სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მწვავე განცხადებები გააკეთა პარლამენტში. დინამიკა იყო საინტერესო - აკრიტიკა, აკრიტიკა, აკრიტიკა ხელისუფლება (არ გამორჩენია არც რუსული მიგრაცია და არც მოსკოვთან საჰაერო ფრენები) და როცა სიტუაცია მაქსიმალურად "დაამძიმა", პოლიტიკოსებს გამოსავლად შესთავაზა "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" - ანუ იდეაში, პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ პრეზიდენტთან და შეუერთდნენ ამ პლატფორმას. თუმცა რა გაგრძელება უნდა მოჰყვეს ამ პროცესს, ბუნდოვანია. უფრო ზუსტად, უხეშად რომ ვთქვათ, ვის რა სარგებელი ექნება ამ პროცესისგან?! სავარაუდოდ, არავის არავითარი სარგებელი, ზურაბიშვილის გარდა.
ევროპა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს. ნებისმიერი მთავარი მოთამაშე პარტია ოფიციალურად აცხადებს, რომ პროდასავლურია. შესაბამისად, ოპოზიცია რომ შეუერთდეს "ერთობის პლატფორმას", ეს იქნება კიდევ ერთი ლამაზსიტყვებიანი დოკუმენტი, როგორიც არა ერთი გვინახავს. ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ ალიანსს და ერთიანი ფრონტით მონაწილეობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. არადა, პარტიებს აქვთ კონკრეტული ამოცანა - როგორმე გადალახონ 5%-იანი ბარიერი და რამდენიმე დეპუტატის მანდატი მაინც მოიპოვონ.
სამაგიეროდ, "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება გამოიყენოს თავისი "განსაკუთრებულობის" ხაზგასასმელად. მას შეუძლია თქვას და იტყვის, რომ ოპოზიცია გააერთიანა "ევროპული პლატფორმის" გარშემო. პარალელურად კი, დიდი ალბათობით, შეეცდება, თუ ოქტომბრის არჩევნები ამის შანსს მოიტანს, იყოს ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი.
ეს "განსაკუთრებულობაზე" ხაზგასმა ეწყინათ სხვა "განსაკუთრებულებს" (უფრო ზუსტად მათ, ვისაც ამაზე პრეტენზია აქვთ) - სააკაშვილსა და გახარიას. კერძოდ, გახარიას პარტია მაშინვე გაემიჯნა "ერთობის პლატფორმას". თუმცა მათი არგუმენტები გაუგებარია. ჯერ თქვეს, ეგაო (ანუ ზურაბიშვილის ინიციატივა) "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ერთობლივი თამაშიაო. შემდეგ თქვეს, ვერ დავსხდებით იმ ხალხთან, რომლებსაც მხოლოდ სააკაშვილის შეწყალება აინტერესებთო. შეგახსენებთ, რომ გახარიას პარტია "ოცნებაზე" მეტად გარადიკალდა "ნაცმოძრაობის" მიმართ და ითხოვს, სააკაშვილი "ვივა მედის" კლინიკიდან სასწრაფოდ დააბრუნონ ციხეში.
გახარია სალომე ზურაბიშვილთან რომ მისულიყო, "აითქვიფებოდა" სხვა ოპოზიციონერებში და მთავარი ფიგურა "ოპოზიციის გამაერთიანებელი" (თუნდაც ერთი ფორმალური დოკუმენტის ირგვლივ) სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა. ამიტომ გახარია ისევ "მესამე პოზიციაში" ჩადგა. თუმცა მას მაინც ბევრჯერ წამოაძახებენ "ნაცმოძრაობასთან" ალიანსს სხვადასხვა საკრებულოში, რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ მათ კი არ ჰქონდათ კოალიცია "ნაცმოძრაობასთან", არამედ - "ნაცმოძრაობას" ჰქონდა ალიანსი გახარიას პარტიასთან. კოალიცია და ალიანსი სიყვარული არ არის, რომ ცალმხრივი იყოს. მეორეც - თუ გახარიას ასეთი შინაგანი ჭმუნვები აქვს "ნაცმოძრაობასთან" ერთ ჭერქვეშ ყოფნაზე (თუნდაც პრეზიდენტის ეგიდით), რატომ მოიმიზეზა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ის, რომ ნიკა მელიას ვერ დაიჭერდა? მაშინდელი ნიკა მელია დღევანდელი ნიკა მელია არ არის და როდესაც გახარია პრემიერი იყო, რადიკალიზმით ზოგჯერ სააკაშვილსაც კი უსწრებდა ხოლმე.
