„ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის ემზადება, აქტიური ნაციონალური სახეების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა მეორე ადგილზე, მაგრამ ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც „მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი ბრძოლებისთვის და შემდგომი ჩვენი გამარჯვებებისთვის“.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არ მივიდა არჩევნებზე, ამ პირობებში ეს შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არის ძალიან კარგი საწყისი პოზიცია ნებისმიერი მზარდი პარტიისთვის და ნებისმიერი მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის.
„ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო შანსებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არჩევნების წაგების მიუხედავად საკუთარ წარმატებებზე საუბრობენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პიარი თუ მართლაც წარმატებად უნდა ჩაითვალოს მათი მეორე ადგილი?
- ძირითადად დავეთანხმები ნაციონალებს შეფასებაში. ეს შედეგი, ერთი სიტყვით თუ გამოვხატავთ, მათთვის ყველაფერი იყო. უფრო კონკრეტულად, ბაქარაძისთვის არჩევნებში მიღებული პროცენტი თავისი მნიშვნელობით შეიძლება გაუტოლდეს იმ გამარჯვებას, რომელიც ნაციონალებმა მოიპოვეს 2003 წელს, ოღონდაც მაშინ ეს ყველაფერი „რევოლუციით“ დასრულდა. გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედეგი არ იყო იმდენად რთულად მისაღწევი, როგორც ამ არჩევნების დროს.
ეს შედეგი მათ აკრიფეს, ფაქტობრივად, მინუსებიდან. გასაგებია, რომ საპარლამენტო არჩევნევზე მათ რაღაც პროცენტი დაუფიქსირდათ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე აღებული პროცენტი, ყველამ იცის, რომ რეალურად იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით მინიჭებული და არა რეალობასთან შესაბამისი. ამიტომ რა პროცენტიც მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღეს, მათთვის სწორედ რომ სერიოზული გამარჯვების ტოლფასია რამდენიმე ფაქტორის გამო: ერთი - როგორც ვთქვი, ფაქტობროვად, მინუსებიდან აკრიფეს ხმები, მეორე იმიტომ, რომ მათ დამარცხების შემდეგ შეძლეს საკუთარ თავში იმ ძალის გამონახვა, რომ არ დაშლილიყვნენ და ქმედითუნარიან ძალად დარჩენილიყვნენ, რაც სრულიად უჩვეულოა ქართული პოლიტიკისთვის. როგორც წესი, ყველა არჩევნების შემდგომ, როდესაც პოლიტიკური ძალა მიდიოდა ხელისუფლებიდან, ის წყვეტდა არსებობას ძველი ფორმატით. მათ ეს ტრადიცია დაარღვიეს და შეძლეს, შენარჩუნებულიყვნენ ერთიან პოლიტიკურ სუბიექტად.
გარდა ამისა, დარჩნენ არა მხოლოდ პარტიად, არამედ შეძლეს საკუთარი ამომრჩევლის საკმაოდ სოლიდური მასის შენარჩუნება და შემდეგ უკვე მათი მობილიზება არჩევნებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ მათ ეს ყველაფერი შეძლეს სწორედ დასავლეთის დამსახურებით, ანუ მაქსიმალურად გამოიყენეს ის აქტივი, რაც მათ დააგროვეს ამ წლების განმავლობაში. ვგულისხმობ, დასავლეთში არსებულ მათ უპრეცედენტო, ყველა სხვა პოლიტიკურ ძალაზე უფრო მეტად მობილურ და ქმედით კონტაქტებს.
ამ ყველაფრის გამოცდა იყო ის, რომ მათ შეინარჩუნეს პარტიული სტრუქტურები, არა მხოლოდ პარტიის ბირთვი, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით განტოტვილი სტრუქტურები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ აძლევს საფუძველს, რომ იფიქრონ წარმატებულ მომავალზე.
ნაციონალების ძირითადი ცნობადი სახეები მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ა.შ. დაგვემშვიდობნენ სწორედ მომავალ არჩევნებამდე...
