პრეზიდენტის ახალი დემარში - ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე კვლავ კონსტიტუციის დარღვევით მიდის

პრეზიდენტის ახალი დემარში - ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე კვლავ კონსტიტუციის დარღვევით მიდის

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი დემარში -  ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი, შესაძლოა, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდეს. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს. თუმცა ცნობილია, რომ პრემიერისგან ამისთვის ნებართვა არ უთხოვია, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

„პრეზიდენტი ჯერ არ წასულა მიუნხენში... პრეზიდენტმა მიიღო ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობას“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ახალი პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციას არ დაესწრება, საქართველოდან კიდევ ერთ დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. რატომ არ მიდის კობახიძე კონფერენციაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

ამ კონფერენციის ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე არ არის გამოქვეყნებული, თუ ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები და სპიკერები, შესაბამისად, ჯერ არ არის ცნობილი, გამოვა თუ არა სიტყვით სალომე ზურაბიშვილი. ცნობილია, რომ კონფერენციას 50-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, მათ შორის იქნება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. არის მოლოდინი, რომ ზურაბიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით ისარგებლოს დ კრიტიკული განცხადებები ბიძინა ივანიშვილის და ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის მისამართით გააჟღეროს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი „პრორუს ოლიგარქადაა“ მოხსენიებული, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კობახიძე კონფერენციას არ დაესწრება. ოპოზიციის ამ ვერსიას მთავრობის ადმინისტრაციაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს არ არის პრემიერის არგამგზავრების მიზეზი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მორიგი დემარში მოსალოდენლი იყო. აბაშიძის თქმით, ვიხილეთ ზურაბიშვილის ცინიკური პოლიტიკური გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან, ამიტომ სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ რომელიმე ვიზიტს კვლავ კონსტიუტიციის დარღვევისთვის გამოიყენებდა.

„უცხოეთიდან მოწვევა ერთია, ხოლო შიდა საკანონმდბელო საპროცედურო წესები სხვა არის საქართველოში, რასაც არ ემორჩილება საქართველოს პრეზიდენტი. მისი მხილება კი საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა. ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და ამის სამართლებრივი გაფორმებაც მოხდა. ამის შემდეგ კი, რაციონალიზმი, ადეკვატურობა და რეალობასთან სიახლოვე, აბსოლუტურად დაშორებულია სალომე ზურაბიშვილის საქმიანობასთან, ისევე, როგორც მისი ბოლოდროინდელი გაუგებრობა პრეზიდენტ ალიევის მილოცვასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს იქნება მიუნხენის კონფერენცია თუ ევროპაში გამგზავრება, ზურაბიშვილი კანონის და კონსტიტუციის იგნორირებით ამგვარ ვიზიტებს ისევ განახორციელებს“, - ამბობს აბაშიძე.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ თუ ზურაბიშვილს უნდა ე.წ. ერთობის მიზიდულობის ძალა იყოს, მაშინ ის ასეთი ქცევით პოლიტიკურ ქულებს ვერაფრით ჩაიწერს.

„რამდენი პოლიტიკური ლიდერიც არ უნდა მიიწვიოს ორბელიანების სასახლეში, საბოლოო ჯამში, საზოგადოების განწყობებზე და არჩევანზეა ყველაფერი დამოკიდებული, რასაც ის თავისი არაადეკვატურობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებს. შესაძლოა, გააკეთოს მავნებლური განცხადებები, საქართველოს ვითომ კორუმპირებოლობაზე და მავნებლობაზე. ამაში ახალი არაფერია. ის დაადგა ლომჯარიზაციის გზას, გაცილებით უხეში ფორმებით. იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს უმაღლესი თანამდებობა, გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოსთან დაპირისპირებას. ის „ოცნებას“ კი არ ებრძვის ამით, ის ებრძვის ქართველ ხალხს და ქვეყანას. თუ მას უნდა, რომ სამომავლოდ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს, ის ასეთი ქცევებით, აბსოლუტურად განულდება. ასეთი რამ მე მგონი მარტო საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ხდება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას პატივს არ სცემს“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიუნხენის კონფერენცია სხვადასხვა პანელური დისკუსიებისგან შედგება. ეს არ არის ერთიანი ყრილობა, სადაც დელეგატები იკრიბებიან და დიდი პარტიული შეკრების მსგავსი ღონისძიებაა.

