როგორც ყოველთვის, წინასაარჩევნოდ, აქტიურდება პენსიების გაზრდის დაპირება და ამ თემით, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც ძალიან სარგებლობს. საქმე ისაა, რომ პენსიონერები საქართველოში ყველაზე დიდი საარჩევნო ელექტორატია და მათი გულის მოგება ყველასთვის მნიშვნელოვანია.
თუმცა, ბოლო წლებში პენსიის გაზრდის დაპირებამ მანიპულაციური ხასიათი მიიღო. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, ხანდაზმულ ადამიანებს უკვე ოთხნიშნა პენსიას ჰპირდება. 1000-ლარიანი დაპირება მაცდურად კი გამოიყურება, მაგრამ საქართველოს პირობებში აბსოლუტურად არარელურს ჰგავს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ დაპირება წმინდა წყლის პოპულიზმი და რეალობას მოწყვეტილია. რა ვადებშიც „ლელო“ მოქალაქეებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდება, მათემატიკურ ლოგიკას მოკლებულია.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, პენსია ინდექსირებულია და მომავალ წლებში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ავტომატურად გაიზრდება.
„ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და, რა თქმა უნდა, პოპულიზმი აზიანებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს არის არარეალური დაპირება და რეალობას მოწყვეტილია. პენსიონერებს სახელმწიფოსგან არა მხოლოდ საპენსიო მხარდაჭერა, არამედ სხვა სოციალური ბენეფიტები აქვთ, დაწყებული სატრანსპორტო შეღავათებიდან, გაგრძელებული ჯანდაცვით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
იგივეს ამტკიცებს უმრევლესობის სხვა დეპუტატებიც. დეპუტატ გივი მიქანაძის შეფასებით, 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია და „ლელოს“ დაპირება ჩანასახშივე ტყუილია.
იმ რეალობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ 1000-ლარიანი პენსიის დანაპირები სიმართლესთან ახლოს იყოს.
„ბოლო პერიოდში ამაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. მათ ეცინებათ, ეღიმებათ კიდეც ამ განცხადებაზე იმიტომ, რომ ეს არის ჩანასახშივე ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე, ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ცალსახად განაცხადა, რომ პენსია მუდმივ რეჟიმში უნდა იზრდებოდეს და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალურად მხარში უნდა დაუდგეს. ეს პროცესი გაგრძელდება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროსაც“, - განაცხადა მიქანაძემ.
სულ სხვაგვარად ფიქრობენ ოპოზიციაში. „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამტკიცებს, რომ ამ იდეის განხორციელება რეალურია.
მისი ინფორმაციით, ხელისუფლებაში „ლელოს“ მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიას პირველივე თვეს 300 ლარით გაზრდიან.
„პენსია რამდენი უნდა იყოს ამ ქვეყანაში - ამის თქმა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ რამდენი შეუძლია „ლელოს“ პენსია შესთავაზოს მოქალაქეებს და ეს დაპირება იყოს რეალური თავისი ეკონომიკური დასაბუთებით, ეს არის 1000 ლარი. „ლელოს“ შეუძლია, რომ შეასრულოს ის პირობა, რომ ხანდაზმულ მოქალაქეს ჰქონდეს 1000-ლარიანი პენსია. ეს არის პირველივე 4-წლიანი ვადა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ 1000 ლარამდე აიყვანოს პენსია ხანდაზმულების, რომლებიც შიმშილობენ, მედიკამენტებზე არ ჰყოფნით პენსია, რომ გადახედოთ ბაზრობებს და იმ სივრცეებს, სადაც ყველაზე გაჭირვებულები მუშაობენ, არიან პენსიონერები. პირველივე 30 დღეში შეიძლება, რომ 200-დან 300 ლარამდე მატება მოხდეს“, - განაცხადა კუპრაძემ.
ამ თემასთან დაკავშირებით გამოხმაურება მოუწია ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას „ლელოს“ პოზიცია სხვა კუთხითაც შეაფასა და მას ყალბი უწოდა.
„სხვათა შორის, ერთ-ერთი პარტია – „ლელო“ დღესაც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რითაც საქართველო ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, მაგრამ გაანადგურებს საკუთარ ეკონომიკას. ეს არ არის მტრობა? იმავდროულად, გვპირდებიან 1000-ლარიან პენსიას ქართველი პენსიონერებისთვის, ანუ ეკონომიკა უნდა დაანგრიონ და პენსია უნდა გახადონ 1000 ლარი. აქედან ჩანს, ერთი, მტრული სულისკვეთება, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და, მეორე, ჩანს, რამდენად ყალბია მათი დაპირებები“, – განაცხადა კობახიძემ.
საყურადღებოა, რომ საქართველოში პენსიონერთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და გამონაკლისი არც შარშანდელი წელი ყოფილა. 2023 წლის მონაცემებით, პენსია საქართველოში 838 100 ადამიანი იღებდა, მაშინ, როდესაც 2022 წელს პენსიონერთა რაოდენობა 808 097 იყო, ხოლო 2021 წელს – 793 751. "საქსტატის" მონაცემებით, მთლიანი რაოდენობიდან 71.1% ქალია, 28.9% - კაცი.
პენსიის მიმღებთა 30.3 პროცენტი თბილისშია თავმოყრილი, 15.8 პროცენტი - იმერეთში, 10.5 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.7 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.