უკრაინის აღმოსავლეთ ციხესიმაგრეში ავდეევკაში ბზარები ჩნდება - შესაძლოა, ქალაქი რუსებმა უახლოეს დღეებში ალყაში მოაქციონ. როგორც დასავლური მედია და ანალიტიკოსები წერენ, ავდეევკა შესაძლოა, უკრაინისთვის მეორე ბახმუტი გახდეს. რუსები ცდილობენ ქალაქში შეჭრას. მათი დივერსიული ჯგუფები დროდადრო შედიან ავდეევკას გარეუბანში, მაგრამ თავდაცვის ძალები უკუაგდებენ. ქალაქამდე მიმავალი მარშრუტი რუსებმა თვითმფრინავებით და არტილერიით დაბომბეს, მაგრამ კავშირი უკრაინელებს შორის ჯერ კიდევ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ რუსული ძალები, რომლებიც უკრაინის ქალაქ ავდეევკას უახლოვდებიან, უკრაინის ახალი უმაღლესი მეთაურისთვის და არმიისთვის, რომელსაც აკლია საბრძოლო მასალები და ჯარისკაცები, დიდი გამოცდა იქნება. ბრძოლა კი ინდუსტრიული ქალაქისთვის, 20 კილომეტრში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, ოქტომბრიდან მძვინვარებს, მაგრამ ბრძოლები გაძლიერდა და გასულ კვირას რუსეთის ჯარებმა გაარღვიეს უკრაინის თავდაცვა ჩრდილოეთ და სამხრეთ კიდეებზე.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარები ავდეევკაში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ დამცველები წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ.
ოფიციალური კიევის მტკიცებით, უკრაინის არმია ჯერ კიდევ აკონტროლებს ავდეევკას, ანუ რაც დარჩა აღმოსავლეთ ქალაქიდან რუსული თავდასხმის შუაგულში, მაგრამ სიტუაცია კრიტიკულია.
„მტერი ყველა მხრიდან აძლიერებს ზეწოლას. არ არსებობს ჩვენი ქალაქის არც ერთი ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად მშვიდია“, - განუცხადა მერმა ვიტალი ბარაბაშმა მედიას.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ ოკუპანტები მოახერხებენ მაღალსართულიან უბანში შეღწევას, ურბანული ბრძოლები გარდაუვალია და ქალაქი ბახმუტს დაემსგავსება.
თუმცა, მაღალჩინოსანმა უკრაინელმა ოფიცერმა, რომელმაც დასავლურ მედიასთან ანონიმურად ისაუბრა, ამბობს, რომ არსებობს განსხვავებები, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა ავდეევკასთვის და რა მოხდა ბახმუტში.
„ბახმუტში რუსები იყენებდნენ ცუდად გაწვრთნილ ყოფილ ტყვეებს Storm-Z-ის რაზმებიდან და „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულებს, ხოლო ავდეევკაში რუსეთი იყენებს კარგად დასვენებულ და გაწვრთნილ პროფესიონალ ჯარისკაცებს, რომლებიც ქალაქში გადადიან საარტილერიო სროლების შემდეგ. ავდეევკაში არტილერია ყველაფერს მიწასთან ასწორებს, შემდეგ კი პროფესიონალი დესანტის ჯარები მცირე ჯგუფებად მოდიან“, - თქვა ოფიცერმა.
ახლა, უკრაინული ჯარები ქალაქში არიან ყველანაირი საბრძოლო მასალით ამოწურული, არასრულფასოვანი შეიარაღებით, კვებით და ჭურვების შიმშილი აქვთ.
როგორც დასავლური მედია წერს, ბრძოლას აფერხებს უკრაინის მთავრობის უუნარობა, მიიღოს მობილიზაციის კანონი, რომელიც გაზრდის ჯარების რაოდენობას ოფიცრის ასაკის შემცირებით, რაც პოლიტიკურად ძალიან არაპოპულარული იქნება. ამ ფაქტორების ერთობლიობა კი რუსებს საშუალებას აძლევს უპირატესობა მოიპოვონ.
„შეტაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ კერძო სექტორში, არამედ ქალაქებშიც, კერძოდ ავდეევკას ჩრდილოეთით. აქ მტერი ცდილობს ქალაქს ავდეევკას კოქსის ქარხანა მოკვეთოს და ლოგისტიკური არტერია მოკვეთოს. ჩვენი დანაყოფები ამას აქტიურად ეწინააღმდეგებიან“, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა დმიტრო ლიხოვიიმ.
მან დასძინა, რომ უკრაინული მხარე აშენებს საცეცხლე პოზიციებს და სადამკვირვებლო პუნქტებს და განათავსებს ახალ დანაყოფებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
„მათ მოუწევთ „რთული“ ბალანსის დამყარება ძალის შენარჩუნებასა და მტრისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენებას შორის, ვიდრე თავად ზარალდებიან ტერიტორიის დაცვისას“,- თქვა მიკოლა ბიელიესკოვმა, უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა, გამოსვლისას.
„იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ ისწავლა ყველა მოსაზრებების - სამხედრო, პოლიტიკური - აწონ-დაწონვის გაკვეთილი ფრონტის ხაზის კონკრეტულ სეგმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დროს“, - ამბობს ის.
