რამდენად უღირს პრეზიდენტს კასტილიანი კაცის პარტიასთან ალიანსი, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ნაცების სასარგებლოდ გააკეთა და „ამჟამად ფინალისკენ მიდის ამ ქალის შეზელა კოხტა კოდუას და კასტილიანი კაცის პარტიასთან“.
ექსპერტი ნინო ფოჩხუა იხსენებს, რომ თავის დროზე ზურაბიშვილი გაძევებული იყო ქვეყნიდან სააკაშვილის მიერ და ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა, როგორც ნაცებთან მებრძოლი, თუმცა ახლა ქვეყნის საწინააღმდეგოდ ისევ ნაცებთან, ანუ ქვეყნის მტრებთან ერთიანდება.
„ეს არის ღია ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ზურაბიშვილმა სახალხო პლატფორმა ქუჩაში გადაიტანოს. კობახიძის თქმით, პროცესების ქუჩაში გადანაცვლების რესურსი არ არსებობს, რადგან ხელისუფლება არავის მისცემს სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას.
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კონკრეტიკას ცდილობს და ასკვნის, რომ ნაცების პირველი და მესამე პრეზიდენტები, ანუ სააკაშვილი და ზურაბიშვილი ერთიანი ძალებით გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ კულუარული ბრძოლის რეჟიმიდან ღია ფრონტის ვა-ბანკ ფორმატში.
დავით ქართველიშვილი ეჭვობს, რომ, დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი შემოგზავნილი იყო განახლებულ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ 2004 წელს, როგორც პროექტი „მიშა-2“.
მისი აზრით, 2018 წლისთვის აგენტოკრატებისთვის შეიქმნა იდეალური ვითარება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძე გაიმარჯვებდა თუ ზურაბიშვილი, სიღრმისეულ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. 2020 წლისთვის კი დაიწყო აგენტოკრატების სავარაუდო ოპერაციის კულმინაციის მომზადება, როცა „ღრმა კონსერვაციიდან“ აგენტი ღიად გამოვიდა და ზურაბიშვილმა ერთი-მეორის მიყოლებით პატიმრობიდან გამოიყვანა „ნაცმოძრაობის“ ავანგარდი: ბატურინი, რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი, გვარამია.
არსებობს თუ არა ალიანსი ზურაბიშვილ-სააკაშვილს შორის და უცვლიან თუ არა ისინი მესიჯებს ერთმანეთს?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილსა და სააკაშვილს რა ალიანსები სჭირდებათ, როცა ისედაც ერთნი არიან - „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, მათ შეუძლიათ პირდაპირ თქვან, მაგრამ ქუჩაში კი არა, მთვარეზეც რომ გადაიტანონ პროცესები, მაინც არაფერი უშველის ამ ძალას.
„სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია და, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ის თაობა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია სააკაშვილის რეჟიმი, ამ ძალებს არ უწერიათ საქართველოში არანაირი მხარდაჭერა. მართლაც, „კასტილიანი კაცის“ პარტიასთან ალიანსი განა შეიძლება? პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი შვილების კარიერისა და თავისი ოჯახის პირადი კეთილდღეობის გამო, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა თავის პიროვნებას, თავისი ოჯახის წარსულს და ყველაფერს, რაც კი დადებითი შეიძლება ჰქონოდა ამ პიროვნებას. მახსენდება ირინა ენუქიძე, ზურაბიშვილმა მერკანტილური ინტერესები დააყენა წინ და მასაც გადაუსვა ხაზი“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პირიქით ხედავს მოვლენებს. მისი აზრით, სააკაშვილის მესიჯები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს და არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და პატიმრობაში აიყვანეს, იმ დღიდან მოყოლებული, მისი ნებისმიერი განცხადება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
„აცნობიერებს თუ არა სააკაშვილი, რომ მისი განცხადებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოა, ეს არ ვიცი, თუმცა ფაქტია, სააკაშვილის განცხადებები ოპოზიციის საწინააღმდეგოა. სააკაშვილს თუ მართლაც უნდა, ოპოზიციას დაეხმაროს, პირში წყალი უნდა ჩაიგუბოს და გაჩერდეს. ეს ყველაზე კარგი იქნება, თორემ მის ნებისმიერ განცხადებას ხელისუფლება ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს, ააგორებს პიარს და იტყვის, რადიკალურ ოპოზიციას ისევ რადიკალური გზა უნდა, ქუჩა უნდა. თუმცა ნაცებს ქუჩა არ გამოსდით. ჯერ ერთი, ქუჩაში გასასვლელად არავინ მზად არ არის, არც ოპოზიცია, არც საზოგადოება, ქვეყანაში არაფერი ისეთი ჯერ არ ხდება, რომ ქუჩა აზვირთდეს, ხელოვნურად ქუჩის აზვირთება კი გამორიცხულია. ამ 30 წლის მანძილზე ამაში ყველანი დავრწმუნდით. ყველა საპროტესტო გამოსვლას, რომელმაც სერიოზული სახე მიიღო, რაღაც საფუძველი ჰქონდა, არც ერთი მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია ჰაერზე არ დაწყებულა. ის, რომ რომელიღაც ლიდერს სურს ქუჩაში პროცესების გადატანა, არაფერს ნიშნავს, დღეს პროტესტის ქუჩაში გადატანის მზაობა არ არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.