ერთ წელიწადში მოქმედ პრემიერმინისტრ ივანიშვილს ღარიბაშვილი შეცვლის
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი კაბინეტის შინაგან საქმეთა მინისტრი და ნდობით აღჭურვილი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად წარადგინა თავის შემცვლელად. „ჩვენმა გუნდმა ერთხმად დაუჭირა ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარი“, თქვა შაბათს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მილიარდერმა. 31 წლის ღარიბაშვილის სახით საქართველოს ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლებაო.
ღარიბაშვილის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. რადგან ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ღარიბაშვილი ახალ პოსტზე მუშაბას 24 ნოემბერს შეუდგება, მას შემდეგ რაც არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ერთი კვირის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მარგველაშვილიც მოქმედი პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირია.
მომავალი პრემიერმინისტრი ერთი წლის წინ, ვიდრე მას შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგენდნენ, დაუწერელი ფურცელი იყო. მანამდე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, შემდეგ კი ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა, მუშაობდა მის ბანკში და ასევე ივანიშვილის ვაჟის, რეპ ვარსკვლავის ჩამწერ სტუდიაში. ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური იქნება და კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ, ქვეყნის ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი, პრეზიდენტზე მეტისაც, რომელიც ასევე საკმაოდ ახალბედა პოლიტიკოსია. მილიარდერის გვერდით მოკლე გამოსვლაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავისი მფარველის კურსის გაგრძლება სურს.
ოპოზიციის კრიტიკა
ოპოზიციამ მისი დანიშვნა მწვავედ გააკრიტიკა. „ღარიბაშვილი ამ პოსტზე სწორი არჩევანი არ არის“, ამბობს პრეზიდენტ საკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ბარამიძე.“მას საამისო არც გამოცდილება აქვს და არც ცოდნა; ივანიშვილმა ის მხოლოდ უპირობო ლოიალურობის გამო აირჩია“.
ივანიშვილმა ერთი წლის წინ, პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავა. ერთ დროს სააკაშვილის მხარდამჭერი მის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ გადაიქცა. ივანიშვილმა უარყო ის, რომ მომავალში პოლიტიკის მართვის სადავეებს დაიტოვებს. თუმცა ლონდონური ინსტიტუტის Chatham House -ის კავკასიის საკითხების ექსპერტი გიორგი მჭედლიშვილი ფიქრობს, რომ მისი გავლენა მაინც საკმაოდ საგრძნობი იქნება. ეს საქართველოს სუსტი დემოკრატიისთვის „უკიდურესად საშიშია“, ამბობს ექსპერტი. „ახალი მთავრობა ივანიშვილის ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს და საკუთარი იდეების განვითარება ისწავლოს.“
დევნის შიში
სააკაშვილს, წარსულში „ვარდების რევოლუციის“ სადავო გმირს, ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კენჭის ყრის უფლება აღარ ჰქონდა. ივანიშვილთან მისი ერთწლიანი კოჰაბიტაცია მძიმედ წარიმართა. მისი ბევრი ექს-მინისტრი კორუპციის ბრალდებითაა დაკავებული. დასავლეთში პოლიტიკური დევნის შიში გაჩნდა.
ახალი პრეზიდენტიც და პრემიერმინისტრობის კანდიდატიც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ერთი მხრივ მათ სააკაშვილის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნები უნდა განაგრძონ, მეორე მხრივ კი 2008 წლის შემდეგ რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იზრუნონ. ამას გარდა იფიქრონ სუსტი ეკონომიკის აღორძინებასა და მთელი რიგი გაჩერებული ინფრასტუქტურული პროექტების გაგრძელებაზე.
სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. სააკაშვილი, ივანიშვილის პირადი მტერი, ქვეყნის 10 წლიანი მმართვის შემდეგ, არჩევნებეში ვეღარ ჩაერთვებოდა.
foreignpress.ge