იქნება თუ არა „ოცნების“ მთავარი საარჩევნო სტრატეგია კორუფცია და რას მოიმოქმედებს ამ მიმართულებით ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე?
„ოცნება“ კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოალს იწყებს. არ არის გამორიცხული დაკავების სერია არჩევნების წინ ვიხილოთ. „ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებით კომპრომისები არ იქნება. ახლად დანიშნული პრემიერის და ვიცე-პრემიერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრია, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ხელისუფლების მხრიდან დიდი ძალისხმევა იქნება გაწეული, რაც გამოძახილია 30 დეკემბერს პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე: „ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“.
იმავე გამოძახილის გაგრძელებაა უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება:
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია. უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით განცხადება გააკეთა ასევე პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
„შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში, იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებად წარმოჩენით არ უნდა მოხდეს“, - თქვა მდინარაძემ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დაკავებები, მდინარაძემ განაცხადა, რომ დაკავება კორუფციის წინააღმდეგ ერთადერთი საპრევენციო იარაღი არ არის, ხოლო თუ ადამიანი დასაკავებელია, იმას დააკავებენ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება“, - ასე უპასუხა თავდაცვის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებს.
„ჩიქოვანი პირობას დებს, რომ ჯარისკაცების ხარჯზე არც ერთი კომპრომისი არ იქნება“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს არჩევნებამდე დარჩენილ 8 თვეში იმის შანსი, რომ კორუფციის თემასთან დაკავშირებით ოპოზიციას სალაპარაკო აღარ დაუტოვოს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს კორუფცის აღქმის ინდექსში შედარებით კარგ პოზიციაზე იმყოფება. თუმცა მისი გაუმჯობესების შანსები არსებობს.
„ბიძინა ივანიშვილს თავის ნიშანდობლიც გამოსვლაში 30 დეკემბერს შემთხვვეით არ უხსენებია კორუფციის რისკი. ის სიტყვებს ასე ჰაერზე არ ისვრის. შესაბამსიად, ვფიქრობ ხომ არ არის პირველი მერცხალი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ასეთი დემონსტრაციული გადადგომა. მის შთამბეჭდავ შემოსავლების დეკლარაციას გავეცანი, სადაც პრინციპში, მისი შემოსავლები და დანახარჯები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ასე რომ, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ რამდენიმე მაღალი თანამდებობის ან საშუალო რგოლის წარმომადგენლის მისამართით გაჩნდეს კითხევბი. შესაძლოა გამოძიებაც დაიწყოს“,-ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, გააჩნია ხელისუფლება ამ მიმართულებით რამდენად შორს წავა. შესაძლოა, ზოგს თანამდებობიდან მშვიდად წასვლა აკმარონ, ზოგის მიმართ კი გამოძიება დაიწყონ.
„გააჩნია ხელისფლებაში რაზე ჩამოყალიბდებიან, რამდენად რადიკალურები იქნებიან კორუფციაში ბრძოლაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს განაცხადი, თუ ის, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯებით იქნება გამყარებული, მოსახლეობაში მხოლოდ დადებითად აღიქმება. ხოლო ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გარკევულ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
რაც შეეხება ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის ბიოგრაფიას, რომელიც არ არის კორუფციასთან დაკავშირებული, მისცემს თუ არა მას ეს იმის საშუალებას, რომ ამ კუთხით უფრო თავისუფლად იმოქმედოს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი აქტივია.
„როდესაც კობახიძის მიმართ კორუფცისთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, ეს ფაქტია ხელისუფლებასაც და თავად პრემიერსაც ძალიან დიდ პოლიტიკურ დივიდენს მატებს, როცა შესაძლოა სხვა ჩინოვნიკების მისამართით ეს კითხვები არსებობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა წინასარჩევნო პერიოდში იმყოფება მმართველი გუნდი, მგონია, „ოცნება“ ასჯერ გაზომავს და ერთხელ გაჭრის. ვიდრე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ალბათ ბევრად ფრთხილი იქნება მანამდე. თუმცა ივანიშვილმა რა განცხადებაც გააკეთა, თავის დროზე, ახლა კობახიძის ნათქვამიც, ამ განცხადების ერთგვარი გამოძახილია. გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმული იქნება“, - ამბობს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რა თქმა უნდა, კორუფციის საკითხი ირაკლი კობახიძისთვის ახლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მით უმეტეს, როცა ამ მხრივ ის სრულიად სუფთაა და მისი სახელი არც ერთ კორუფციულ თემაში არ ყოფილა ნახსენები.
„ქვეყანაში კორუფციის მხრივ გარკვეული რისკები და პრობლემები რომ იყო, ბიძინა ივანიშვილმა მესამედ პოლიტიკაში შემობრუნება ამიტომაც გადაწყვიტა. გამოწვევა არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთი გვთხოვს, არამედ ეს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ ვიცით, რომ კორუფციის სტატისტიკის მხრივ არ გავქვს ძალიან სავალალო შედეგები. ოღონდ კორუფცია საზოგადოებისთვის ავადმყოფობაა. აუცილებელი არ არის, ის იყოს სასიკვდილო, რომ მისი მოშორება იყოს აუცილებელი. რა ზომისაც არ უნდა იყოს კორუფცია, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ მოვიშოროთ.
თუკი მას ფესვი აქვს გამდგარი, შესაძლოა, ამ ფესვმა სარეველას პრინციპით იხაროს და მოედოს ყველაფერს. თან თუ ასეთი პრეტენზიები ისეთ სამინისტროს მიმართ გაჩნდა, როგორიც თავდაცვის სამინისტროა. ომის პირობებში, როცა ჩვენს გარშემო ყველგან ომია და ჩვენც, ლამის, ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, თავდაცვის სამინისტროში კორუფცია ყველაზე საშიში მოვლენაა. იარაღით დაინტერესებული ბევრი ქვეყანაა და ამ დროს თუ სინდისზე ვინმემ ხელი აიღო, შესაძლოა, უფრო დიდი უბედურება დატრიალდეს, ვიდრე კორუფციის ფაქტია“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ეს კორუფციის თემა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორ შევა და წინასაარჩევნოდ მის გამოყენებას ხელისუფლება თუ ოპოზიცია როგორ შეძლებს. საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება დაიწყებს ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც კობახიძის ნათქვამში უკვე ჩანდა, მაშინ ოპოზიციას ეს თემა ხელიდან გამოეცლება.
„ახლა ასე დგას საკითხი - კორუფციის თემას, რომელსაც ოპოზიცია წინასაარჩვენოდ იყენებს, გაუწევს თუ არა ხელისფლება ანგარიშს. მე მგონია, მოახერხებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავის მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, კობახიძეზე კორუფციის ეჭვი არ გამოუთქვამს. ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ, თანაც ოჯახი ჰყავს ერთმანეთზე უფრო პატიოსანი და პრინციპული ადამიანები. ამ ფონზე გულხელდაკრეფილი რომ არ იქნება კობახიძე, ეჭვი არ მეპარება. თანაც ძალიან აქტიური ადამიანია. მოერევა თუ არა და აღმოფხვრის თუ არა მთლიანად, ეს კაცმა არ იცის. ავადმყოფობის ამბავი მე ამიტომ მოვიყვანე. მუდმივად ჯანმრთელი ვერავინ იქნება, მაგრამ საზოგადოების გამოჯამრთელებისთვის ღონისძება ყოველთვის უნდა ტარდებოდეს. ამ ბრძოლას, იმედია, ხელისუფლება თავს გაართმევს“, - ამბობს საყვარელიძე.