პრეზიდენტობიდან მიმავალი სააკაშვილი ბოლო შეხვედრებს ევროპაში მართავს. ცნობილია, რომ 4 ნოემბერს სააკაშვილი პარიზში ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ექსპრეზიდენტებთან შეხვედრებს ბუნებრივია, სააკაშვილს ვერავინ დაუშლის, მაგრამ მისი მიზნები გაცილებით ფართოა. ამ მხრივ საინტერესოა მისი ბრიუსელში მოგზაურობა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში სააკაშვილი აეროპორტში გაემგზავრა.
ცნობილია, რომ სააკაშვილმა შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან გამართა და როგორც თავად განმარტა, მისი ვიზიტი ვილნიუსში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მესამე სამიტის წინ მნიშვნელოვანი იყო, მისთვის კი ერთგვარ სიმბოლურ აქტს წარმოადგენდა.
„ვილნიუსის სამიტის წინ შევხვდები ევროკავშირის ხელმძღვანელობას. ეს ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასამთავრებლად მიმაჩნია ბოლო და ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლურ აქტად... როდესაც აგებ არჩევნებს მას შემდეგ, რაც სწორი რაღაცები გააკეთე, მაინც არის დიდი კმაყოფილების გრძნობა. ამას ვეუბნები ყველას, ვინც შექმნილ სიტუაციაზე ნერვიულობს. არ გაიტეხოთ გული და არ ჩამოუშვათ ხელები, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ოღონდ საჭიროა ხელის განძრევა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ამ თემის განხილვას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, რომ არა უახლოესი წარსულის გამოცდილება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების წაგების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან საქართველოს ხელისუფლებას არადემოკრატუიულობაში, კორუფციაში, დანაშაულის ზრდაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, პოლიტიკურ დევნასა და სხვა ევროპული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში ადანაშაულებდა.
რაც შეეხება საფრანგეთში ვიზიტს, როგორც ჩანს, მასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს სააკშვილისთვის. თუმცა „ხელის განძრევის“ ელემენტებიც იკითხება, როდესაც ის საქართველოს დღევანდელ მთავრობას, თანაც ყველაზე მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებს.
„დიდხანს ვისაუბრე ჩემს მეგობართან ნიკოლა სარკოზისთან. ის არა მხოლოდ საფრანგეთის წარსულია, არამედ ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ ის არის მომავალი საფრანგეთისაც და ევროპისაც, ამიტომ ამ ურთიერთობებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სარკოზისთან საუბარს აქვს სხვა მნიშვნელობაც. სარკოზი არის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, რადგან მაშინ, როცა მათ მოაწერეს ხელი მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულებას და ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობდით, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად ჩვენ გავიტანეთ ის, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ბოლომდე დაცულია“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს ახალ მთავრობას ადანაშულებს იმაში, რომ მან ამ ხელშეკრულებაზე საუბარი შეწყვიტა, შესაბამისად კი, როგორც სააკაშვილი ამბობს, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც შეეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ დასავლეთი, ამერიკაც და ევროპაც სააკაშვილს აქტუალობის შენარჩუნებაში არ ეწინააღმდეგებიან, იმდენად, რამდენადაც სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე მათი მოკავშირე იყო.
„ყოველ შემთხვევაში, ქართველი ხალხის აზრი და სააკაშვილის საშინაო პოლიტიკაში დაშვებული უხეში შეცდომები არ აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი და სარკოზი იმ 10-პუნქტიან შეუსრულებელ გეგმაზეც ისაუბრებდნენ, რომელიც დღემდე აქტუალურია და ვალად აწევს როგორც წასულ სარკოზის, ასევე მიმავალ სააკაშვილს“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.
სააკაშვილი საფრანგეთში ვიზიტისას შეხვდა ნაციონალური ასამბლეის წევრებსაც და განმარტა, რომ ამ ვიზიტებით ვილნიუსის სამიტისთვის ემზადება.
„კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოვლას ვაპირებ ამ სამიტამდე. მაქსიმალურად ბევრი უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეები უნდა მოვანდომო“, - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, არასერიოზულია, რომ სააკაშვილი ქვეყანაზე ფიქრობს და ეს უკვე მის საკუთარ ოჯახშიც კი აღარ სჯერათ.
„ის ცდილობს „ნიანგის ცრემლებით“ გადაფაროს თავისი ყოვლისმომცველი შიში, ეს არის მისი მოძრაობების ერთადერთი საფუძველი. ის ცდილობს, შეიქმნას რაღაც ტიპის გარანტიები, შექმნას განწყობა, რომ როგორმე თავი დაიცვას მომავალი პასუხისგებისაგან. ამით სურს, ევროპაში ან სხვაგან შექმნას ისეთი განწყობა, რომ მის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა დაუკავშიროს პოლიტიკურ დევნას“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ პრეზიდენტს, რომელიც არის მიმავალი და წარმავალი, ბუნებრივია, თავისი საერთაშორისო ცნობადობის ხარისხიდან გამომდინარე, ბევრი რამის გაკეთებაც შეუძლია და გაფუჭებაც.
„როგორც ვიცი, სააკაშვილს ხელი არ აუღია რევანშზე, ანუ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და აქედან გამომდინარე, მისი სვლები იქნება მკვეთრი, მძაფრი შეფასებებით, როგორც მას ახასიათებს - ყოველგვარ ნიადაგს მოკლებული დასკვნების საფუძველზე. ვფიქრობ, ნებისმიერ ტრიბუნას გამოიყენებს ახალი ხელისუფლების განსაქიქებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ახალი ხელისუფლება გარკვეულწილად ტრანსფორმაციას განიცდის, მას გამხნევება და მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე „ფეხის დადება“ და ხელის შეშლა“,- მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.
წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორ შეიძლება გამოიყენოს სააკაშვილმა თავისი უკანასკნელი შანსი, ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნიათ, თუმცა თანხმდებიან იმაში, რომ საქართველოს წარმავალი პრეზიდენტი ცდილობს, დასავლეთში აქტუალობა შეინარჩუნოს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა კაცია და პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლა არ უნდა, მისივე განცხადებებიდან გამომდინარე, ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას. ცდილობს, აქტუალური იყოს იმ დღეებშიც, როცა პრეზიდენტობას ემშვიდობება და ინაუგურაციის დღისთვის ემზადება, როცა უნდა გადააბაროს ხელისუფლება“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.
გია ხუხაშვილი თვლის, რომ სააკაშვილს რამის გაფუჭების რესურსი უკვე აღარ აქვს და მათ თვალშიც კი, ვისაც ის ხვდება, მიშა წასულია.
„შესაბამისად, მან რაც არ უნდა ილაპარაკოს ამას კონკრეტული შედეგები ვეღარ ექნება. მას ფორმალურად ჰქვია პრეზიდენტი, მაგრამ ყველამ იცის, რომ გადარჩეულია. მის სიტყვებს აქ ხომ დიდი ხანია, ფასი არ აქვს, ახლა უკვე იქაც აღარ აქვს. შესაბამისად, ვერაფერს ვერ გააფუჭებს. არ მგონია, ან მას ჰქონდეს ილუზია, რომ კიდევ რამის გაფუჭება შეუძლია. ერთადერთი, შიშიდან გამომნდინარე, ის ცდილობს, ადამიანთა რაღაც წრე ციხის კარის წინ აიფაროს. სხვა აღარაფერი დარჩენია, ეს არის მისი ერთადერთი მიზანი“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
გარკვეულ წრეებში მართლაც არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილი აქტიურად შეეცდება, დასავლელ ლიდერებთან თავისი ნაცნობობა საკუთარი ინდულგენციისთვის გამოიყენოს, რომ დაზღვეული იყოს მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ვაჟა ბერიძის თქმით, მთავარი ფაქტორი, რის გამოც გამორიცხულია სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, არის ის, რომ დასავლეთი პრინციპულად თვლის, ნებისმიერი სამართლებრივი დევნა, რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს და რეალურ ფაქტებს ემყარებოდეს, იქნება პოლიტიკური დევნა სააკაშვილის პიროვნების მიმართ.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის იმდენად მაღალი, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შეძლონ ასეთი საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმის დაწყება და მისი წარმატებით წარმართვა. ამიტომ, ვფიქრობ, არ უნდა ველოდით სააკაშვილის მიმართ სამართლებრივ დევნას. ბუნებნრივია, მას ამ საქმეში ეხმარება დასავლეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი იმიჯი, პლუს კონტაქტები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჯერ კიდევ იყენებს“,- მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.
გია ხუხაშვილი კი თვლის, რომ ადრე თუ გვიან, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება და მას სწორედ ეს ადარდებს და არა ვილნიუსის სამიტი.
„სააკაშვილის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულზე მეც ვერ ვისაუბრებ, მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა ინფორმაცია. ვიტყვი, ერთს, ვიცით, სააკაშვილის მართვის სტილი, ვიცით, რომ ყოფილი ხელისუფლება ჩადიოდა ძალზე ბევრ დანაშაულს. ამ მართვის სტილიდან გამომდინარე, შეუძლებელია, მის გარეშე მომხდარიყო ძალიან ბევრი დანაშაული. ანუ, ის თანამონაწილეა მთელი იმ განუკითხაობისა, რაც ხდებოდა. სამართლის ენაზე ეს როდის და როგორ გაფორმდება, ამას ვერ გეტყვით, ეს სამართალდამცველების კომპეტენციაა. ფაქტია, რომ შინაგანი რწმენა და სიტუაციაში ჩახედულობა საკმარისი არ არის, საჭიროა ძიება. აქამდე ინფორმაცია ასე თუ ისე, დახურული იყო, ახლა უკვე გაიხსნება ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში და ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა დაემალა თავისი „ბნელი კუდები“, ყველაფერს ვერ დამალავდა. შესაბამისად, ვფიქრობ, პასუხისგება მაინც მოუწევს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.