საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ მენიუში კონკრეტული საკვების (კერძის) ფასი საბოლოო უნდა იყოს და კლინტისთივს წარდგენილი საბოლოო ანგარიშის დროს მას დღგ, მომსახურების პროცენტი და სხვა შეფარული გადასახადები არ უნდა ემატებოდეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
კონკურენციისა სააგენტოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს მომხმარებლებისთვის ამიერიდან ჯამური ფასის მითითების ვალდებულება ექნებათ. ამას აქამდე მხოლოდ რესტორნების ნაწილი აკეთებდა, უმეტეს შემთხვევაში კი, ფასის დადგენა რიგი ხარვეზით ხდებოდა, რაც დიდ გაუგებრობას იწვევდა. იმის გამო, რომ მენიუში არ იყო შეტანილი დღგ და მომსახურების საკომისიო, მომხმარებელი ხშირად ტყუვდებოდა ფასში, რაც მისი უფლებების უხეში დარღვევაა.
რესტორან „ნამდვილის“ დამფუძნებელი და „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ ფასის მითითების აღნიშნული ნორმა აქამდეც მოქმედებდა, თუმცა ბევრი არღვევდა კანონს, ამიერიდან კი ვალდებულების შესრულება ყველას თანაბრად მოუწევს. რეგულაციის შესრულება არანაირ დამატებით ხარჯს არ უკავშირდება და შესაბამისად, ის ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„როგორც წესი, შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებისას არ უნდა გადახვიდე, მაგრამ ვიღაც გადადის, აქაც დაახლოებით ეს მომენტია. რა გადაწყვეტილებაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მომსახურების ფასთან დაკავშირებით მიიღო, აქამდეც ნორმად მიიჩნეოდა, მაგრამ ბევრი ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. ლოგიკურია, რომ ფასი უნდა იყოს მითითებული და რაიმე „სიურპრიზს“ არ უნდა ჰქონდეს ადგილი კვების ობიექტის მხრიდან, ანუ ფასი არ უნდა იყოს დამალული.
როგორც აღვნიშნე, ყველა არ იცავდა ამ წესს და ახლა მოუწევთ, ხარვეზი გამოასწორონ. ეს არანაირ ზედმეტ ხარჯს არ უკავშირდება და არც ტარიფებზე მოახდენს გავლენას.
მომხმარებლის კუთხით იყო გარკვეული პრეტენზიები და სახელმწიფომ ეს დაადგინა წესად, სულ ეს არის. მეტი სიცხადისთვის, ზოგიერთ რესტორანს აქვს ფასი, რომელიც მისდის მომხმარებელს, რასაც ემატება ასევე ფასი, რომელშიც განსაზღვრულია მომსახურების 15% ან კიდევ დღგ, რაც შესაძლებელია, სტუმრისთვის არ ყოფილიყო ცნობილი. ეს ხარვეზი გამოსწორდა“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
მომხმარებლები გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო ხშირად ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში და ამას რესტორან „მაჭახელას“ დამფუძნებელი, ვანო სტურუა არ უარყოფს. იგი ახალ დადგენილებაში პრობლემას ვერ ხედავს ბიზნესისთვის.
„ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები, მეტწილად ტურისტები ფასის გამო გაურკვევლობაში ვარდებიან. ისინი მენიუში არ კითხულობენ ხოლმე ფასი დღგ-ს ან მომსახურების საკომისიოს მოიცავს თუ არა და ამის გამო, პრობლემებიც გვქონია. საბოლოო ჯამში, რესტორნებისთვის ახალი დადგენილება ცუდი არ იქნება. ბევრ რესტორანს მენიუში არც პროცენტი და არც მომსახურების საკომისიო არ შეჰყავს. ჩვენთან, მაგალითად, დღგ უკვე შესულია, მომსახურების საკომისიოც შევა და ამაზე არანაირი პრობლემა აღარ იქნება“, - აღნიშნა სტურუამ.
თუმცა არიან უკმაყოფილოებიც. რესტორნების „შავი ლომის“, „ნინიას ბაღის“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებით სექტორში არაფერი იცვლება, მეტიც, მისთვის გაუგებარია „რატომ დაიხარჯა საკანონმდებლო თავი“.
