უკრაინულმა ინტერნეტ-რესურსმა Deep State-მა გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ძნელად დასაჯერებელი, მაგრამ რეალური ფაქტია აღბეჭდილი - რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ელენოვკასა და ვოლნოვახას შორის, 30-იოდე კმ-ის მანძილზე, 2100-მდე სატვირთო სარკინიგზო ვაგონი ჩააყენეს!
ამ სიგრძის სარკინიგზო შემადგენლობა მსოფლიოში აქამდე არავის შეუდგენია, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია ორი ათასზე მეტი ვაგონის გადაადგილება (გინესის წიგნში შეტანილია 2001 წელს ავსტრალიაში 7 353 მ სიგრძის სარკინიგზო შემადგენლობის მოძრაობა, რომელიც 8 თბომავლისგან და 682 ვაგონისგან შედგებოდა). მაშ, რაში დასჭირდათ რუს ოკუპანტებს ასეთი წვალება ორი ათასი ვაგონის მოსაგროვებლად და „მეფე-მატარებლის“ შესაქმნელად?
საქმე ის არის, რომ ელენოვკა-ვოლნოვახას შემაერთებელი სარკინიგზო ხაზი ფრონტის ხაზიდან სულ რაღაც ათიოდე კმ-ში გადის და ამდენი სარკინიგზო ვაგონის ჩაყენებით, მათ ერთგვარი უწყვეტი თავდაცვის ზღუდე შექმნეს, რომლის გადალახვა არცთუ ადვილი იქნება...
საბჭოთა სტანდარტის ერთი ცარიელი სარკინიგზო ვაგონი, საშუალოდ (მოდიფიკაციიდან გამომდინარე), 27 ტონას იწონის და 60-70 ტონა ტვირთის წაღება შეუძლია.
2 100-მდე ერთმანეთს გადაბმული მარტო ცარიელი სარკინიგზო ვაგონების საერთო მასა 60 ათას ტონამდე აღწევს, ხოლო დატვირთულების კი - 200 ათას ტონას აჭარბებს, რაც წარმოუდგენელს ხდის ამ 30 კმ-იანი სარკინიგზო შემადგენლობის მცირეოდენით დაძვრასაც კი, თუკი ნაწილ-ნაწილ არ იქნა ჩახსნილი და გაყვანილი ეს ვაგონები.
მეორე გზა ამ სარკინიგზო თავდაცვითი ზღუდის გადასალახავად პირდაპირი საარტილერიო და სატანკო ცეცხლის გახსნაა, რომ როგორმე რკინიგზის ლიანდაგებიდან გადააგდონ რამდენიმე ვაგონი, გზის გასაჭრელად, ხოლო თუკი ეს არ „უშველის“, მაშინ ეს სატანკო ტარანით უნდა შესრულდეს...
დღეს უკრაინის არმია თავდაცვაშია გადასული და აღმოსავლეთით შესატევად არ სცალია, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა ამ სარკინიგზო თავდაცვითი ზღუდის აგება 2023 წლის ივნისში დაიწყეს, როდესაც უკრაინის არმია მთავარ კონტრშეტევაზე გადავიდა და მოსკოვში მართლაც შეეშინდათ, რომ ოკუპირებული დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით უკრაინელებს ფრონტის ხაზი არ გაერღვიათ...
და, მიუხედვად იმისა, რომ 30 კმ-იანი რუსული სარკინიგზო ეშელონი -თავდაცვის ზღუდე დღეს აღიქმება მსოფლიოს ომების ისტორიაში რაღაც დიდ სიახლედ, ამ ტიპის თავდაცვითი ზღუდე ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში ქართველებმა გავაკეთეთ, სოხუმის დასაცავად...
როგორც ამ მოქმედებების უშუალო მონაწილე, ვეცდები დაწვრილებით გავიხსენო:
1992 წლის 13 აგვისტოს პოლკოვნიკ კარლენ კალანდაძის მენაღმეთა ჯგუფი (რომელშიც ამ სტატიის ავტორიც შედიოდა, როგორც სამხედრო კორესპონდენტი), ცხინვალის სამშვიდობო ძალების დისლოკაციის ადგილიდან (ზემო ნიქოზი) ახალციხეში გაემგზავრა და რუსეთის მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზიის საწყობიდან სოფელ კლდეში 25 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი (ასევე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები და აბასთუმნის შესასვლელში განთავსებული სამხედრო საინჟინრო ტექნიკა) მიიღო.