„იქ რამდენიმე ფორმატის შეკრება იმართება. ამიტომ სადღაც, ვიღაცამ რაღაცა ჩაწერა, გასაკვირი არ იქნება. ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს იმ რეზოლუციას, რომელზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, როცა ტოტალური დეზინფორმაცა დაიწერა საქართველოს შესახებ. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ სადმე რომელიმე პანელურ დისკუსიაში ივანიშვილზე რაღაცას იტყვის და ეს ჩაიწერება. მეორე, რადიკალური ოპოზიცია რასაც ამბობს, ყოველთვის პირიქით არის ხოლმე. მათ სურს ქვეყანა ბნელ ფერებში წარმოადგინონ და ხელისუფლება კი „რუსულ ოცნებად“ შერაცხონ. მიიწვიეს თუ არა კობახიძე, დაველოდოთ ადმინისტრაციის განკარგულებას და ვნახოთ, რა იყო მისი არწასვლის რეალური მიზეზი“, - ამბობს აბაშიძე.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მას შემდეგ რაც, კონსტიტუციის დამრღვევად სცნეს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად წავა და რას იტყვის. გვენეტაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა აღარ აქვს აზრი, ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით „შეიტანენ“ თუ ქვეყნის გარეთ „გაიტანენ“

„ზურაბიშვილის არც ერთი ქმედება სამართალს არ ექვემდებარება. ამ ქალბატონმა იმდენი ქნა, რომ ამომრჩეველიც კი დაეფანტა, რომელიც „ოცნების“ წყალობით ჰყავდა. ამიტომ სჯობია ამ იაფფასიან ტრიუკებს რეაქციას თუ არ მივცემთ. მისი დრო რაც უფორ მოახლოვდება, ის მსგავს არაადეკვატურ ქცევებს, მით უფრო ხშირი სახე მიეცემა. ამ პოლიტიკური ტლინკების ყრა მხოლოდ მას მოხვდება და ამით საკუთარ თავს იზიანებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის კონფერენციის რომელიმე პანელში სიტყვითაც გამოვიდეს და ისაუბროს უარყოფით კონტექსტში, როგორც ბიძინა ივანიშვილზე, ასევე ახალ პრემიერზე ირაკლი კობახიძეზე. ამ ქალბატონს ყველაფრის კადრება შეუძლია თუკი საჭიროდ ასე ჩათვლის. ის საქართველოსთვის უკვე ზედმეტი მეჭეჭი გახდა. ქართული სახელმწიფოებრივობიდან გამომდინარე არ აზროვნებს, მისი მთავარი საზრუნავი ახლა დასავლელი პარტნიორები არიან. მთავარია მათ ასიამოვნოს და ის გააკეთოს, რაც მათ სურს. მეტი ინტერესი დღეს ზურაბიშვილს არ აქვს“,-ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტი არის დასავლეთის პოლიტიკური ჭური, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს. ამიტომ თუკი საჭირო იქნება, იმ კაცსაც გალანძღავს მთელი მსოფლიოს თვალწინ, რომლის დამსახურებითაც და ავტორიტეტითაც ამ პოსტზე იმყოფება.

„დასავლეთი დაქცეული ყოფილა, თუკი ზურაბიშვილზე უკეთეს ლიდერს ვერ ნახულობენ და ფსონს მასზე დებენ. ამ ხალხს ვინმემ მაინც გააგებნოს, რომ ეს ქალბატონი მოსახლეობაში არანაირი რეიტინგით არ სარგებლობს. ის არის ყველაზე გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელზე მეტი რეიტინგი, ლევან ხაბეიშვილს აქვს. ამიტომ ზურაბიშვილზე იმედების დამყარება, ძალიან დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა“, - აცხადებს გვენეტაძე.