„იყოს წარმოდგენილი მენიუ სრული ღირებულებით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომუნიკაცია არავის ჰქონია ჩვენთან გადაწყვეტილების მიღებამდე, სხვასთან თუ ჰქონდათ, არ ვიცი. აქამდე ზოგს სრული ღირებულებით ჰქონდა მენიუ, ზოგს - არა. ჩვენ გამოტანილი გვქონდა გარეთ და ეწერა, რომ დღგ ამ ფასს არ მოიცავს და ემატება მომსახურების საფასური. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს არაფერს არ გვიცვლის.
ბევრად უფრო სიღრმისეული და აზრიანი ცვლილებები გვჭირდება საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც გამიზნულად თუ გაუმიზნავად არ აკეთებენ და ეს სისულელეა. გაუგებარია ჩემთვის ამ მხრივ რატომ დაიხარჯა საკანონმდებლო თავი. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს სფეროს და კარგი იქნებოდა, თუ ვინმე დაგველაპარაკებოდა. სფეროს სჭირდება ცვლილება, დახმარება და მოსმენა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გუბელაძემ.
აქამდე დღგ-ს პროდუქტის ფასში ასახვა რესტორნის არჩევანი იყო. რესტორატორი ქეთი ბაქრაძე ამბობს, რომ თუ ამას ობიექტი არ აკეთებდა, მენიუში პუნქტი მკაფიოდ იყო მითითებული, რომ ფასი არ მოიცავდა დამატებული ღირებულების გადასახადს.
„ეს დამოკიდებული იყო რესტორატორის პატრონის ნებაზე, როგორ ერჩივნა ფასის დაწერა მენიუში. პრაქტიკულად, არსად არ არის, რომ მომხმარებლის მოტყუება ხდება, რადგან ყველა მენიუში გარკვევით ინგლისურადაც და ქართულადაც მითითებულია, რომ ეს ფასები არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს, ან პირიქით ეს ფასები მოიცავს დღგ-ს“, - ამბობს რესტორატორი ქეთი ბაქრაძე.
იგი ვარაუდობს, რომ რომ პირველ ეტაპზე ისედაც გაზრდილი ფასებისა და შემცირებული მსყიდველუნარიანობის ფონზე, მენიუებში არსებული ფასების დაკორექტირება მომხმარებელს მაინც შეაშინებს.
„იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა თეთრს ვითვლით, კალკულაციაში ვუყურებთ. ასეა მომხმარებელიც, ვეღარ დადის იმ სიხშირით რესტორნებში როგორც დადიოდა, იმიტომ, რომ ხელფასი იგივე დარჩა და ფასები გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეაშინებს მომხმარებელს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ბაქრაძემ.
ინიციატივას გამოეხმაურნენ მთავრობაშიც. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი და საგადასახადო სამართლის ექსპერტი ზურაბ ძნელაშვილი იწონებს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით რომ უნდა მიუთითონ. მხოლოდ მენიუს ბოლოში მითითება, რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს, არასაკმარისია.
„კვების ობიექტების მიერ საქონლის/მომსახურების ფასის დღგ-ს გარეშე მითითება სააგენტოს მიერ არასწორად ჩაითვალა! ძალიან სწორი პოზიციაა, რაც გამომდინარეობს არა მხოლოდ მომხმარებლის დაცვის მიზნებიდან, არამედ ასევე საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
დღეს ასეთი მიდგომით (ვგულისხმობ, ფასების მითითებას დღგ-ს გარეშე) მუშაობს ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდული კვების ობიექტი (და ზოგიერთი სასტუმროც), რაც არასწორია.
იქნებ ამის შემდეგ მაინც დაესვას წერტილი ფასებით მანიპულირებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. მენიუს ბოლოში მითითება რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს, არასაკმარისია. დღგ-ის გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების ფასი მომხმარებლისთვის გაცხადებული უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლით. ყველა სხვა შემთხვევა არასწორია. აღნიშნული საკითხი დავსვი სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ბოლო კონფერენციაზე და მიხარია, რომ იგი გაზიარებულია. მადლობა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სწორი განმარტებისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის მრჩეველმა.