- გააჩნია, რომელი არჩევნები იგულისხმეს. ყველაზე ახლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც ვფიქრობ, ისინი საკმაოდ მაღალ პროცენტებს მიიღებენ. ერთი რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ის არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დღევანდელი პარლამენტისგან განსხვავებით, იქნება სამსუბიექტიანი - „ქართული ოცნება“, ნაციონალები და ბურჯანაძის პარტია.
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ნინო ბურჯანაძის ამომრჩეველს სერიოზულად დაუკარგავს მოტივაციას და დიდი ალბათობით, მისი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში. მნიშვნელოვან შედეგს დადებს ის, ვისაც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქვს თავისი კარგად განტოტვილი ქსელი, კარგად აწყობილი სტრუქტურა.
დღესდღეობით სახელისუფლო კოალიციაში შემავალ პარტიებზე გაცილებით უფრო მიბილური, გამოცდილი და ეფექტური სტრუქტურა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამიტომ, არ გამიკვირდება, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე მათ ახლანდელზე უკეთესი შედეგი აჩვენონ.
აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ სახელისუფლო კოალიცია გავა მთავარი ბრენდის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მარგველაშვილის აღებული პროცენტებიდან 5%-ზე მეტი არის უშუალოდ მისი. ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ აღებული პროცენტები არის ბიძინა ივანიშვილის პროცენტები. აქედან გამომდინარე, თუ გადავხედავთ სახელისუფლებო პარტიის პერსპექტივას ადგილობრივ არჩევნებზე, მმარველმა კოალიციამ, ალბათ, სერიოზული რებრენდინგი უნდა მოახერხოს, იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დადოს საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღწეული შედეგი. არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის მერის არჩევნები.
ზოგადად, როგორ სტრუქტურირდება პოლიტიკური სპექტრი, ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ადგილობრივ არჩევნებში მიღებული შედეგები. ანუ, ვინ შეძლებს დიდი ქალაქების მერების მოგებას და ზოგადად, საკრებულოებში უმრავლესობით გასვლას.
რამდენადაც ვიცი, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიცია და მისი შტაბები სერიოზულად არაორგანიზებულები იყვნენ. ყველაფერი, ისევე როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებზე არის არა საარჩევნო შტაბებისა და უშუალოდ კანდიდატების, არამედ ერთი კაცის, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
საკითხავია, როდესაც ის პოლიტიკური არენიდან გავა, როგორ შეძლებს „ქართული ოცნება“ ისეთივე შედეგის განმეორებას, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა. გავითვალისწინოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაცილებით შემცირებულია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამიტომ, მმართველ ძალას გაცილებით მეტი შრომის გაწევა მოუწევს. განსაკუთრებით ისეთი არაორგანიზებულობის პირობებში, როგორიც რაიონებში, მათ შტაბებში სუფევს.
ამ ფონზე, ნაციონალების ორგანიზებულობა და გამართული სტრუქტურები იქნება ძალზე სერიოზული წინააღმდეგობა.
თუ ახლა ნაციონალებმა ისარგებლეს კოაბიტაციით და ხელისუფლების გარკვეული კეთილგანწყობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციაში შემავალ პარტიებს ნუ ექნებათ იმის ილუზია, რომ ნაციონალები მადლობის ნიშნად რაიმე დათმობებზე წავლენ. ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, და კიდევ ვიმეორებ, შესაძლოა, მათი შედეგები პროცენტულად იყოს ბევრად უფრო ხელშესახები, ვიდრე მათ მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ამისი სამი ძირითადი მოტივი არსებობს - პირველი - თავად ნაციონალები იქნებიან ბევრად უფრო მოტივირებულები და შემოიკრებენ უფრო მეტ ამომრჩეველს; მეორე- ნინო ბურჯანაძის ამომრჩეველი იქნება დეზორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე ადგილზე გასვლით; მესამე და მთავარი - თავად სახელისუფლებო კოალიცია წარდგება ამ არჩევნებზე არა მთავარი, არამედ ერთადერთი ფალავანის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ახალი პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობებს, რადგან მარგველაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც შეძლებს, კოალიცია წაიყვანოს წარმატებული არჩევბნებისკენ - ის არ არის ამ ტიპის ლიდერი. სწორედ ამიტომ, რაკი მარგველაშვილის პოპულარობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კოალიციამ დადოს წარმატებული შედეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება პრემიერის ფიგურას, რამდენად დიდი იქნება მის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა, შეძლებს იგი ამ მხარდაჭერის მობილიზებას?
