„პრეზიდენტის მხრიდან ბაჩო ახალაიას შეწყალება ლოგიკური იყო“

„პრეზიდენტის მხრიდან ბაჩო ახალაიას შეწყალება ლოგიკური იყო“

 „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ფლობენ ინფორმაციას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ბაჩო ახალაია გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას. ამასთან, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანამდვილებით არც ის იციან, საზოგადოება ბაჩო ახალაიას ისევ იხილავს თუ არა, მათ რიგებში.

ყოფილი ძალოვანი მინისტრის სასამართლო პროცესებსა და უშიშროების საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე, for.ge დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა:

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იქნება. როგორ აფასებთ, თქვენი კოლეგის ამ პოსტზე წარდგენას?

- ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან, ამ სტრუქტურის რეფორმა უნდა დაიწყოს, რის გამოც, წინ სერიოზული სამუშაოებია გასატარებელი და ქალბატონ ირინას წარმატებებს ვუსურვებ. ქვეყნის უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებით, ამ უწყების წინაშე სერიოზული გამოწვევები დგას და ეს მიმდინარე წელმაც აჩვენა. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, მთავრობის არასტაბილურმა განცხადებებმა სავალალო შედეგები მოიტანა. ახალ მავთულხლართებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაქციები სჭირდება და არა ორაზროვანი განცხადებები. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ქვეყანას მდგრადი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.

მართალი გითხრათ, პრემიერისა და ახალარჩეული პრეზიდენტის განცხადებები მაკვირვებს, რომლებიც ამბობენ, რომ კოაბიტაცია დასრულდა. ისინი კიდევ ერთხელ ცდებიან, რადგან თუ სტაბილურობის შენარჩუნება გვინდა, სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსესუსის გზით უნდა მიიღებოდეს. საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზული პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ზეწოლების მიუხედავად, 22 პროცენტიანი შედეგი დადო. მათ კეთილი უნდა ინებონ და ქვეყნის უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჩვენთან უნდა გასწიონ, რადგან ჩვენს რიგებში ბევრი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანია.

ნაციონალური მოძრაობისგანხელისუფლებას, რა მაგალითის აღება შეუძლია?

- მათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსულ პოლიტიკასთან მიმართებაში, პრინციპული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და არა ის, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე საუბრობდნენ. მაგალითად, გოგი თოფაძე აცხადებდა, რომ „რა მოგვიტანა ნატო“-მ. მსგავსი განცხადებები რიტორიკას ქმნის, რომელსაც ბიზნესმენები და ჩვენი პარტნიორები უსმენენ. მართალი გითხრათ, ეს წელი გაურკვევლობის და ბუნდოვანი განცხადებების წელია.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის წარმოების თაობაზე, რეკომენდაციები არ გაქვთ? ამ გადმოსახედიდან ხვდებით, რომ სამაგალითო ბევრი რამე არ გაგიკეთებიათ?

- ოპონენტები აცხადებენ, რომ ცხრა წელი ქვეყანა ინგრეოდა, მაგრამ ხალხი ხედავს თუ რა ხდებოდა კარგი და რაც ცუდი. პრობლემები და შეცდომები ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც იყო, რაც ნაწილობრივ სისწრაფის ბრალია. ვთვლი, რომ ბევრი რამე სასიკეთო გაკეთდა და ეს ამ ხელისუფლებამ წინსვლისთვის უნდა გამოიყენოს და ასევე იმისთვის, რომ მომავალში, მათი წარმატებაც დაფასდეს. ქვეყნის შიგნითაც გვაქვს რეკომენდაციები, მათ შორის - ძალოვან უწყებაზე. უსაფრთხოება ნიშნავს სწორხაზოვანი პოლიტიკის გატარებას კრიმინალთან მიმართებაში და არა გაურკვეველი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიც არის ადამიანების პოლიტპატიმრებად გამოცხადება და ამნისტია. თურმე, პოლიციის რეფორმა ახალი ფორმის შეკერვით შემოიფარგლება. მართალი გითხრთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანოს დროინდელი სიახლეების გადაღებას ცდილობს და საქმე გვაქვს მიმბაძველობასთან, გარდა კლიპებისა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ყოველ კადრში ჩნდება.

ისევ უშიშროების საბჭოს საქმიანობას, რომ დავუბრუნდეთ. ამ პოსტზე გიგა ბოკერიამ რამდენიმე წელი იმუშავა. მისი საქმიანობიდან, განსაკუთრებით, რას გამოყოფდით?

- უშიშროების საბჭომ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია იმისათვის, რომ საქართველოს თემა ყოფილიყო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის პირველ ტოპ ხუთეულში. მსოფლიოში არცერთი მნიშნელოვანი სამიტი, შეხვედრა და კონფერენცია არ ყოფილა, სადაც საქართველოს თემა არ განხილულიყო. ამ ყველაფერს კი, დაუღალავი შრომა სჭირდებოდა, რაც გიგა ბოკერიამ გასწია.

თუმცა, თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭომ ლობისტებში 26 მლნ დოლარი დახარჯა, რის თაობაზეც გამოძიება მიმდინარეობს...

- შესაძლებელია, ეს მილიონები ვიღაცას არასაკმარისად მოეჩვენოს კიდეც და სხვა მთავრობას უფრო მეტის დახარჯვა მოუწიოს თუკი, იმ პოზიციებსაც დავკარგავთ, რაც გვეჭირა. ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს ოკუპაციის აღიარება პერმანენტულად ხდებოდა და მსოფლიოში განცდა შეიქმნა, რომ რუსეთი ოკუპანტია?! ამჟამად, რა ხდება? - ახალი ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას თავზე ნაცარს აყრის, რადგან ამბობს, რომ თურმე, ომი ჩვენ დავიწყეთ. კიდევ მეტი ფული უნდა დახარჯულიყო, რომ საქართველო მართლა თემად ქცეულიყო. ჩვენისთანა პატარა ქვეყანას ფულის ხარჯვა სჭირდება, რადგან დიდი ქვეყნები ჩვენთვის არ მოიცლიან და რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებენ.

თუმცა, ფაქტია, რომნაციონალურმა მოძრაობამორი კურდღელი დაიჭირა, რადგან სწორედ ამ ლობისტების წყალობით, შედგა კოაბიტაცია...

- უკარცავად, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. მსგავსი რიტორიკით, „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოდიან. დასავლური კულტურისთის მიუღებლია, როცა არჩვენებში დამარცხებული პარტიის მიმართ რაიმე ფორმის დევნა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვხედავდით.

დასავლეთი მაშინ, რატომ არ ღიზიანდებოდა, როცა პოლიტიკური ნიშნით თქვენ ხალხს დევნიდით?

- პოლიტიკური ნიშნით?

დიახ. სამსახურებიდან ადამიანებს სწორედ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდით. ამას უარყოფთ?

- პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლების მასშტაბები ამ წელსაც არანაკლები იყო. პოლიტიკური ნიშნით დევნა, ჩვენს მიერ განხორციელდებოდა თუ სხვა ხელისუფლების მხრიდან, ეს დასავლური კულტურისთვის მიუღებელია. ლობისტები საქართველოს ინეტრესებისთვის მუშაობდნენ და არა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

თქვენი ხელისუფლების პირობებში, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მან პასუხი არ უნდა აგოს?

- დამნაშავეები აუცილებლად დასჯილნი უნდა იყვნენ, მაგრამ ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს და მათი გასამართლება სასამართლოს პირიობებში უნდა მოხდეს. ერთი წლის განამავლობაში, ყველას გასვრა ხდება - დაწყებული სოფლის რწმუნებულიდან, დამთავრებული რიგითი აქტივისტით. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა და დამანგრეველ ძალად წარმოჩენა დაუშვებელია და ეს ამ არჩევნებაც აჩვენა.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი ძალოვანი მინისტრი შეიწყალა. როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა?

- რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ახალაიას საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ „ობიექტურ“ გამოძიებასთან გვაქვს საქმე. მის მიმართ რამდენიმე ბრალდება იქნა წარდგენილი, მაგრამ ე.წ. ციხის ბუნტის საქმის თაობაზე საზოგადოებაშიც კი, არაერთგვაროვანი პოზიციაა. პროკურატურას არცერთი მოწმე არ ჰყავს, გარდა ქურდული სამყაროს წარმომადგენელისა, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდებოდა ღონისძიებები. ბაჩო ახალაიას ბრალდებები ვაშლის გათლამდე და სპეცრაზმელების ცემამდე დავიდა. ამიტომ, პრეზიდენტის მხრიდანაც შეწყალების განხორციელება ლოგიკური იყო. ფაქტია, რომ პროკურატურის მხრიდან საქმეები მოუმზადებელია.

ბაჩო ახალაია თქვენს რიგებში ისევ გამოჩნდება?

- ბაჩო ახალაია პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ვერც იმას ვიტყვი, პარტიაში თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.