საქართველოს შეიარაღებლი ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალი ვახტან კაპანაძე მიიჩნევს, რომ ქალაქ ავდეევკაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და ინტენსიური ბრძოლები მიდის. გენერალი for.ge-სთან ამბობს, რომ რუსები ცდილობენ, უკრაინელები ალყაში მოაქციონ და მათი მიზანია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ქალაქი მარწუხებში მოხვდეს.
„ახლა რუსების მთავარ მიზანს წარმოადგენს ქალაქი უკრანელების მომარაგების ხაზებს მოსწყვიტონ. სამწუხაროდ, ბრძოლები უკვე ქალაქში მიდის და თითო გოჯი მიწისთვის ორივე მხარე დაუნდობლად იბრძვის. ბრძოლებია სახლიდან სახლში და დასახლებიდან დასახლებაში. ქალაქი მართალია განადგურებულია, მაგრამ რაც დარჩა, იმისთვისაც რუსებიც და უკრაინებელიც შეუპოვრად იბრძვიან. ამ ფონზე ჯარის როტაცია რთულდება, ასევე დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცების გამოყვანა ფერხდება. რასაც ახერხებენ მხოლოდ ღამით გამოჰყავთ“, - ამბობს გენერალი.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ორივე მხარისთვის ავდეევკა, გენერალი ამბობს, რომ ბახმუტისგნ განსხვავებით ეს ქალაქი დონეცკის სიახლოვეს მდებარეობს. ამიტომ ავდეევკის აღებით მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, მას სამხედრო მნიშვნელობაც აქვს.
„რუსების ჩანაფიქრია, რომ თუკი ავდეევკას აიღებენ, ამით უკრაინულ ძალებს დონეცკს დააცილებენ. დონეცკი უფრო დაცული ექნებათ. ამიტომ ავდეევკისთვის ბრძოლას, როგორც რუსებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ეს სიტუაცია კომპლექსური მიზეზებიდან არის გამომდინარე. ეს არის დაგვიანებული იარაღის და დახმარების მიწოდების გამო. ასევე ავდეევკასთავის ბრძოლას, სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინელებისთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აქაც პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებს.
უკრაინელებს საბრძოლო მასალის ნაკლებობა აქვთ. ასევე, შესაძლოა, აღინიშნოს ისიც, რომ წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელებმა გარკვეული რესურსები დახარჯეს. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ რუსებმა მოახერხეს გარკვეულწილად, დაჯგუფების შექმნა, რომელიც უშუალოდ ავდეევკას მიმართულებაზე იბრძვის“, - ამბობს გენერალი.
თუმცა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ავდეევკისთვის ბრძოლა დაახლოებით 7 თვე მიმდინარეობს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არც რუსებს არ ულხინთ. გენერალი ამბობს, რომ ახლა უკრაინელების გადასაწყვეტია, იგივე არ განმეორდეს, რაც მარიუპოლში მოხდა - უკრაინელების დაჯგუფება ახლა ავდეევკაში არ აღმოჩნდეს ალყაში. ამიტომ კაპანაძე მიიჩნევს, რომ უკრაინა დილემის წინაშე დგას - გაიყვანოს თუ გააგრძელოს ავდეევკისთვის ბრძოლა.
„ავდეევკა ახლა ოპერატიულ ალყაშია მოქცეული. უკრაინელების მომარაგების ინფრასტრუქტურას რუსების არტილერია უკვე წვდება. მნიშვნელოვნად რთულია როტაცია. ჩემთვის როგორც ცნობილია, უშუალოდ ზალუჟნის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმი ქალაქიდან გაყვანილი იქნა. ახლა ჩვეულებრივი სახაზო დანაყოფები იბრძვიან ავდეევკაში. არ ვიცი მოხდება ნაწილ-ნაწილ თუ მთლიანად ჯარის როტაცია, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთულია და ამას როგორ შეძლებენ, ესეც საკითხავია. ასევე, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტორიც, რომ სირსკის და ზელენსკის მიდგომაა - თითო გოჯი მიწისთვის ბრძოლა, საკმაოდ პოზიციური ბრძოლები, ანუ რაიონის თავდაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ“, - ამბობს გენერალი.
რა მასშტაბის ტერიტორიის დათმობა შესაძლოა უკრაინას ავდეევკას სახით მოუწიოს, გენერალი ამბობს, რომ მასშტაბი დიდი არ არის, უბრალოდ, აქ მოზიდული ძალები დიდი არ არის და არ იქნება კატასტროფული შეტაკება. თუმცა დანაკარგები მაღალია.
„ზოგადად ავდეევკა მციმე ზომის დასახლებული ქალაქი იყო. თუმცა უკრაინელებს აქ საკმაოდ კარგი თავდაცვითი პოზიციები ჰქონდათ ორგანიზებული. მაინც შესაძლოა, ითქვას, რომ ეს არის ტაქტიკური მასშტაბის დაპირისპირება და ეს არ არის ომის სახის შემცვლელი დაპირისპირება“, - ამბობს გენერალი.