საქართველოს ტერმინალები იმპორტირებული ავტომობილებით გაივსო და მათი რეალიზაცია ჭირს. მიზეზი სხვადასხვაგვარია და მათ შორის ისიც, რომ იმპორტიორებმა ჭარბი ოდენობით მანქანები შემოიყვანეს, რადგან იანვრიდან იმპორტზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა. აკრძალვა არ ეხებათ იმ ავტომობილებს, რომლებიც გემზე 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა, თუმცა 1-ელ იანვრამდე ჩამოსვლა ვერ მოასწრო. გარდა ამისა, შეზღუდვა არ ეხებათ რეექსპორტზე გასაყვან ავტომობილებსაც.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციული დირექტორის ალექსანდრე ვეკუას შეფასებით, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების ბრუნვა, მთლიანი ბრუნვის 5-7%-ს შეადგენს, ამიტომ შეზღუდვით გამოწვეული გავლენა ბაზარზე არც თუ ისე შესამჩნევია.
„2013 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანების ბრუნვა, მთლიანი ბრუნვის 5-7%-ია, ეს არ არის დიდი რიცხვი. ამის გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანაში რეგულაცია არსებობს, რომლის მიხედვითაც, ძველ მანქანას ვერ შეიყვან. მაგალითად, აზერბაიჯანში“, - აღნიშნა ვეკუამ და დასძინა, რომ ზოგადად, 10 წელზე ძველი მანქანის განბაჟება იმდენად ძვირი ღირს, ადამიანები ისედაც თავს არიდებდნენ ამ თანხებთან შეჭიდებას.
„ზოგადად, ძალიან ძვირი ჯდება 10 წელზე ძველი მანქანის განბაჟება, ამიტომ ბევრი თავსაც არიდებდა ზოგიერთი ავტომობილის ჩამოყვანას. ამის მიუხედავად, გარკვეულწილად, შევიზღუდეთ უფრო ბიუჯეტურ ავტომობილებზე, რადგან თუ განბაჟება ჯდებოდა შედარებით მეტი, მანქანის ყიდვა ბევრად იაფი ჯდებოდა. საბოლოოდ, შეზღუდვას მაინც არ მოუხდენია გავლენა საავტომობილო ბაზარზე“, - აღნიშნა ალექსანდრე ვეკუა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე კი აღნიშნავს, რომ იმის მაგივრად, ხელისუფლებას 1-ელ დეკემბრამდე შეძენილ ავტომობილებზე დაეწესებინათ შეღავათები, მათ გადაწყვიტეს, განბაჟების საშუალება იმ მყიდველებისთვის მიეცათ, რომელთა მანქანებიც 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა გემებზე.
„ჩვენი ასოციაცია ითხოვდა, რომ ვისი მანქანაც შეძენილი იყო 1-ელ დეკემბრამდე, მათ შეხებოდათ შეღავათი, მაგრამ ეს არ დაგვიკმაყოფილეს. ამის მაგივრად, ვისი მანქანაც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა, მათ უკეთებენ შეღავათს. იყო კატეგორია, რომელმაც 2023 წლის აგვისტოში შეიძინა ავტომობილი, მაგრამ 2-3 დეკემბრამდე ვერ მოხერხდა მათი გემებზე განთავსება. ეს ადამიანები ჰაერში არიან, ვინაიდან ვერ მოახერხებენ ავტომობილის რეგისტრაციას“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
არსებობს სხვა პრობლემაც. რადგან იმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანის კუთხით დროში შეზღუდულნი იყვნენ, მათ წლის ბოლომდე ბევრი ავტომობილი შემიყვანეს ქვეყანაში, მათი შემდგომი რეალიზაციისთვის. ამიტომ ისედაც გაჯერებულ ბაზარს კიდევ დაემატა სარეალიზაციოდ გამზადებული სატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა დარბაისელის ინფორმაციით, ტერმინალებში ბევრი მანქანა დგას და მათი რეალიზაცია ძალიან ნელა, მცირე რაოდენობით ხდება.
„საქართველოში არსებულ ტერმინალებში ბევრი ავტომობილი დგას და ამის მიზეზი არის ის, რომ მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვში წყვეტა იყო. მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არსებობს ავტომობილების მიწოდება. შესაბამისად, ავტობაზრობაზე მანქანების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება. ბაზარზე იმხელა რეალიზაცია არ არის, რამდენიც უნდა იყოს აღნიშნულ დარგში.
ბიზნესს გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე დღეს გაყიდის შესაძლებლობაა. მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის კი დიდი ხანია რაც დაირღვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომობილები არ იყიდება. რეალიზაცია ხერხდება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბაზარზე მიწოდების მხრივ ხდება. ამ ორს შორის სხვაობა ძალიან დიდია.
შეიძლებოდა სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ჩართვა. კომპანიებმა გააკეთეს რეკლამა, მოიწვიეს ყაზახი პარტნიორები და ნელ-ნელა გააქტიურდა ეს დარგი, თუმცა ახლა, როგორც ვთქვი, ავტომობილები ძალიან დიდი რაოდენობით არის შემოსული ქვეყანაში, მოთხოვნაზე გაცილებით მეტი და ჭირს რეალიზაცია“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის მოცულობა, 2022 წელთან შედარებით, 77,8%-ით გაიზარდა. ამავე მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა, ყველა ტიპის ტრანსპორტით, ჯამში 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა.