შინაგან საქმეთა მინისტრი პროექტის „პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“ დახურვასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი პროექტის „პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“ დახურვასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროექტის „პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“ დახურვასთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა. დიპლომატებმა მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა მიულოცეს, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელმა კი მინისტრს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტს თემაზე: „პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“ 2012 წლის სექტემბრიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა (INL) და ესტონეთის მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს თანამშრომლების გადამზადება განხორციელდა. გადამზადების პროცესს უძღვებოდნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ასევე ტრენერებად მომზადებული ქართველი სამართალდამცველები.

პროექტის დახურვასთან დაკავშირებით, კონფერენცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 3 დღის განმავლობაში – 4, 5 და 6 ნოემბერს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ს და ესტონეთის ექსპერტები ქართველ კოლეგებს (პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, სოციალურ მუშაკებს, ჟურნალისტებს, ექიმებს) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკას გაუზიარებენ.