- ღარიბაშვილი, თავისთავად, საინტერესო ფიგურაა, თუმცა სხვა რაკურსით. არ ვიცი, რამდენად შეძლებს მის მიმართ საზოგადოების დადებითად განწყობას, მაგრამ როგორც მენეჯერი და კრიზისმენეჯერი, ის აღმოჩნდა ძალიან ეფექტური. გავიხსენოთ - ის აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ათასობით კრიმინალი გამოვიდა ამნისტიის შედეგად ციხიდან. ღარიბაშვილი იყო სრულიად გამოუცდელი შინაგან საქმეთა სტრუქტურებთან ურთიერთობაში და ამ სრულიად გამოუცდელმა ახალგაზრდა ადამიანმა შეძლო, ძალიან ბევრისთვის დაუძლეველი სირთულე დაეძლია.
ბევრი ელოდა კრიმინალურ აფეთქებას, მათ შორის, მეც ვშიშობდი, რომ ვერ შეძლებდა ახალბედა მინისტრი სიტუაციის ხელში აღებას, მაგრამ მან, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო. ამიტომ ვამბობ, ის, როგორც მენეჯერი და კრიზისმენეჯერი საკმაოდ საინტერესო იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თუმცა არ ვიცი რამდენად შეძლებს დარჩენილ დროში საზოგადოების სიმპათიის იმგვარად მოპოვებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ კოალიციას უმრავლესობა შეანარჩუნებინოს.
გარდა ამისა, ღარიბაშვილს აქვს მეორე პლუსი - მენეჯმენტის თვალსაზრისით, ის კარგად დაალაგებს კოალიციასაც და პარტიასაც. მოკლედ, ყველაფერი იქნება დამოკიდებული პრემიერის ფიგურაზე.
ჩვენ განვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე დასავლურ მედიაშიც კი გაკეთდა შეფასებები, რომ ქართველი ხალხი არ ემხრობა სააკაშვილის მმართველობას და მან ეს საკუთარი არჩევანით დაადასტურა... ეს ყველაფერი რა შანსს აძლევს ნაციონალებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?
- საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დროა - აქ რამდენიმე პირობაა, მაგალითად, რა მოხდება, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო პარტიად ჩამოყალიბება (დღეს ეს არის ქაოსით მოცული გაურკვეველი ორგანიზმი), ან, თუ შეიქმნა ალტერნატიული პარტია, იგივე ახალი პრემიერ-მინისტრით სათავეში...
(მნიშვნელოვანია, შეიქმნება თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციაში ქმედითი პარტია - ამ ფუნქციას ვერც ნინო ბურჯანაძე და ვერც ერთი დღეს მოქმედი პოლიტიკური ძალა ვერაფრით ვერ შეითავსებს - ეს საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა... შესაძლოა, სულაც არ გაჩნდეს მოთხოვნა საზოგადოებაში ასეთი ძალის არსებობისა), ან გაჩნდა, ახალი ოპოზიციური ძალა, გამოიძებნა ადამიანური რესურსი და შეიქმნა კარგად ორგანიზებული პარტია, პარალელურად კი სახელისუფლებო პარტიასაც ექნება საიმისო რესურსი, რომ მიიზიდოს ამომრჩეველი, ასეთ შემთხვევაში ნაციონალების შანსები მცირდება.
მნიშვნელოვანია, როგორ გადანაწილდება თავად კოალიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის, პროდასავლური ძალები როგორ განლაგდებიან. ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ პრორუსულ ძალებს ამ ქვეყანაში გასაქანი არ აქვს. მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორი იმოქმედებს ამ ყველაფერზე, დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას.