უკრაინაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ ზელენსკი ებრაელია, არახამია ქართველი, ზალუჟნი კი უკრაინელი - ომში მყოფ ქვეყანაში შიდა დაპირისპირების რისკები იზრდება

უკრაინაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ ზელენსკი ებრაელია, არახამია ქართველი, ზალუჟნი კი უკრაინელი - ომში მყოფ ქვეყანაში შიდა დაპირისპირების რისკები იზრდება

შესაძლოა, უკრაინა შიდა დაპირისპირების ახალ ეპიცენტრად იქცეს. ამ საფრთხეებზე დასავლელი ექსპერტები საუბრობენ და ამბობენ, რომ ე.წ. რკინის გენერლად შერაცხული ვალერი ზალუჟნის გადაყენებამ, შესაძლოა, უკრაინის მოსახლეობაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის და მისი გუნდის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდოს. როგორც დასავლური მედია წერს, არ არის გამორიცხული, დასავლეთმა ზალუჟნის პოპულარობა გამოიყენოს და მისით ზელენსკი ჩაანაცვლონ, მით უმეტეს შიდა წყაროებით ცნობილია, რომ ზალუჟნის დასავლეთში უფრო ენდობოდნენ და უადვილდებოდათ მასთან ურთიერთობა ვიდრე ზელენსკისთან.

დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ზალუჟნი ცოტა ხნით ჩუმად იქნება, არ იაქტიურებს, მაგრამ მასზე წნეხი გაიზრდება, რის გამოც, არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. მათი აზრით, უკვე არსებობენ უკრაინაში პოლიტიკოსები, რომლებიც ლამობენ, ერთგვარი ზალუჟნის ბანაკი შექმნან, მისი პოპულარობის პოლიტიკურ კაპიტალში გადახურდავება მოხდეს და ამით იხეირონ. საზოგადოების დაჟინება კი შესაძლოა გახდეს მიზეზი, რის გამოც ლიდერი და პატრიოტი ზალუჟნი იძულებული გახდეს უახლოეს 6 თვეში პოლიტიკაში გამოჩნდეს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობს, რომ ზალუჟნის გადაყენებას შიდა პოლიტიკის სუნი სდის. არ არსებობს რეალური, მყარი სამხედრო არგუმენტი, რომლის გამოც ზალუჟნი უნდა შეცვლილიყო. მათი აზრით, რისკი არსებობს, რომ უკრაინას ეს ფაქტი ძალიან ძვირად დაუჯდება.

კონფლიქტოლოგი მამუკა არშეიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, რას იზამს ვალერი ზალუჟნი, თუმცა ბევრი გარემოება არსებობს იმის, რომ ზალუჟნი პოლიტიკაში წავიდეს.

„ცვლილებების გამო ზელენსკსა და დასავლეთს შორის საკამოდ უსიამოვნო საუბრები წავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი იყო ზუსტად ამ თემაზე სასაუბროდ კიევში ჩასული. როგორც გაირკვა, იქ საკმაოდ უხეში საუბარი შედგა ზელენსკსა და ნულანდს შორის. ნულანდი წინააღმდეგი იყო და ის ახმოვანებდა თეთრი სახლის პოზიციას ამ ცვლილებასთან დაკავშირებით და ამას მოჰყვა შელაპარაკება. იმის პროგნოზირება - ამერიკა გამოიყენებს თუ არა ზალუჟნის, რთული სათქმელია, მაგრამ მას რამშტაინის ბაზის ხელმძღვანელობასთან და ნატოს სარდლობასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, ეს ფაქტია“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, დასავლელ პოლიტიკოსებს ახალი გენერლის და მთავარსარდლის სირსკის წარმოშობის ამბავი ძალიან აღიზიანებთ. სირსკი რუსეთიდან, ქალაქ ვლადიმერიდან არის. იქ არის დაბადებული, ხოლო მისი ძმა და მშობლები, დღემდე რუსეთში ცხოვრობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინული გვარი აქვს და არის პოლონური წარმოშობის, მაინც რუსეთში დაბადებულ ადამიანად ითვლება, რომელსაც სამხედრო განათლება იქ აქვს მიღებული. თუმცა სამხედრო ბიოგრაფია მას არა აქვს გაფუჭებული რუსეთთან ურთიერთობით. საბოლოო ჯამში, ზალუჟნი არ დარჩება და სახლში არ ჩაიკეტება, თუ მას დასავლეთი სამხედრო თვალსაზრისით არ გამოიყენებს, პოლიტიკურად გამოიყენებენ, ან პოლიტიკაში თავად წავა. ის უკრაინის საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - ამბობს არეშიძე.

რაც შეეხება უკრაინის მოსახლეობაში ზელენსკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ზრდას და ზალუჟნის პოპულარობას, არეშიძე მიიჩნევს, რომ ესეც სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული და არავინ იცის, ეს უკმაყოფილება უკრაინის საზოგადოებაში როგორ და რა ფორმით იფეთქებს.

„ზელენსკის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების ზრდა ძალიან სწრაფად ხდება. ეს უკმაყოფილება უკვე არსებობს, რადგან ის პოლიტიკური რეზულტატი, რომელსაც ზელენსკი აწარმოებს, არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. უკრაინის ჯარში დანაკარგი ძალიან დიდია. მოსკოვი ყველაფერთან ერთად აკეთებს იმას, რომ დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში დანაკარგები არ ჩანდეს და არ იყვიროს. ასევე, დიდი ქალაქებიდან ახალგაზრდების გაწვევას ერიდებიან, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინაზე.

უკრაინაში, კიევში დანაკარგი ძალიან სერიოზულად იგრძნობა. თანაც სირსკის მოსოვლის შემდეგ, კიევში ბლოკპოსტები დაიდგა, იჭერენ იმათ, ვისაც გაწვევის ასაკი აქვს. გამოკითხვაზე იბარებენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, ფრონტზე რატომ არ არიან. 10 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად წავიდა ქვეყნიდან. ახალგაზრდების დიდი ნაწილიც უკვე ომში წასვლაზე თავს იკავებს. საზოგადოებში ზელენსკის მიმართ უკმაყოფილობა სერიოზულ სახეს იღებს. ბოლო დროს რუსებმა უკრაინაში რიგ ქალაქებში, კივეში, ნიკოლაევში, ოდესაში იატაკქვეშა დაჯგუფებები შექმნეს. ეს ხალხი ზელენსკის და მისი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ღიად ავლენს“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, სოციალურ პლატფორმებზე, განსაკუთრებით „ტიკ-ტოკზე“ ეს ადამიანი ღიად წერენ ვიდეობეს, სადაც ზელენსკის პოლიტიკას აკტირიკებენ. არეშიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით საშიში ქალაქი ოდესაა.

„ხალხმა დაიწყო მსჯელობა იმაზე, ამ დახმარებით, რომელსაც დასავლეთიდან ვიღებთ, რატომ არ ავაწყვეთ სამხედრო მრეწველობა? რატომ ხდება ამ ფულის რაღაცა ნაწილის უსინდისოდ განკარგვა ან დაკარგვა? რატომ არის კორუფციის ამხელა მაჩვენებელი? მოკავშირეები მუდმივად საყვედურობენ უკვე უკრაინელებს იმ ჩინოვნკების შესახებ, რომლებმაც დახმარების ნაწილი თანხები ჩაიჯიბეს. მთელ ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთის და ამერიკის სპეცსამსახურები ამ ფულის კვალს დასდევენ. ზოგი დუბაიში და ზოგი სად არის გადარიცხული. ბრიტანულმა სპეცსსამსახურებმა ამ ფულის საპოვნელად მთელი სპეცოპერაციები ჩაატარეს. ყველაფერი ამის გამო, დიდია უკრაინულ საზოგადოებაში უკმაყოფილება. ახლა გაახსენდათ, რომ ზელენსკი და მისი მთავრობის ზოგიერთი ნაწილი არ არიან უკრაინელები - ზელენსკი რომ წარმოშობით ებარელია და დავით არახამია - ქართველი. ზალუჟნი კი უკრაინელია. ის არის უკრაინელი სამხედროების ოჯახიდან. ამიტომ ვნახოთ, არაფერია გამორიცხული“, - ამბობს არეშიძე.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ უკრაინელი ხალხის თვალში ვალერი ზალუჟნი გმირია. ამიტომაც ის ძალიან პოპულარული სწრაფად გახდა. ალადაშვილი ამბობს, რომ კიევის დაცვა და სამხრეთ უკრაინაში განხორციელებული კონტრშეტევა ზალუჟნის დამსახურებაა, ამიტომ მისი მოხსნა ხალხის თვალში უსამართლობასთან ასოცირდება.

„უკრაინის საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ეს სახელოვანი გენერალი დაჩაგრეს. ის იმიტომ მოიშორეს თავიდან, რადგან პოპულარული იყო და თავის საქმის კარგი მცოდნე. წავა თუ არა ის პოლიტიკაში, იმაზე იქნება დამოკიდებული, თავად უკრაინაში სიტუაცია ფრონტის ხაზზე და პოლიტიკაშიც როგორ წარიმართება. თუ ძალიან ცუდად წავიდა, მაშინ ზელენსკის ჩანაცვლება რაღაცა ფორმით მოხდება. არჩევნების ჩატარება ომში მყოფი უკრაინისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია, თუმცა შიდა ცვლილება ყველა ომს ახასიათებს. გვახსოვს, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის დროს რევოლუციები.

როცა ფრონტის ხაზზე წარუმატებლობაა, საზოგადოებაში ჩნდება მოთხოვნა, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ამ ეტაპზე უკრაინისთვის დამღუპველი იქნება, თუკი შიდა პოლიტიკა ადუღდა და ამან საბოლოოდ სიტუაციის აფეთქება გამოიწვიოს. ამ ეტაპზე, არც ამერიკამ და არც ევროპამ საჯაროდ არ თქვეს ზალუჟნის გადაყენებაზე არაფერი. პირიქით, განაცხადეს, რომ ეს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკური საქმეა და ვერ ჩაერევიან, მაგრამ შიდა საუბრებში, ალბათ, უფრო სხვაგვარი ტექსტებით ხდებოდა ზელენსკისთან ლაპარაკი. მთავარი ახლა ის არის, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზი დაასტაბილუროს და გაზაფხულამდე დიდი დანაკარგი არ ჰქონდეს. ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ფრონტის ხაზზე და მოვლენები როგორ განვითარდება“, - ამბობს ალადაშვილი.

ლაზი "ახლა გაახსენდათ, რომ ზელენსკი და მისი მთავრობის ზოგიერთი ნაწილი არ არიან უკრაინელები - ზელენსკი რომ წარმოშობით ებარელია და დავით არახამია - ქართველი"-ო. სხვები ხომ ორიგინალი უკრაინელები არიან. ისე თუ იქ ცხოვრობენ, ე. ი. უკრაინელები არიან. აი ეროვნება კი სხვა საქმეა.
ა(ო)ლექსანდრ სირსკი დაგავიწყდათ, რუსეთთან ომს რუსი გენერალი დაუყენეს მთავარსარდლად. თუმცა, თუ იქ ცხოვრობს, უკრაინელია.
9 თვის უკან