ევრაზიული კავშირი - სატყუარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის

ევრაზიული კავშირი - სატყუარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის

საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან ერთად  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც მიულოცა. სპეციალურ მიმართვაში ოფიციალურმა მოსკოვმა კიდევ ერთხელ გააჟღერა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სურვილი. პასუხად საქართველომ ქვეყნის დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა შესთავაზა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მეზობელ ქვეყანას ურთიერთობის აღდგენის სურვილი დაუდასტურა, თუმცა წინაპირობებზეც ისაუბრა.

„ძალიან მინდა ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოახერხოს. მართლაც ძალიან მინდა, რადგან ამის წინაპირობა ქვეყნის დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღებაა. თუკი ეს მოხდება, რასაკვირველია, საქართველო მზადაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს“, - განმარტა მაია ფანჯიკიძემ.

დეოკუპაციაზე ფიქრი, რომ ოცნებაა და არაღიარების პოლიტიკის გატარება მით უფრო, ეს თავად რუსეთმა კიდევ ერთხელ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

რამდენიმე დღის წინ ცხინვალში ჩასულმა პუტინის წარმომადგენელმა, ვლადისლავ სურკოვმა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფოების ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მოსკოვში ამ საკითხზე უკვე მსჯელობენ.

მსჯელობის ძირითადი თემა კი არაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ევრაზიულ  გაერთიანებაში მოხვედრაა. ორგანიზაციაში მათ შესვლას კი ყველაზე მეტად ყაზახეთი და ბელორუსია ეწინააღმდეგებიან. გაწევრიანების შემთხვევაში დე ფაქტო სახელმწიფოები, ფაქტობრივად, აღიარებას მოიპოვებენ.

სექტემბერში გაჟღერებულ ინიციატივას, რაც ე.წ. ასოცირებული ქვეყნების სტატუსით ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და დე ფაქტო რეგიონების კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობას გულისხმობს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საყურადღებო უწოდეს და პირობაც დადეს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

რუსეთის მთავრობის გარდა  საკითხზე ექსპერტებიც მსჯელობენ. ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ალექსანდრე კარავაევი რეგიონების გაწევრიანებისას არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ბარიერზე საუბრობს. პირველი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღაიარების საკითხია, მეორე კი ის სარგებელი, რომელიც მათ გაწევრიანების შემთხვევაში პარტნიორ ქვეყნებს უნდა მოუტანონ.

კარავაევი ამბობს, რომ ყაზახეთისა და საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ძალიან უშლის ხელს. კითხვაზე თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ორგანიზაციას წევრების შემომატებამ, კარაევი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისგან სარგებლის ნახვა მხოლოდ ინვესტიციების ჩადებით შეიძლება. დე ფაქტო სახელმწიფოებს საკუთარი ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ აქვთ და ფინანსების 90 პროცენტი სწორედ რუსეთის მთავრობიდან შედის.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საქართველოში არარეალურს უწოდებენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ეს საკითხი საქართველომ უნდა გადაწყვიტოს და რუსეთისა თუ სხვა გარეშე ძალების ჩარევას მიუღებლად მიიჩნევს.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება სურკოვს და რუსეთის წარმომადგენლებს არ ეხებათ. ეს რეგიონები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია.  ჩემი აზრით, საქართველოს მხრიდან უფრო კარგი შემოთავაზება აქვთ მათ. შემოთავაზება, რომელიც შეეხება ევროპულ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას, დემოკრატიულ განვითარებას, ნორმალურ მომავალს. სურკოვს თუ სხვა პირებს ნამდვილად არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ ჩვენი თანამემამულეების რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება.

რეალობა, მოცემულობა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ახლა იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ რა სურს რუსეთს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ადამიანების იდენტობის შენარჩუნებაზე და საქართველოს ლეგიტიმურ სივრცეში არა მხოლოდ მიწების, არამედ ხალხის რეინტეგრაციაზე“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე შეუძლებლად მიიჩნევს დე ფაქტო რეგიონების ევრაზიულ საბაჟო კავშირში რამე სტატუსით გაწევრიანებას და ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ფორმით მათთან თანამშრომლობა აღიარების ტოლფასი იქნება.

სერგი კაპანაძე: „ევრაზიულ კავშირში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად შესვლა, რა თქმა უნდა, ნიშნავს, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან აღიარებას. მათი გაწევრიანების სხვა ფორმა არ არსებობს, შესაბამისად, თუკი სხვა ქვეყნები დაეთანხმებიან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში შესვლას, ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას. ეჭვი მეპარება, რომ დსთ-ს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც მათ შორის ევრაზიული კავშირის წევრები არიან ამ ეტაპზე მათ გაწევრიანებას მხარი დაუჭირონ. იმიტომ, რომ მათ საერთაშორისო არენაზე გაუფუჭდებათ ურთიერთობები“.

იურისტი თემურ ბაქრაძე დე ფაქტო რეგიონების გაწევრიანების სამართლებრივ მხარეებზე საუბრობს. ბაქრაძე ამბობს, რომ თუკი რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ევრაზიულ კავშირში მაინც გააწევრიანებს, ეს მას საერთაშორისო ხმაურის ფონზე მოუწევს.

თემურ ბაქრაძე: “სამართლებრივად გამორიცხულია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაწევრიანება. თუკი პარალელს გავავლებთ და საერთაშორისო სამართალში სწორედ ანალოგიების მიხედვით ხდება ხელმძღვანელობა. იაპონელებმა შექმნეს მანჯაუგო. ეს მარიონეტული სახელმწიფო იაპონიას სჭირდებოდა იმისთვის რომ ჩინეთში შეეღწია. სწორედ ასე  შექმნა რუსეთმა ეს ორი დე ფაქტო სახელმწიფო საქართველოში შემოსაღწევად. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ არიან სახელმწიფოები და ვერც იქნებიან. გაეროში დაახლოებით 129 ქვეყნის თანხმობაა საჭირო იმისათვის, რომ სახელმწიფოდ იქნან აღაირებული, ასევე მნიშვნელოვანია რომ უშიშროების საბჭოს წევრი ყველა ქვეყანა იყოს თანახმა მათ აღიარებაზე. შესაბამისად, ისინი როგორც სახელმწიფოები ვერასდროს ვერ შევლენ ევრაზიულ კავშირში. თავად ამ კავშირში მყოფ ქვეყნებსაც კი არ უღიარებიათ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად და უახლოეს მომავალში მათი მხრიდან აღაიარება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ იდეის დონეზე გაჟღერებული დაპირებაა, რომელიც რუსეთმა მათი გულის მოსაგებად თქვა“.

ქართველი ექსპერტებისა და პოლიტილოგების აზრით, ევრაზიული კავშირი ნაკლებპრესპექტიული ჩანაფიქრია და მისი განვითარება, უფრო მეტიც ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციად ჩამოყალიბება არარეალურია.

ვლადიმერ პუტინის ძირითადი საგარეო პოლიტიკური ინიციატივა, რომელსაც 2015 წლისათვის ევრაზიულ საბაჟო კავშირად მოიაზრებენ, არც თუ ისე წარმატებით ხორციელდება. ყოფილ საბჭოთა კავშირად ხსენებული ევრაზიული კავშირიდან გამოსასვლელად უკვე შეიქმნა ყაზახეთში სამუშაო ჯგუფი.

ევრაზიული კავშირის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ ეტაპზე ფინანსების მოძიება სახელდება. წევრ ორგანიზაციებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, რომლის გამოც უახლოეს მომავალში შესაძლოა არა თუ ევრაზიული კავშირის, არამედ საკუთარი ქვეყნის მართვაც კი გაუჭირდეთ.