ჩიორა და გოკა სააკაშვილმა სასწრაფოდ პარიზში გამოიძახა

ჩიორა და გოკა სააკაშვილმა სასწრაფოდ პარიზში გამოიძახა

ჩიორა თაქთაქიშვილი და გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან პარიზში შესახვედრად სასწრაფოდ გაემგზავრნენ. For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ნაცმოძრაობის ამ ერთგული წევრებისთვის კერძო თვითმფრინავი გამოუგზავნა. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მათი სასწრაფო გამგზავრება ნაცმოძრაობას წილების გადასარჩენად თუ გადასანაწილებლად დასჭირდა და სწორედ საფრანგეთში ახორციელებენ ნაციონალები უკანონო გადარიცხვებს.

როგორც ჩანს, ოფიციალური ვიზიტით პარიზში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი საკროზისთან შეხვედრის პარალელურად დროს არ კარგავს და ნაციონალებისთვის ე.წ. „მაშველი რგოლის გადაგდების“ გეგმებს ახორციელებს.

საინტერესოა ისიც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში სააგენტო „პირველს“ განუცხადეს, რომ ადმინისტრაციისთვის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის საქმიანი მხარეა ცნობილი და ჩიორა თაქთაქიშვილისა და გოკა გაბაშვილის პარიზში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან.

ექსპერტი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ, თუ სააკაშვილმა თვითმფრინავი მართლაც გამოუგზავნა ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ისინი პარიზში გაფრინდნენ, ამ საკითხზე სერიოზული მოკვლევა უნდა დაიწყოს. ერთია, როცა სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს საქართველოს სახელით, მაგრამ მეორეა, რასაც აკეთებს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

„დღევანდელი მისი განცხადების შინაარსი ზუსტად ამას ადასტურებს. მან განაცხადა, რომ თურმე იმისთვის გაფრინდა ევროპაში, რომ იყიდოს წიგნები, თორემ სხვანაირად უფრო ძვირი დაჯდებოდა. რატომღაც მეეჭვება, რომ სტამბებიდან წიგნების გამოწერა და აქ ჩამოტანა უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე სააკაშვილის თვითმფრინავით ვოიაჟი, სასტუმროებში გაჩერება... მისი კვების ამბავიც ყველამ ვიცით. ესეც, ალბათ, გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებული სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საფუძველზე შეხვედრა იქნება,“-გვითხრა კახა კახიშვილმა.  

რაც შეეხება გოკა გაბაშვილს და ჩიორა თაქთაქიშვილს, კახა კახიშვილის აზრით, თუ ისინი მართლაც საეჭვო მიზნით გაფრინდნენ პარიზში, შესაბამისმა ორგანოებმა ამის  შესწავლაც უნდა დაიწყონ, თუ რის საფუძველზე დაიხარჯა ამხელა თანხა ამ ადამიანების აქეთ-იქით ვოიაჟში.

„ქართული დასის“ ლიდერისთვის, ჯონდი ბაღათურიასთვის უცნობია, რამდენად ეკითხება მიხეილ სააკაშვილი ჩიორა თაქთქიშვილსა და გოკა გაბაშვილს ფულისა და ბიზნესის გადანაწილებას და რამდენად არიან ისინი კომპეტენტურები ამ საკითხში, მაგრამ ის, რომ სააკაშვილს აქვს ხაზინიდან მიტაცებული რამდენიმე მილიარდი, ასევე შანტაჟის გზით ნაქურდალი ქონება, ჯონდი ბაღათურიას ამაში ეჭვი არ ეპარება. შესაბამისად, მისი აზრით, ნაქურდალის ნაწილის გამოყენებას სააკაშვილი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის შეეცდება და ამაში მას ხელს შეუწყობს ახალი ხელისუფლების უხერხემლო მოქმედება ნაციონალური კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ. 

„ამ მთავრობამ თუ ასე გააგრძელა, სააკაშვილს კი არა, ასი წლის წინ გარდაცვლილ პოლიტიკოსებს შეიძლება გაუჩნდეთ შანსი. ფინანსურ და კონფიდენციალურ საკითხებზე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ხშირად იყენებს საზღვარგარეთს, რადგან საქართველოში ამ შეხვედრების გადაღების, ჩაწერის საშიშროება არსებობს. სხვათა შორის, საფრანგეთში ხშირად იკრიბებიან ჩვენი კოლეგები ზუსტად ფინანსური და სხვა საკითხების გადასაწყვეტად. პირადად მე ეს კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სააკაშვილი რომ ამისთვის ემზადება და დაბრუნების ილუზია აქვს, ეს ცხადია,“ - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.   

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში სააკაშვილს სწორედ ნაქურდალი ფულით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები გააჩნია და მედიაზე ძლიერი ზემოქმედების უნარი მოეპოვება. ამდენად, იგი ამ გავლენების გამოყენებასაც შეეცდება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ გასარკვევია, ნამდვილად წილების გადანაწილებისთვის გაფრინდნენ თუ არა საფრანგეთში ნაციონალი დეპუტატები. მისი აზრით, ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

ექსპერტის თქმით, ჯერჯერობით, ინაუგურაციამდე სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტია და ცუდია, თუ ის სახელმწიფო რესურსებს კვლავაც უყაირათოდ იყენებს.

„გასარკვევია, რა იყო ამ გამოძახების მიზეზი. თუ ეს იყო მართლაც გადაუდებელი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, მაშინ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ თუ ეს პრივატული იყო, ამას გამართლება არ აქვს. მით უფრო, საქართველოს არ აქვს შესაძლებლობა, ამხელა თანხები იხარჯებოდეს პრივატული ტიპის შეხვედრებზე“ - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისი განმარტებით, თვითმფრინავის გამოგზავნა, შემდეგ გადაფრენა რამდენიმე ათეულ ათასი ლარი ჯდება. გარდა ამისა, მისთვის ისიც გაუგებარია, ნამდვილად წილების გადანაწილებას აპირებენ თუ არა ნაციონალები საფრანგეთში.