ვინ დაიკავებს შს მინისტრის სავარძელს - ვახტანგ გომელაური თუ ანზორ ჩუბინიძე?

ვინ დაიკავებს შს მინისტრის სავარძელს - ვახტანგ გომელაური თუ ანზორ ჩუბინიძე?

მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას 17 ნოემბრის მოიხსნის. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილებას არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე მოიხსნის, ხოლო ნდობის გამოცხადება ახალი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მოხდება.

ამ ყველაფერს 2010 წლის ოქტომბერში მიღებული კონსტიტუციური ნორმების ამოქმედება იწვევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შედის ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციური მოდელი და ქვეყანა შერეული მმართველობის მოდელზე გადადის. 

ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე არ საუბრობს. მეტიც, ის საიდუმლოდ ტოვებს მის შემცვლელსაც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შს მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა ვინაიდან გამოკვეთილი არაა, ამიტომ უმრავლესობა თავს იკავებს მათი გვარების დასახელებისგან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე მოიაზრება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირია.

თავად ჩუბინიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მას არავითარი შეთავაზება არ ჰქონია. გარდა ამისა, მომავალ შს მინისტრად ასევე აქტიურად განიხილება, შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რომელიც წლების განმავლობაში იყო სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი. 2002 წლიდან 2013 წლამდე - პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე შს მინისტრის მოადგილეა.

უშიშროების საბჭოს მომავალი მდივანი ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელის შესახებ საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. დეპუტატის განმარტებით, შემცვლელის შერჩევის უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიანიჭა, რადგან იგი ამ სისტემას ყველაზე კარგად იცნობს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ითხოვა გარკვეული პერიოდი თავისი შემცვლელის წარმოსადგენად. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება, ირაკლის გადასაწყვეტია, ვის წარუდგენს პარლამენტს სამთავრობო გუნდში. როგორც თავად აცხადებს, დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვილნიუსის სამიტისთვის გვყავდეს ახალი პრემიერ-მინისტრი, ასევე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ისინი წარმოადგენენ საქართველოს ვილნიუსში“, - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, სამთავრობო გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

„შეიძლება, ერთი-ორი გადაადგილება მოხდეს. ეს საკითხი პრემიერის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერი იქნება და ამას საზოგადოება მალე დაინახავს“, - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ ღარიბაშვილის გამოცდილება და ნიჭი ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გზის გავლას მოხმარდება.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოხარულია ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებით. რაც შეეხება შს მინისტრის კანდიდატურას, სერგეენკო ამბობს, რომ მომავალი მინისტრის კანდიდატურა, ჯერჯერობით, არ განხილულა. მისივე ინფორმაციით, შს მინისტრის კანდიდატურაზე ახალი პრემიერ-მინისტრი იმსჯელებს.