თბილისში ავტოიმპორტიორთა მსვლელობა გაიმართა. მათი მოთხოვნა 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებულ რეგულაციას ეხებოდა, რომელიც ავტოიმპორტიორთა გარკვეულ ნაწილს საშუალებას არ აძლევს, 2023 წლის პირველ დეკემბრამდე კონტეინერებში ჩატვირთული ავტომობილები საქართველოში მაინც გააფორმონ, რადგან მათი გემზე დატვირთვის პროცესი გაიწელა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის თქმით, საუბარია, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტიორებზე. მართალია, გასული წლის მიწურულს ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა, თუმცა ამით ავტომფლობელთა მხოლოდ ნახევარს მოუგვარდა პრობლემა.
„ჩვენ ადრეც გავმართეთ აქცია და გვქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან. მაშინ ვაყენებდით მოთხოვნას, რომ 1-ელ დეკემბრამდე ვინც შეიძინა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები და ვერ მოასწრო ქვეყანაში შემოყვანა, ყველას ჰქონოდა შეღავათი და, გამონაკლისის სახით, მათ არ შეხებოდა რეგულაცია. მათ შემოგვთავაზეს სხვა პირობა, რომ ვინც 1-ელ დეკემბრამდე კონტეინერში ან გემზე ჩატვირთავდა ავტომობილს, მათ არ შეეხებოდათ შეზღუდვა.
აღმოჩნდა სხვაგვარად, რომ 544-ე დადგენილების თანახმად, ეს გამონაკლისი წესი ავტოიმპორტიორთა დაახლოებით მესამედს შეეხო, რაც კარგია, ამას მივესალმებით; ⅓-ს, იმის გამო, რომ დადგენილებაში „ან/და“-ს ნაცვლად მხოლოდ „და“ ეწერა, კონტეინერში ჩატვირთვისა და გემზე დატვირთვის თარიღებთან მიმართებით, კონტეინერის ჩატვირთვის თარიღი არ გაუფორმეს. გვეუბნებიან, რომ მხოლოდ გემზე დატვირთვის თარიღი ითვლება. პირობითად, თუ ადამიანმა ავტომობილი იყიდა აგვისტოში და კონტეინერში ჩაიტვირთა, მაგალითად, ნოემბერში, მაგრამ გემი გამოვიდა დეკემბერში - მხოლოდ ამ თარიღს ანგარიშობენ, კონტეინერში ჩატვირთვისას არა, მაშინ როცა დოკუმენტში კონტეინერიც არის მითითებული“, - აღნიშნა „ბიემთან“ საუბრისას ნონიაძემ.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მანქანების შემყვანებისათვის მოსამზადებლად მიცემული 6 თვე საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მათაც, ვინც თადარიგი დაიჭირეს და 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები 6-ზე მეტი თვით ადრე შეიძინეს, ობიექტური მიზეზების გამო, 1-ელ დეკემბრამდე ავტომობილების გაფორმება ვერ მოასწრეს. ამიტომ მათი თხოვნაა, რომ ავტომობილების რეგისტრაცია შეძლონ იმ იმპორტიორებმაც, რომელთაც ავტომობილი 1-ელ დეკემბრამდე ჰყავდათ შეძენილი და კონტეინერზე ჩატვირთვა და ტრანსპორტირება გარკვეული მიზეზებით ვერ მოესწრო. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მათი რაოდენობა ათეულობით ან ასეულობით არის.
პროტესტს მალევე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა:
„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, არაერთი რეგულაცია მიიღო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო-5-ის ნორმას.
აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას, მათ შორის ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებს, ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდათ. რეგლამენტის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო საავტომობილო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. ავტომობილების იმპორტიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულაცია ამოქმედდა მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ - 2024 წლის 1 იანვარს.
მიუხედავად ამისა, 2023 წლის ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ავტომობილების საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაადგინა შეღავათი. კერძოდ, 2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის თანახმად, რეგულაცია აღარ ეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება ექსპორტიორი ქვეყნიდან დაიწყო 2023 წლის 1 დეკემბრამდე.
დღეს საქართველოს უმსხვილეს ქალაქებსა და საერთაშორისო მაგისტრალების გასწვრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია, მაღალი ემისიის მქონე ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მუდმივი გადავადების პირობებში შეუძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უფრო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა.
რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.