სალომე ზურაბიშვილის ზემოხსენებული ინიციატივის შემდეგ მეორე "განსაკუთრებულიც" აიჭრა და თან - იეჭვიანა. სააკაშვილი "ვივა მედის" კლინიკაში კი არა, მარსზეც რომ იყოს, ვერ აიტანს, მის გარდა ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს ოპოზიციაში მთავარ ფიგურობაზე. გახარიასგან განსხვავებით, სააკაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივას ასე ვერ გაემიჯნებოდა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ დიდწილად სააკაშვილის საკნის გასაღები პრეზიდენტს აქვს და მისი მომდურება არ იქნებოდა მიზანშეწონილი (ამ პრინციპს იცავს სააკაშვილი მას შემდეგ, რაც დააკავეს). შესაბამისად, მან იხელმძღვანელა პრინციპით: "თუ ვერ ერევი, შეუერთდი". მან მოიწონა სალომე ზურაბიშვილის ინიციატიცა და იქვე მიანიშნა, რომ მიხვდა, თუ ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი. თუმცა შემდეგ ორ დღეს იფიქრა და მაინც ვერ გაძლო, რომ ცოტა ხნით საკუთარი პერსონა წინაპლანზე არ წამოეწია.
სასამართლოში ჩართვისას მან სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, რევოლუციისკენ მოუწოდა, - გაავსოს რუსთაველი და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთო (სხვათა შორის, "ნაცმოძრაობასთან" ალიანსში მყოფმა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა მიშას ძალიან, ძალიან მორიდებით, მაგრამ მაინც შეჰბედეს, დღეს აქციების დრო არ არისო), შემდეგ კი უკვე საკუთარი პერსონა "ჩართო" - თქვა, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს უხელმძღვანელებს და ხმების მცველის სკოლას ქმნის, რადგან "ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
სააკაშვილს აქვს ერთი პროგრამა - რადაც უნდა დაუჯდეს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ხვალ რომ საოცარი ამბავი მოხდეს, მიშა ციხიდან გამოუშვან და ის უკრაინაში დაბრუნდეს, წამითაც არ შეწყვეტს ფიქრს, რომ საქართველოში ისევ მოიპოვოს ძალაუფლება. ოქტომბრის არჩევნები მისთვის კიდევ ერთი შანსია და, შესაბამისად, ადვილი წასაკითხია ის სქემა, რომლითაც აპირებს მოქმედებას (რაც აქამდეც არა ერთხელ გაუკეთებია). ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და ყველას (პირველ რიგში კი, საკუთარ პარტიას) მოუწოდებს დაუმორჩილებლობისა და რევოლუციისკენ და ვინც "ენას შეუბრუნებს", მოღალატედ გამოაცხადებს.
სხვათა შორის, ამ დღეებში კვლავ გააქტუალურდა თემა - შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს? თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, - არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პოლიტიკური წონა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიძინა ბოლო ერთ წელიწადში, განულდება.
"ახალი" თუ ძველი?!
ნიკა გვარამიამ დააანონსა პარტიის შექმნა "ახალი" (AHALI, როგორც თვითონ დაწერა სოცქსელში). არადა, გვარამიას ნიკა მელიასთან ელოდებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული არ ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობის" არ იყოს, გვარამიას პარტიის მთავარი სპონსორიც კეზერაშვილი იქნება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, კეზერაშვილთან დაპირისპირებული მელია ჩაიხსნა ამ სქემიდან. სხვათა შორის, ყოფილი "ნაციონალები" "ევროპული საქართველოდან" ირონიით გაიძახიან, ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილი სამი პარტიით იასპარეზებსო. ვნახოთ, შესაძლოა, ასეც იყოს, თუ მელია პირადად არ გაემიჯნა სააკაშვილს.
"ახალი" პარტიის ლიდერი კი იქნება, მაგრამ გვარამიას ძველი ცოდვების ტვირთი აკიდებული აქვს. არა ერთხელ დაისმება კითხვები გენპროკურორობისას მის მოადგილეებზე (თავისთავად, გენპროკურორის მოადგილეობა კომპრომატი არ არის, კომპრომატია ის, თუ გვარამიას დროინდელი პროკურატურა როგორ ატერორებდა ბიზნესმენებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს) და იმაზე, როგორ ასრულებდნენ ზურაბ ადეიშვილის დავალებებს, ცნობილ ფილმზე, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები რუსეთის აგენტებად ჰყავდა გამოყვანილი, სააკაშვილის რუპორობასა და მედიის პარტიულ პროპაგანდისტულ რუპორად ქცევაზე. რაც მთავარია, გვარამიას არა ერთხელ ჰკითხავენ, ადრე ასე რომ იქცეოდა, დღეს გამოსწორდა, დღევანდელი გადასახედიდან ამ ყველაფერს შეცდომად თვლის თუ დღესაც ისე მოიქცეოდა, როგორც მაშინ?
მართლაც საინტერესო იქნება გვარამიას პასუხები ამ კითხვაზე... და - არა მარტო გვარამიასი...