უკრაინა აშშ-ის დახმარების მოლოდინშია, თუმცა სენატმა ორპარტიული სასაზღვრო შეთანხმება და საგარეო დახმარების პაკეტის მიღება დაბლოკა, რომელიც ასევე უკრაინის დახმარებასაც გულისხმობს. ამ პროცესს წინ უძღოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღოთ. ამის მიუხედავად, უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუკი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში მოლოდინი იმისა, რომ აშშ-ის სენატი საბოლოოდ ამ პაკეტს მიიღებს, არსებობს, რაც მათი ნაწილის შეფასებით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაზე პრინციპული უკრაინელების სულისკვეთებაა, რომლებიც მზად არიან იარაღის გარეშეც იბრძოლოდ რუსეთის წინააღმდეგ.
უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ამერიკელთა უმრავლესობა უკრაინას აგრესიის მსხვერპლად მიიჩნევს და მისთვის დახმარების აღმოჩენის მომხრეა.
„აშშ-ში სისტემები, დეპარტამენტები და სამსახურები მოქმედებენ, რომლებიც ბალანსს ინარჩუნებენ. არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის დროს რაიმე შეიცვლება, თუმცა მცირე რისკები არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვარწმუნებს არის ის, რომ ჩვენ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. უკრაინას მხარს რესპუბლიკელებიც უჭერენ და დემოკრატებიც. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთ ამომრჩევლებს უსმენენ“, - განაცხადა დავით არახამიამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელები გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მათ სენატში ორპარტიული სასაზღვრო შეთანხმება და საგარეო დახმარების პაკეტის წინსვლა დაბლოკა. მისი შეფასებით, დონალდ ტრამპი კანონმდებლებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუ ისინი პაკეტს მხარს დაუჭერდნენ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ალბათობა იმისა, ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საპატიმროში იჯდეს, მაღალია. მისივე თქმით, არა თუ ერთეული პოლიტიკოსები, არამედ სენატი და კონგრესი იღებს გადაწყვეტილებას.
„უკრაინელი ხალხი ნაჯახებით გააგრძელებენ ბრძოლას, ბოლოს და ბოლოს. ომი არა ამერიკელებზე, არამედ უკრაინელების ნებაზეა. ამასთან, ამერიკა არ არის პრეზიდენტის სახელმწიფო, იგი არის კონგრესის და სენატის. უფრო რეალური შესაძლოა ის აღმოჩნდეს, რომ ტრამპი ციხეში იჯდეს არჩევნების დღეს, ვიდრე პრეზიდენტის სავარძელში. პრეზიდენტობამდე ტრაპმა სხვა რაღაცები უნდა გაიაროს, პირველ რიგში, სასამართლო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ამერიკა უკრაინას დახმარებას არ შეუწყვეტს. მისი შეფასებით, უახლოეს მომავალში, უკრაინისთვის დახმარები გაწევის ფონზე, შესაძლოა, მისი კონტრშეტევა ვიხილოთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მარცხის შემთხვევაში, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
„დღეს არც რუსეთს და არც უკრაინას არ გააჩნიათ რესურსები, რომ ერთმანეთს შეუტიონ და მიაღწიონ წარმატებას, მაგრამ ორივეს აქვს რესურსი, თავი დაიცვან შემოტევისგან. ზალუჟნის და გენერალური შტაბის შეცვლა ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე მეტყველებს. ამას დაემატება ახალი იარაღი, რომელიც უკრაინაში შედის. შესაბამისად, უკრაინას სარაკეტო შეტევების მეტი რესურსი გააჩნია და გამორიცხული არ არის, რომ აპრილიდან ვიხილოთ მცდელობა შემდეგი კონტრშეტევისა, რომელიც კიდევ უფრო მეტად ეფექტური იქნება. თუ ეს კონტრშეტევა ჩაფლავდა, დასავლეთმა შესაძლოა, გადახედოს მის რეკომენდაციებს უკრაინის მიმართ და მოლაპარაკებებზე წავიდეს.
პუტინმა მის ინტერვიუში რამდენჯერმა ხაზი გაუსვა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის. პუტინი ფარისევლობს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთსაც უჭირდეს, რადგან გრძელვადიანი ეკონომიკური სანქციები მუშაობს. პუტინი ხვდება, რამდენად ინვალიდი სახელმწიფო ხდება რუსეთი 7-8 წელიწადში. თუ პუტინი სერიოზულად ფიქრობს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვებას, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მოუწევს რუსეთს დაინვალიდება“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი რაიმე დიდ ცვლილებას არ ელოდება და For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აშშ-ის ურთიერთობა უკრაინასთან იგივე დარჩება საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც.
„რაიმე რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. აშშ-ის დამოკიდებულება უკრაინისადმი არ არის პარტიული და მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების პრეფერენციების საკითხი. აქ ურთიერთობას განსაზღვრავს ობიექტური ინტერესები და განსაკუთრებული ცვლილება ამ საკითხებში არ მოხდება.
ვფიქრობ, რომ აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარებას მხარს დაუჭერს, თუმცა, ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.
ჩვენ უფრო ოპტიმისტები ვიყავით, ომის პირველ ეტაპზე. ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, მიუხედავად ამისა, ეს ცვლილება მაინც არ არის პრინციპული ხასიათის“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.