კეზერაშვილი გვარამიასთან, ჯერ არშექმნილი პარტიიდან, მელიას „მოტეხვის“ გეგმაზე მუშაობს

კეზერაშვილი გვარამიასთან, ჯერ არშექმნილი პარტიიდან, მელიას „მოტეხვის“ გეგმაზე მუშაობს

პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციურ ფლანგზე საზოგადოება ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ახალ პარტიას ან პარტიებს ელის. ერთად თუ ცალ-ცალკე, ეს კვლავ უცნობია და სავარაუდოდ, მელიასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს. როგორც წყარო for.ge-ს უყვება, დავით კეზერაშვილი ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას სთავაზობს. თუმცა მას ამ ერთობაში ნიკა მელიას დანახვა არ სურს და დიდი ალბათობით, მას ისევ „მოტეხავენ“. მელიას თანამოზარეებში კი „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ჯგუფის ყოფილი წევრები ­ ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე მოიაზრებიან.

რა თქმა უნდა, საკამათოა, ეს ოპოზიციური ერთობა იქნება თუ „ნაცმოძრაობა-2“. არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილი დაინტერესებულია ალტერნატიული „ნაცმოძრაობის“ შექმნით. საარჩევნო ფულს, რა თქმა უნდა, კეზერა გაიღებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კეზერაშვილი დედაპარტიას - ენმ-ს ჩამოეხსნება, უბრალოდ, ორივე მათგანის გაკონტროლებას შეეცდება. ამიტომ არც ის არის გამორიცხული, რომ უკვე მეორედ „მოტეხილმა“ და გვერდით ჩაჩოჩებულმა მელიამ თავშესაფარი ბანკირების პარტიაში, „ლელოში“ რიგით წევრად ჰპოვოს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმას ამომრჩევლის მხარდაჭერა სჭირდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გამორიცხულია ნიკა გვარამიას ე.წ. ახალმა პარტიამ, „გირჩმა - მეტმა თავისუფლებამ“ , „დროამ“ და სხვამ „ოცნების“ ხმები წამოიღოს.

„ნიკა მელიას და მის გარშემო სხვა ნაციონალურ დაჯგუფებებს ვისი და რისი იმედი აქვთ, არ ვიცი, ან რისი იმედი აქვს დავით კეზერაშვილს, რომელიც ამ მკვდარ პოლიტოკოსებში ფულს აბანდებს. ჩვენი საზოგადოების მეხსიერება ჯერ კიდევ არ გასულა პოლიტიკური ალცჰაიმერის დონეზე. ძალიან კარგად ახსოვს ყველას, რაც დაკავშირებულია ნიკა გვარამიასთან და მის სიტუაციური მოკავშირეების სახელებთან. ამიტომ თუ ეს ადამიანები ცდილობენ მიშისტებზე, ნაცებზე ინადირონ, მე მინდა ამ ხალხის ლოგიკას ჩავწვდე, რატომ უნდა გაყონ ხმები, გვარამიას, ჯაფარიძეს თუ ხოშტარიას გამო? ეს ლოგიკა ჩემთვის ძალიან გაუგებარია. არ მგონია ამ პლატფორმაში კიდევ 10 სუბიექტი რომ დაამატონ, 5%-იანი ბარიერი გადალახონ“,-ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება თავად დავით კეზერაშვილის მიზნებს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ახალი პლატფორმის დამფინანსებელიც იქნება, ქართველიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანია საერთაშორისო არენაზე პოზიციონირებდეს, როგორც მედიამაგნატი, პოლიტიკური ნიშით დევნილი ადამიანი.

„ჩვენ გვახსოვს მცდელობა იყო, რომ ამ ეპიტეთებით არაერთი ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი სახელი გაჟღერებულიყო. თვე არ გადის, რომ ე.წ. ქოლცენტრების გარშემო ახალი ფიგურანტები არ დააკავონ. მის ფეხქვეშ იწვის დედამიწა და მას ჰგონია, რომ პირადი ანუ ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი შანსი ქართული პოლიტიკაა. რა ქნას კეზერაშვილმაც თუ ამ საარჩვენო მარათონზე დიდი არჩევანი არა აქვს. ის იძულებულია ეთამაშოს და აფინანსოს გაკოტრებული და გაკოტრებისკენ მიმავალი პოლიტიკური ძალები, რომელთა სახელები და გვარებიც ქართულ საზოგადოებაში იმდენად გაცვეთილია, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელიც აღარ არის - გაღიზიანებას საკუთარ ამომრჩეველშიც კი იწვევენ. რა ქნას კეზერაშვილმა, მას სურს პოლიტიკოსის და მედიამაგნატის იარლიყი შეინარჩუნოს, სანამ საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემა ამ უკანასკნელ სარჩულსაც არ ჩამოახევს“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე კი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ასეთი კურიოზული რებრენდიგი, რასაც ნიკა გვარამია აპირებს, არ გამოვა. ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიცის 90% თითქმის სრულად კომპრომეტირებულია.

„რა სახელიც არ უნდა მოიფიქრონ ამ ადამიანებმა, საზოგადოების თვალში იმდენად არიან განულებულები, რომ მათი ფასი არაფერია. ნიკა გვარამია, ადამიანი, რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო, პირდაპირ მითითებას იძლეოდა ვინ იყო მოღალატე, რომელი ბიზნესმენი იყო დასაჭერი, რომელი მედია გეგმავადა სახელმწიფო გადატრიალებას და ა.შ. ამას პირდაპირ მტკიცებით ფორმაში საუბრობდა. ამ ამბებამდე გვარამია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო და

არაერთი საშინელი კანონი აქვს მიღებული. ამის შემდეგ გვარამია ხდება იუსტიციის მინისტრი და ბაჩო ახალაიასთან ერთად ზუსტად გვარამიაა პასუხიმგებელი ასობით და ათასობით ადამიანის დასახიჩრებაში, წამებაში, ბუნტის ჩახშობაში და ათას სხვა უბედურებაში. ამის შემდეგ ის წავიდა განათლების სიტემაში და დიახ, როდესაც ვსაუბრობთ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს ახალგაზრდებს, იმ ექსპერიმენტების ბრალია, რომელსაც გვარამია და სხვა ნაციონალი მინისტრები ატარებდნენ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას გარემოცვა არის არა ახალგაზრდებით სავსე, არამედ ენჯეოშნიკებით გარშემოტყმული. ესენი არიან კონკრეტული დავალებების შემსრულებელი ახალგაზრდები, რომელთაც ავალებენ, რომ თუ საჭიროა, პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილიც კი ესროლონ.

„ესენი არიან ნაცპარტივის ახალგაზრდების ნაწილი. ახლა გვაქვს შანსი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქართული პოლიტიკური ველი ასეთი პარაზიტებისგან იქნას გაწმენდილი, როგორიც გვარამიაა. კაცი საკუთარი ნაძირლობების გადასაფარად კონკრეტულ გარემოცვას მიეტმასნა, რომელიც ცდილობს რებრენდიგს. ძალიან კარგად და ნათლად გამოჩნდება რისი მაქნისია არჩევნებზე გვარამია. ისინი ახლა არიან ზეწრის გადაწევის პირობებში. ბრძოლა მიდის, რომელი შეძლებს ზეწრის გადაწევას, ხაბეიშვილი, მელია თუ გვარამია და ეს ზეწარი შეიძლება გაიხეს. გვარამია ვერაფერს დაიჭერს, გარდა კომპრომიტირებული გარემოსი, რომლებიც ნაციონალების ხმების მითვისებას შეეცდებიან“, - ამბობს ქადაგიძე.