკაშვილი პირველი განაჩენის საფუძველზე, მაშინ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ შესაძლებელია, რომ პროკურატურამ მოითხოვოს თავისუფლების აღკვეთა სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. თუ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის ასეთი შუამდგომლობა, სააკაშვილს კვლავ დააბრუნებენ საპატიმროში. საბოლოოდ, მისი თავისუფლებაზე ყოფნა დამოკიდებული არის ისევ სასამართლოზე“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ნაბიჯს წინასაარჩევნო პიარის ნაწილად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტია ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგის გამოყენებას ცდილობს, რათა ნიკა მელიას მეტი ხმა წაართვას.
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის თემას და ხელმოწერების შეგროვებას იყენებს წმინდა, პროპაგანდისტული თვალსაზრისით. როდესაც პიარტექნოლოგიის გათვალისწინებით იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე აკეთებენ აქცენტს - რამდენი მხარდამჭერი იქნება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ეს საარჩევნო კამპანიაა და არა სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობა. არ მგონია, პრეზიდენტმა ანგარიში გაუწიოს ამ ხელმოწერებს და სააკაშვილი შეიწყალოს. ეს პრეზიდენტის რეიტინგის განულება იქნება და ამას ზურაბიშვილი არ დაუშვებს.
საარჩევნო წელია და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამა თუ იმ მეთოდით, ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე. ეს ამომრჩევლის მობილიზაციის ერთ-ერთი ბერკეტია. თავადაც მშვენივრად იციან, რომ ამ ხელმოწერების შეგროვებას რეალური შედეგი არ ექნება. არის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“. არის ერთი ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და მეორე ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე.
როდესაც სააკაშვილის გავლენაზე ვსაუბრობთ, ეს გავლენა უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს. აქაც წარმოიშვა პრობლემა, რაც უკავშირდება მელიას და ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას. „ნაცმოძრაობის“ ეს კამპანია სწორედ იმ ამომრჩევლის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, რომელიც „ნაცმოძრაობას“ უჭერდა მხარს. ეს არის მცდელობა, რომ მელია, რომელიც პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს, რაც შეიძლება ნაკლები ხმა წაართვას. მელია ძირითადად ხმებს წაიღებს ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებიდან. ხაბეიშვილის ფრთა ცდილობს, სააკაშვილი გამოიყენოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დატოვოს თავის მხარდამჭერად, ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებიდან. სააკაშვილის გავლენას ძალიან აუფერულებს კეზერაშვილის, გვარამიას, ხაბეიშვილის არსებობა „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:
„სულ მალე, ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის. მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას. მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა, ვფიქრობ, რომ დროა საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი. მან ყველაზე კარგად იცის, თუ ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა. დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
1-ელ მარტს, 15:00 საათზე, ჩვენ ერთად უნდა გადავცეთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეგროვებული ხელმოწერები. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის! ენმ-ს რაიონული ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები და დაგეხმარებიან კოორდინაციაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.