ოქტომბრის დასაწყისში, გაგრის დაცემის შემდეგ, ამ ნაღმების ნაწილი სასწრაფოდ თვითმფრინავში ჩავტვირთეთ და სოხუმში გადავფრინდით, რადგან მოსალოდნელი გახდათ სოხუმზე ეშერის მხრიდან მოწინააღმდეგის შეტევები და საჭირო იყო ფრონტის ხაზის სასწრაფოდ დანაღმვა.
მაგრამ უპირველესი გახლდათ მდინარე გუმისთაზე გადმომავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ჩახერგვა საინჟინრო საშუალებებით, მით უმეტეს, რომ ჩვენს დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე „ჯავშანმატარებლის“ საშუალებით შეეცდებოდა გუმისთის სარკინიგზო ხიდზე შემოჭრას...
ჯავშანმატარებელი ხმამაღლა ნათქვამი გახლდათ, მაგრამ ქვიშის ტომრებით გამაგრებულ ღია სარკინიგზო პლატფორმებზე (რომლებსაც უკნიდან თბომავალი აწვებოდა) დაყენებულ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს შეიძლება მართლაც ზიანი მოეყენებინათ, ამიტომაც გადაწყდა გუმისთის სარკინიგზო ხიდის ჩახერგვა...
გარდა ამისა, საფრთხეს წარმოადგენდა მტრის ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გადმოსვლა ამ სარკინიგზო ხიდზე...
ეხლაც მახსოვს, სოხუმის სატვირთო სადგურში როგორ შევადგინეთ რამდენიმე სატვირთო და სამგზავრო ვაგონისგან სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც უკნიდან თბომავალი მიაწვა და გუმისთის ხიდზე შეაყენა...
ნახევარი საქმე გაკეთებული იყო, სარკინიგზო ხიდი ჩაიხერგა, მაგრამ არსებობდა იმის საშიშროება, რომ მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი შეეცდებოდა ამ ვაგონების რამენაირად გათრევას და გზის გათავისუფლებას...
ამის საწინააღმდეგოდ კი ჩვენმა მენაღმეებმა „ნაღმი-სიურპრიზებით“ დახუნძლეს ეს სამგზავრო ვაგონები და ხიდის სიახლოვეს პოზიცებზე მდგარი მებრძოლებიც მკაცრად გააფრთხილეს, რომ არავინ მიკარებოდა ვაგონებს...
და მართლაც, იმავე ღამეს აფხაზების სადაზვერვო ჯგუფი, თურმე, შეეცადა გაერკვია, რა სამგზავრო ვაგონები „შემოათრიეს“ ქართველებმა რკინიგზის ხიდზე და შედეგმაც არ დაიგვიანა - ჩვენი მენაღმეების მიერ ჩადებულ „ნაღმ-სიურპიზს“ ერთი მოწინააღმდეგე წამოედო და აფეთქდა...
ჩანაფიქრი გამოვიდა - მოწინააღმდეგე დაშინდა, მაგრამ ამას გაგრძელებაც მოჰყვა - ვაგონში აფეთქების შემდეგ იქ უკვე რამდენიმე ქართველი მებრძოლიც აძვრა, დაღუპული აფხაზის ავტომატის მოსაძებნად, მაგრამ ერთი მათგანი სხვა „ნაღმ-სიურპრიზზე“ აფეთქდა და ფეხი დაკარგა...
დანაღმულმა სარკინიგზო ეშელონმა კი თავისი საქმე ბოლომდე შეასრულა, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო „ჯავშანმატარებლით“ სოხუმში შემოჭრა...
P.S. ისე, ერთგვარად სიმბოლურია - როგორც კრემლის ეზოში დაყენებულ „მეფე-ზარბაზანს“ არ გაუსვრია და არც „მეფე-ზარს“ დაურეკავს, ისე, რუსეთის საოკუპაციო ძალების „მეფე-მატარებელიც“ გაუნძრევლად დგას...