პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა. ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრები არიან. მათი გვარები მომხდარ საქმეში ფიგურირებდნენ, თუმცა ბრალდება წარდგენილი არ ჰქონდათ. დაკავებულები, სერჟანტის მკვლელობის მომენტში, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის კუდ-ის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. 2023 წლის 27 ივლისს დაკავებული იქნა 8 პირი და სწორედ მათი ჩვენების საფუძველზე დააკავეს ინაიშვილი და გვიანიძე. ამ დრომდე ძებნაშია საქმის მთავარი ფიგურანტი და ბრალდებული კუდ-ის მაშინდელი უფროსი თემურ პატარიძე, რომელიც შავაძის მკვლელობის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. საქმეში დევს ფოტო და ვიდეო მტკიცებულება, სადაც კარგად ჩანს, მკვლელობის ადგილზე, სპეცრაზმის გაჩერებული კოლონა, თავში დგას კუდ-ის მაშინდელი უფროსის, თემურ პატარიძის ავტომობილი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დაბრუნებული სერჟანტის დაკავება და ლიკვიდაცია მაშინდელმა გამოძიებამ ასე ახსნა - თითქოს შავაძე ნარკოდამნაშავე იყო და ამ მიზნით დააკავეს. ბათუმიდან თბილისში ბადრაგირებისას კი, სპეცრაზმისთვის იარაღის წართმევა და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუხსნეს. ამ ვერსიას პროკურატურა ყალბს უწოდებს. ხელახალი გამოძიებით დადგინდა მკვლელობის რეალური მოტივი - თითქოსდა, როინ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, რაც ახალი გამოძიებით ასევე არ დასტურდება.
მთავარი საეჭვო გარემოება, რითაც ახალმა გამოძიებამ იხელმძღვანელა ის არის, რომ ნაომარ ქვეყანაში ბლოკირებული მაგისტრალის პირობებში, შავაძის თბილისში ეტაპირება შეუძლებელი იყო და ნაცემი სერჟანტი ქობულეთის მიმართულებით, წინასწარ განზრახული მკვლელობის მიზნით წაიყვანეს. ნაწამები სერჟანტი, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა, სპეცრაზმისგან გაქცევას ვერ შეძლებდა. ამ მკვლელობის ორგანიზატორი თემურ პატარიძე, რომელმაც ქვეყანა 2015 წელს დატოვა, დისტანციურად მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან დავალება მაშინდელი შს მინისტრისგან, ვანო მერაბიშვილისგან მიიღო. პატარიძეზე პროკურატურამ ძებნა უკვე გამოაცხადა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, თავს თურქეთს აფარებს.
გახმაურებული საქმის ადვოკატი რამინ პაპიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებულები არიან შემსრულებლები, თუმცა იმედს იტოვებს, რომ გამოძიება დამკვეთთან მალე მივა.
„ფაქტია, რომ ამ საქმეს ჰყავს დამკვეთი. ეს ორი ადამიანი არ იმალებოდა, საქართველოში იყვნენ, მაგრამ არ დაუკავებიათ იმ 8 ადამიანთან ერთად, რადგან საკმარისი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ არ იყო. დააკავეს ახლა, სპეცრაზმელების ჩვენებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, რაღაცა ეტაპზე შესაძლებელია, ყველაფერი გაირკვეს.
რაც შეეხება პატარიძეს, რომელიც ბარალდებულია ამ საქმეზე, ის არის ძებნილი. პატარიძე ამ საქმეში არის პაიკი, როგორ შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება ვინმეს მოკვლაზე. მონაა პატარიძე, შემსრულებელია. უთხრეს, რომ უნდა გაეკეთებინა და გააკეთა“, - აცხადებს პაპიძე.
ადვოკატი ფიქრობს, რომ დაკავებულები პატარიძემ დაარწმუნა თავის დროზე, თითქოს როინ შავაძე იყო მავნებელი და ქვეყნის დამაქცეველი, მაგრამ რაც არ უნდა ეთქვა პატარიძეს, ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმის წევრებს უკანონო ბრძანება არ უნდა შეესრულებინათ.
„თუკი ვინმეს რამე ბრალი აქვს, არსებობს კანონი. ბრძანება როინ შავაძის ლიკვიდაციაზე იყო ცენტრიდან. პატარიძე ჩვენებაში ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილმა მითხრა თბილისში ჩამოიყვანეო. ანუ, რატომ ახდენ შავაძის ბადრაგირებას თბილისში, როცა დროებითი მოთავსების იზოლატორი არის ბათუმშიც? ნარკოტიკული დანაშაულზე დაკავებულის კი არა, ნებისმიერი პირის იზოლაცია არის შესაძლებელი. მერაბიშვილი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მე არ დამივალებიო, მაგრამ როცა მოხდება პატარიძის დაკავება, ბევრი რამე გახდება ცნობილი. პატარიძეს, ადრე თუ გვიან, დააკავებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამინ პაპიძემ.
გამოძიება ამ დრომდე არ საუბრობს იმაზე, რა დავალება მიიღო პატარიძემ ვანო მერაბიშვილისგან. მოკლული სერჟანტის მეუღლე ციცინო შავაძე აცხადებს, რომ პატარიძეს ზარი ჰქონდა მერაბიშვილთან, რაც დამტკიცდა გამოძიებით. რაც შეეხება ორ დაკავებულს, ამბობს, რომ დაკავებულების გვარები ახლა გაიგო.
„რაც შეეხება დაკავებულ სპეცრაზმელებს, თავისით ვერ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, თუ არ ექნებოდათ ბრძანება. ქვედანაყოფი ასეთ ოპერაციას ვერ განახორციელებდა, თუ არ იქნებოდა დაკვეთა და არ იტყოდნენ, რომ შავაძე დასაჭერი და მოსაკლავიაო. ამიტომ, მინდა, რომ გამოიკვეთოს დამკვეთები. უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც დაუკვეთა, ვინც აწამა, ვინც კი მფარველობდა მათ. ეს საქმე ჩემი ცხოვრების წესად იქცა. 15 წელია ყოველ წუთას თავში ეს საქმი მიტრიალებს. ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში ვარ, ზოგჯერ ლაპარაკიც კი არ შემიძლია, ისეთ დღეში ვარ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ციცინო შავაძემ.
ჰოოდა ესენიც კაი გოთვერნები არიან